"ქერათმიან ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო… ეს ჩვენ ვიყავით - მე და ჩემი შვილი... ეს შოუ არ ყოფილა!" - კვირის პალიტრა

"ქერათმიან ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო… ეს ჩვენ ვიყავით - მე და ჩემი შვილი... ეს შოუ არ ყოფილა!"

როგორც უკვე საყოველთაოდ ცნობილია, "ალ ჯაზირას" მიერ მომზადებულ ფილმში, ფოტოგრაფმა და კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილე იური მეჩითოვმა საბჭოთა წარსულზე საუბრისას 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა: "9 აპრილის პროტესტის დროს შეკრებილები 13-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ ძირითადად. 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ მათთვის ეს ერთგვარი შოუ იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ. ეს შედეგი დანაშაულებრივი ქმედება იყო მათი მხრიდან, ვინც ამის ორგანიზება მოაწყო. ეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა იყო. არავის უნდოდა ვინმეს მოკვლა. ისინი დაიღუპნენ პანიკური გაქცევისას, 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები".

"kvirispalitra.ge" 1989 წლის 9 აპრილის დარბევისას მოკლული 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის დედას, ლალი ყანჩაველს დაუკავშირდა:

- 30 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან. ჩემი შვილი ახლაც ისე მტკივა, როგორც მაშინ მტკიოდა, როცა გავიგე რომ აღარ მყავდა… იმ ღამეს მეც გამინადგურდა ჯანმრთელობა, დამოუკიდებლად გარეთ ვერ გამოვდივარ. ტრამვირებული და გაუბედურებული ვარ. ეს მეჩითოვი, არ ვიცი, ვისკენ არის, საითკენ არის, სად არის? ჩამთავრდეს ერთი ეს არჩევნები და მერე ნამდვილად გაეცემა პასუხი მაგას ყველასგან. "რუსთავი 2"-მაც მიმიწვია გადაცემაში, ისეთი არეული დროა, ჩემს ინტერვიუს ვინ რაში გამოიყენებს, არ ვიცი, ამიტომ უარი ვთქვი. არ ვიცი, ოპოზიციას და გვარამიას რა უნდათ... მე იმდენად გამწარებული ვარ, სულ რუსეთის წინააღმდეგი ვიყავი და ამას ხმამაღლა გავყვიროდი, ახლა ვაშაძეს აშკარად რუსეთი უნდა, ამაში მაგათ თავს არ გამოვაყენებინებ…

ეკა ბეჟანიშვილი

- მეჩითოვი ამბობს, მე ნანახი მაქვს სამედიცინო დასკვნები და ასფიქსია უწერია იქ ყველასო. მესმის, რომ ძალიან მძიმეა, მაგრამ თუ გაიხსენებთ რა ეწერა ეკას დასკვნაში? - სახლი გავყიდე და ის საბუთები სადაა არც ვიცი. რა ეწერა იმ საბუთებში ისიც არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემი შვილის არც გასვენება მინახავს, არც 40 და არც არაფერი, რადგან საავადმყოფოში ვიყავი უგონოდ. იმ დღეს ეკამ მასწავლებლიდან მოსვლა რომ დააგვიანა, ძებნა მომიტინგეებთან დავიწყეთ მე და ჩემმა მეუღლემ. მივაგენით. შემდეგ კი, როცა დარბევა დაიწყო, ერთმანეთი დავკარგეთ...

მეჩითოვი ვისი კაციცაა გამოჩნდა. გული მაქვს გასკდომაზე.

- თქვენ როგორ თვლით, 9 აპრილს გარდაცვლილთა სიცოცხლე რას შეეწირა? - თავისუფლებას შეეწირა... ეს არ იყო შოუ, როგორც მეჩითოვი ამბობს. რა შოუ, რის შოუ?! ეს ადამიანები საბჭოთა რეჟიმმა დახოცა...

  • ეკა ბეჟანიშვილი კომაროვის სკოლის X კლასის მოსწავლე იყო. 1989 წლის 9 აპრილის ღამეს - რამდენიმე წლის წინანდელ ინტერვიუში - ქალბატონი ლალი  1989 წლის 9 აპრილს ასე იხსენებს: "ეკა ფიზიკაზე იყო წასული. 15 წუთი დააგვიანდა და მაშინვე გავედით სახლიდან. ზოგმა გვითხრა კომაროვის სკოლასთან არიანო, ზოგმა... 3 საათზე პარლამენტის წინ გავედი. რუსთაველზე მთავრობის სასახლესთან ვიპოვე. .. როცა დარბევა დაიწყო ერთმანეთი დავკარგეთ. ბუნდოვნად მახსოვს რომ ეკა ვიპოვნე და ხელი ჩავჭიდე. სიზმარივით.... პირველი მე წავქცეულვარ. ბეჭებში მქონდა დარტყმული. აღარც კბილი შემრჩენოდა. ნაძალადევიდან ყოფილა ერთი მილიციელი და იმას უთქვამს, ქერათმიან ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო… ეს ჩვენ ვიყავით - მე და ჩემი შვილი, მე მქონდა ქერად შეღებილი თმა, ის ხუჭუჭა გოგო კიდევ ჩემი ეკა იყო. იმ დღიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღმიდგა მეხსიერება".
იხილეთ ასევე: "დედას მოვკარი თვალი, მაგრამ არ მიმიშვეს... თავი ნიჩბით ჰქონდა გახეთქილი

ფოტო: ნინი რაზმაძის წყარო

(სპეციალურად საიტისთვის)