"ქართული ოცნების" ოფისთან პანკისელების აქცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ოფისთან პანკისელების აქცია მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისთან პანკისელების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, დაისაჯონ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირები, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი იოსებ გოგაშვილი, ასევე სუს-ის სხვა მაღალჩინოსნები.

აქციის მონაწილეები სიტყვით გამოსვლისას მიმართავენ „ქართული ოცნების“ წევრებს, ასევე პირადად იოსებ გოგაშვილს, „აგონ ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხი“. გოგაშვილის მისამართით აქციის მონაწილეების მხრიდან ისმის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა, ასევე პანკისის ხეობის სხვა მკვიდრებმა. დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემაც, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობს.

პარტიის ოფისთან მობილიზებულია სამართალდამცველები. მათ ოფისის შენობასთან უსაფრთხოების მიზნით გაკეთებული აქვთ ცოცხალი ჯაჭვი.

საპროტესტო აქცია ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.