"ქალს კაცისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ძლიერი ქალი კაცს აძლიერებს" - კვირის პალიტრა

"ქალს კაცისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ძლიერი ქალი კაცს აძლიერებს"

არქივი, ინტერვიუ გამოქვეყნებულია 2018-11-12

ცნობილი პოეტის ვახტანგ ჯავახაძის შვილიშვილი მარიშკა ჯავახაძე, რომელიც საზოგადოებამ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული როლით გაიცნო, მიიჩნევს, რომ ადამიანს ნებისმიერი წიგნის წაკითხვა რაღაც კარგს სძენს. მაგალითად, თუ ნაწარმოების შინაარსი არაფერს შეგმატებს, სამაგიეროდ - ლექსიკას გაგიმდიდრებს, ტვინს გაგივარჯიშებს, გაგართობს... მარიშკა პირად ბიბლიოთეკას, ძალიან უფრთხილდება და ნელ-ნელა ავსებს...

- წიგნი მთელი ჩემი ცხოვრების თანმდევი ნაწილია, რადგან ბაბუაჩემის ოჯახში ერთი ოთახიც კი არ გვქონდა ისეთი, რომელშიც წიგნის თარო არ იყო. შესაბამისად, მთელი ბავშვობა ვუყურებდი, თუ როგორ კითხულობდნენ ჩემი ოჯახის წევრები... ახლა არ არსებობს დღე, რომ 1 გვერდი მაინც არ წავიკითხო. წიგნის კითხვა ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა.

- ლიტერატურული ნაწარმოებების დამოუკიდებლად კითხვა რა ასაკში დაიწყე?

- პირველი წიგნი - ასტრიდ ლინდგრენის "ბიულერბიუელი ბავშვები" 6 წლისამ წავიკითხე.

- დამოუკიდებლად შეარჩიე?

- არა, დედამ შემირჩია. ალბათ, წიგნის კითხვა სიამოვნებისთვის 20 წლისამ დავიწყე, მანამდე მოვალეობასავით იყო და რასაც ვკითხულობდი, კარგად აღარ მახსოვდა. ამიტომ ის ნაწარმოებებიც თავიდან გადავიკითხე, რაც ადრე უკვე წაკითხული მქონდა.

- ამჟამად, რა წიგნს კითხულობ?

- ელიფ შაფაქის ახალ ნაწარმოებს - "რწყილების სასახლე". საერთოდ, თურქული ლიტერატურა მომწონს. ელიფ შაფაქი მიყვარს და მისი თითქმის ყველა წიგნი, რაც ქართულად არის ნათარგმნი ან ინგლისურ ენაზე აქვს დაწერილი, წაკითხული მაქვს. "რწყილების სასახლე" წასაკითხად ავტორის გამო შევარჩიე. ამ ნაწარმოების კითხვა ახალი დაწყებული მაქვს - ჯერ მესამე თავზე ვარ...

- ეს ავტორი რატომ გიზიდავს?

- ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს: თურქეთში დაიბადა. შემდეგ მშობლებმა შვეიცარიაში წაიყვანეს. მისმა რომანმა - "სტამბოლელი ნაბიჭვარი" თურქეთში ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. ერთი პერიოდი, ამ ნაწარმოების აკრძალვასაც კი ითხოვდნენ... შემდეგ ამ ავტორის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე და გავიგე, რომ ფამუქის "მოსწავლეა". ფამუქს ის ძალიან უყვარს და აფასებს. საინტერესო გოგოა, თან - ძალიან ახალგაზრდა და გამბედავი. სტერეოტიპებს ანგრევს. რა თქმა უნდა, თავის ქვეყანას აქებს, მაგრამ ასევე, მის სხვადასხვა ნაკლზეც წერს - სიმართლის თქმას არ ერიდება.

- "რწყილების სასახლემდე" რა წიგნიც წაიკითხე, ისიც ელიფ შაფაქის შემოქმედებიდან იყო?

- არა. წინა წიგნი რეზო თაბუკაშვილის "13 დღე" იყო, რომლის რედაქტორიც მამაჩემია (იღიმის). რეზოს მამის - ლაშა თაბუკაშვილის ნაწარმოებები ძალიან მიყვარს. გურამ დოჩანაშვილი ჩემი ფავორიტი მწერალია. ლაშას თანამედროვე, გაახალგაზრდავებულ გურამ დოჩანაშვილს ვადარებ. ლაშას გამო მაინტერესებდა, რეზიკო როგორ წერდა. თან, მოგეხსენებათ, რაღაც პერიოდი რეზიკო "გაქრა" და ეს წიგნი მისი ერთგვარი დაბრუნება იყო თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ძალიან მაინტერესებდა, როგორი დაბრუნება ექნებოდა. ნამდვილად, წარმატებული რომანია - კარგად იკითხება. "საზაფხულო რომანად" უფრო ჩავთვლი - ზაფხულში წასაკითხად ყველას ვურჩევ, "ლაითია". შეიძლება, ერთ დღეში წაიკითხო და ნამდვილად, ბევრს შეგმატებს.

- თანამედროვე ქართულ ლიტერატურას აქტიურად ეცნობი?

- ვცდილობ. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ მსოფლიო ლიტერატურის კითხვას უფრო მეტ დროს ვუთმობ. თუმცა, რა თქმა უნდა, ისეთ გარემოში გავიზარდე, რომ ძირითადად, თანამედროვე ქართველ მწერლებს პირადად ვიცნობ. შესაბამისად, მათ მიმართ სხვანაირი სენტიმენტები მაქვს და მათი ნაწარმოებების კითხვა სხვანაირად მსიამოვნებს...

- ალბათ, საყვარელ ავტორსაც შეხვედრიხარ პირადად...

- ჩემი საყვარელი ავტორი, ვისაც პირადად შევხვედრივარ, ჯერჯერობით, მხოლოდ გურამ დოჩანაშვილია. იმედია, მერე მსოფლიო ლიტერატურის მაგარ ავტორებსაც გავიცნობ... გურამის შვილი - ირაკლი მამაჩემის უახლოესი მეგობარი იყო. რაც თავი მახსოვს, გურამიც მახსოვს. ამიტომ, მასთან შეხვედრის დეტალებს ნამდვილად ვერ გავიხსენებ.

უბრალოდ, როდესაც ამ კაცს ვხვდები, ყოველთვის შინაგანი ღელვა და აღფრთოვანება მეუფლება. "სამოსელი პირველის" პირველი გამოცემა ავტორისეული წარწერით მაქვს. ცხადია, მაშინ დაბადებული არ ვიყავი და წარწერა მამაჩემის სახელზეა, მაგრამ ამ წიგნს ძალიან ვუფრთხილდები. კიდევ, სახლში გურამ დოჩანაშვილის ნაჩუქარი ჯვარი მაქვს, რომელსაც ასევე, ძალიან ვუფრთხილდები...

- საკუთარ თავს რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებ?

- თინეიჯერობის ასაკში რემარკის "სამი მეგობარი" წავიკითხე და ძალიან მომინდა, პატრიციას დავმსგავსებოდი. მერე გამიმართლა, რადგან რატი ამაღლობელის ტელეგადაცემაში - "წიგნები" (სადაც დოკუმენტური და მხატვრული ლიტერატურის ნაზავის ეკრანიზაცია ხდებოდა), პატრიციას როლი მერგო და ვითამაშე. მინდა, ისეთი სიყვარული შემეძლოს, როგორიც პატრიციას შეუძლია. სიყვარულისა და თავისი შეყვარებულის - რობის მიმართ მისი დამოკიდებულება ძალიან მომწონს...

- მარიშკა, ოდესმე დღიური გიწარმოებია?

- ბავშვობაში, თინეიჯერობის პერიოდში ვწერდი დღიურებს. ახლა რომ ვკითხულობ, მეცინება. წერის ნიჭი ნამდვილად არ მაქვს.

- როგორ ფიქრობ, შენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესო იქნებოდა?

- კი, მე მიმაჩნია, რომ წიგნის სიუჟეტისთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანის ცხოვრება საინტერესოა, თუ კარგი მწერალი დაწერს.

- შენთვის ყველაზე შთამბეჭდავი, რომელი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციაა?

- ჰარპერ ლის ნაწარმოების - "ნუ მოკლავ ჯაფარას" ეკრანიზაცია ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია. ფილმში ატიკუსის როლს გრეგორი პეკი თამაშობს. ასევე, ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მარგარეტ მიჩელის ნაწარმოების - "ქარწაღებულნი" ეკრანიზაციამ. კიდევ, თანამედროვე მწერლის - სტეფან ჩბოსკის ნაწარმოების - "მარტოხელების უპირატესობანი" ეკრანიზაციასაც აღვნიშნავ, რომლის რეჟისორიც თავად წიგნის ავტორი გახლავთ. პერსონაჟების როლების შემსრულებლები ძალიან სწორად შერჩეულები არიან. ფილმში ჩემი საყვარელი მსახიობი - ემა უოტსონი თამაშობს. ნაწარმოებში თინეიჯერების ცხოვრება საინტერესოდაა დანახული და ფილმს გასაგიჟებელი საუნდთრეკი აქვს!..

- ასაკისთვის შეუსაბამო ნაწარმოები თუ წაგიკითხავს?

- კი, 13 წლისამ დოსტოევსკის "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი" წავიკითხე. ნაწარმოებმა დამაინტერესა. უბრალოდ, დამავიწყდა - აღარ მახსოვდა... შემდეგ თავიდან გადავიკითხე. 13 წლის ასაკისთვის დოსტოევსკის ნაწარმოები ცოტათი "მძიმეა"...

- რომელი ავტორის წერის მანერა მოგწონს განსაკუთრებულად?

- რემარკისა და გურამ დოჩანაშვილის. წიგნში გარემოს აღწერის წაკითხვა ცოტათი დამღლელია ხოლმე, არა? გურამ დოჩანაშვილს უნიკალური თვისება აქვს, გარემო ისე აღგიწეროს, რომ შეიძლება, სუნი და გემოც კი იგრძნო. რემარკის წერის მანერა თითქოს მარტივია, მაგრამ ასევე - ძალიან ფასეული, რადგან თითოეულ სიტყვას დიდი სიღრმეები აქვს. მგონია, რომ ამ ავტორის უნიკალური თვისება ესაა - ძალიან მარტივს ისე გაწვდის, როგორც ძალიან ფასეულს.

- შენი სამაგიდო წიგნი რომელია?

- რონალდ რეიგანის "ამერიკული ცხოვრება" და ნენსი რეიგანის ავტობიოგრაფია. ასე თუ ისე, საქართველოში ყველანი პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულები ვართ. რეიგანის წიგნს ხშირად ვკითხულობ, რომ უბრალოდ, ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს შევადარო. ნენსის რაც შეეხება, მინდა, ისეთი ცოლი ვიყო, როგორიც ნენსი რეიგანი გახლდათ. მისი ავტობიოგრაფია რომ წაიკითხოთ, მიხვდებით, ქალს კაცისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს, ძლიერი ქალი კაცს აძლიერებს. ნენსი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, რეიგანი ისეთი პრეზიდენტი ვერ იქნებოდა, როგორიც იყო...

- საკუთარი თავი პირველი ლედის ამპლუაში წარმოგიდგენია?

- არა, არასდროს. ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, მგონია, რომ პრეზიდენტობა უფრო მომინდებოდა, ვიდრე პირველი ლედობა (იცინის).

- ქართველ კლასიკოს მწერლებზე რას გვეტყვი?

- რა თქმა უნდა, მიხეილ ჯავახიშვილი ჩემი საყვარელი კლასიკოსი მწერალია. "ჯაყოს ხიზნები" ძალიან მიყვარს - ალბათ იმიტომ, რომ ნაჩვენებია, როგორ შეიძლება, ცხოვრება უსამართლო იყოს და პატიოსანი კაცი, რომელსაც არასოდეს არაფერი დაუშავებია და მართლა ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს, როგორ ბეჩავდება...

- ჩვენს მკითხველებს რომელი ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვას ურჩევ?

- მოდი, ისეთ წიგნებს დავასახელებ, რომლებიც შეიძლება, წაკითხული არ ჰქონდეთ... ვურჩევ წაიკითხონ: ელიფ შაფაქის "ღირსება", ვახტანგ ჯავახაძის "უცნობი" და სალმან რუშდის ბოლო რომანი - "ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე".

შეიძინეთ წიგნები ონლაინ

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"