რატომ გაათავისუფლეს თბილისში 6 საბავშვო ბაღის დირექტორი? - რას ამბობს კახა კალაძე?
13-11-2018
რატომ გაათავისუფლეს თბილისში 6 საბავშვო ბაღის დირექტორი? - რას ამბობს კახა კალაძე?
თბილისის მასშტაბით, ბოლო 10 დღეში 6 ბაღის დირექტორი გაათავისუფლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გათავისუფლებულია 50-ე, 169-ე, 145-ე, 111-ე, 109-ე და 131-ე ბაღის დირექტორი.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მათი გათავისუფლება გამოვლენილი დარღვევების გამო მოხდა.

"მონიტორინგის შედეგად ბაღებში რამდენიმე სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა. კერძოდ, გამოვლენილია ფინანსური დარღვევები, თანხების არასწორი და არამიზნობრივი განკარგვა. დარღვევებია საქმისწარმოებასა და კვების რაციონში. მონიტორინგის შედეგად ბაღების ნაწილში გადამალული საკვები პროდუქტი აღმოაჩინეს", - აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტო
დოკუმენტაციის გადაგზავნას საგამოძიებო უწყებებში აპირებს.

თბილისის მერი კახა კალაძე ბაღების ნაწილის დირექტორთა გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა.

"რეალურად პრობლემა არ არის. სამწუხაროდ, ყველაფრის პოლიტიზირება ხდება ქვეყანაში. სააგენტო ყოველთვის ახორციელებს ბაღების შემოწმებას, ეს ახლა არ დაწყებულა და ამის ვალდებულება გვაქვს. ადრეც ვსაუბრობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ჩვენ არავის
ვაპატიებთ გადაცდომას, განსაკუთრებით იქ, სადაც საუბარია პატარებზე, ბავშვებზე. ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არ ეპატიება არავის", - აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს საპარლამენტო არჩევნებს, კალაძემ აღნიშნა: ეს არის ძალიან დიდი ტყუილი.

"შემოწმებები სისტემატურად მიმდინარეობს. სისტემაში დაახლოებით 24 ათასი ადამიანი მუშაობს და ჩემი დაპირება იყო მუნიციპალური სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობა. ჩვენ მთელი რიგი მიმართულებებით ჯერ ჯიდევ გვაქვს პრობლემები, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, მათი რაციონის ხარჯზე გადაცდომები კატეგორიულად მიუღებელია და ეს ღალატი არავის ეპატიება", - განაცხადა კალაძემ.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით