"გთავაზოთ, ყოველ 2 საათში, თქვენს წარმომადგენელთან ერთად გადაიღონ ვიდეო და შემოწმდეს ყველა კარავი" - კვირის პალიტრა

"გთავაზოთ, ყოველ 2 საათში, თქვენს წარმომადგენელთან ერთად გადაიღონ ვიდეო და შემოწმდეს ყველა კარავი"

ზაზა სარალიძე ითხოვს, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის სასახლის წინ გაშლილი კარვები ყოველ ორ საათში ერთხელ პოლიციამ შეამოწმოს. როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან და პოლიციის წარმომადგენლებთან საუბრისას განმარტა, შსს-ს მხრიდან კეთდება განცხადება, თითქოს კარვებში შესაძლოა რამე კანონსაწინააღმდეგო ნივთი შეიტანონ, სწორედ ამის პრევენციისთვის სარალძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, კარვები სისტემატურად შეამოწმონ.

სარალიძის თქმით, თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, გაჩნდება ეჭვი, რომ პოლიცია თავად აპირებს პროვოცირებას. „გუშინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაგვადანაშაულა, რომ კარვებში შესაძლოა რამე ნივთიერება იყოს აღმოჩენილი. ამიტომ გთავაზოთ, ყოველ 2 საათში, თქვენს წარმომადგენელთან ერთად გადაიღონ ვიდეო. ვიდეოს გადავიღებთ ჩვენც და შემოწმდეს ყველა კარავი.

თუ ამაზე უარს მეუბნებით, ესეიგი ჩავთვლი, რომ პოლიცია თვითონ აპირებს პროვოცირებას და რაღაცის ჩადებას კარვებში. თქვენ, პატრულის თანამშრომლები რომ არ დაუშვებთ ამას, ვიცი, მაგრამ აქ არის კრიმინალური პოლიცია, რომელიც ზეწოლაზე მოდის და ამის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ზუსტად კრიმინალური პოლიციისგან წამოსული პროვოკაციის გამო 4-დან 7-წლამდე პატიმრობა მემუქრება. ასე რომ, მე ამ ხალხს არ ვენდობი“, - განაცხადა ზაზა სარალძემ.

ზაზა სარალძეს ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსი გოგა მემანიშვილი გაესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ ამ ეტაპზე კარვების შემოწმების საჭიროება არ არსებობს. „აქციის ორგანიზატორი ითხოვს კარვების შემოწმებას, რომ რამე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ იყოს კარავში. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, რომ შევამოწმოთ კარავი. თუ იქნება ასეთი საჭიროება, აუცილებლად გავაფრთხილებთ და შევამოწმებთ“, - განაცხადა გოგა მემანიშვილმა.

იხილეთ ასევე: "დესტაბილიზაცია რომ მდომოდა, ჩემი შვილის მკვლელებს მის საფლავზე დავაკლავდი"