თანამედროვე ტარზანის ახალი ისტორია იწყება?! - კვირის პალიტრა

თანამედროვე ტარზანის ახალი ისტორია იწყება?!

ვისაც "ყველა სიახლესა" და "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილი სტატია - "ხეზე მცხოვრები" არ წაუკითხავს, შევახსენებთ "თანამედროვე ტარზანის" უჩვეულო ისტორიას. 21 წლის დათო ქორიძეს კუს ტბაზე, ხეზე დაუდვია ბინა და არხეინადაც ცხოვრობს. შეყვარებულიც ჰყოლია, მომავალიც ეიმედება და ამბობს: "ცხოვრებას ისე ვყავარ მიღებული, როგორც ძმა და მეგობარი. ასეა, თუ ცხოვრებას არ დაუმეგობრდი, თავს ვერ გაიტან".

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციაში ზარი გაისმა:

- ალო, "კვირის პალიტრაა"?

- კი, ბატონო.

- მერე, ჩასვით ის ბიჭი "მარშრუტკაში" და გამომიგზავნეთ, კიდეც ვიშვილებ და ცოლსაც შევრთავ!

- რომელი ბიჭი, ბატონო?!

- თქვენთან არ ეწერა? კუს ტბაზე, ხის ძირში ბიჭი ცხოვრობს, დათო ქორიძეო?!

- კი ეწერა. ვინ ბრძანდებით?

- თენგიზი ვარ, ბერბერაშვილი, თიანეთიდან, სოფელი ტუშურები!

რას ამბობთ, - გამიხარდა მე, სასწრაფოდ ტელეფონის ნომერი ჩავიწერე და მაშინვე გავთიშე - იმ წუთში კუს ტბაზე გაქცევა მინდოდა... არადა, ბატონი თენგიზი ალბათ, კიდევ გააგრძელებდა ლაპარაკს. მერე დავფიქრდი და ბატონ თენგიზს თავად დავურეკე.

- ბატონო თენგიზ, რამდენჯერმე დაგირეკეთ და ძლივს დაგიჭირეთ. ვიფიქრე, ალბათ გადაიფიქრა-მეთქი...

- ტელეფონთან კი არ ვარ დაყუდებული, სოფელია, სამუშაოა თავზე საყრელი. საბალახოზე ვიყავი.

- ნახირი გყავთ?

- სოფელში კაცს ძროხა, ცხვარი და ქათამი თუ არ ჰყავს, ის რა გლეხია... მაგის გარდა, ფუტკარიც მყავს, ჩემო ბატონო და, სახედარიც!

- გაგახაროთ ღმერთმა. მაგრად მდგარხართ ფეხზე, იმიტომაც ბედავთ ალბათ ის ბიჭი იშვილოთ.

- ეგრეა. თანაც ეგეც დაჩაგრულია, მეც დამჩაგრა ცხოვრებამ, შევცდი, ცოლს გავშორდი და მერე აღარ მოვიყვანე. ახლა ვნანობ, მაგრამ რაღა დროს! ორსართულიანი სახლი მიდგას, მარტო აივანია 21 მეტრი, ეზო - დიდებული, ყველა ჯიშის ხეხილი მაქვს, შარშან მარტო ხილით ოცი ქვაბი არაყი გამოვხადე. ერთნახადიც და ორნახადიც...

- მაშინ თქვენთან კარგი საქეიფო იქნება. ჩვენ არ დაგვპატიჟებთ?

- მობრძანდით რამდენი კაცითაც გინდათ. მით უფრო, რომ საქეიფო მიზეზი გვაქვს. ეგ ბიჭი თუ მოვა, ლუკმას არ დავამადლი. კი დაწერა, შეყვარებული მყავსო, თუ ჰყავს, მოიყვანოს, თუ არადა, ცოლს ტუშურებში შევრთავ. კარგი გოგოები არიან  ჩვენთან, პატიოსანი ოჯახის შვილები...

- სოფელიც ლამაზი გაქვთ...

- მაშ!.. ერთი პატარა მდინარე პირდაპირ სახლის წინ ჩამომიდის, თევზებით არის სავსე. მე რაღა თევზაობის დრო მაქვს, მაგან ითევზაოს, ტბასთან უცხოვრია და თევზაობა ეცოდინება. ეს თუ არ მოეწონება, მეორე მდინარეც ახლოსაა. წყალი ხო იცით, თუ მოცლილი ხარ და ნაპირზე ჩამოჯდები, დარდის დამვიწყებელია.

KvirisPalitra.Ge- ეგ კარგად თქვით, რა პროფესიისა ხართ?

- გლეხის პროფესიისა. ისე, ლვოვში ვსწავლობდი უნივერსიტეტში, იქიდან მოსკოვის უნივერსიტეტში გადავედი, სამი კურსის მერე - ყიზლარის საძოვრებზე. მოკლედ, დავანებე თავი. ფული ვის უნდა გამოეგზავნა, მამა არ მყავდა... ყიზლარში მატყლს ვიბარებდი და ვცხოვრობდი. არ მიჭირდა. პური არც ახლა მიჭირს. ცოტა სულში მაქვს გაჭირვება, - სახლის დალაგება და ჭურჭლის დარეცხვა ჩემი საქმე არ არის, ვიტანჯები კაცი. თანაც, ხმის გამცემიც არ მხვდება დაღლილს. ეგ გამომელაპარაკება მაინც. შემეწყობა, ხის ქვეშ ცხოვრობს და ჩემთან რამე გაუჭირდება?

- გული ამიჩუყდა, პატიოსანი კაცი ჩანხართ.

- მაგაზე ერთ რამეს გეტყვი. ცხვარში რომ ვმუშაობდი, გროზნოში სასტუმროში მოვხვდი და იქ, ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ ვიპოვე ათმანეთიანი. ავიღე ხელში და ხელიც დამწვა. ყვირილი დავიწყე, - ფული ვინ დაკარგა-მეთქი... ვიღაცა გამოხტა - მეო. ავდექი და მივეცი... მე სხვისი არაფერი მინდა. სიკეთე კი მინდა დამრჩეს...

- აუცილებლად ავალ კუს ტბაზე და ამბავს ავიტან. მაგრამ ეგ ისეა გზაარეული, ვერ გეტყვით, რას იზამს.

- თუ მოინდომა - მოინდომა, თუ არადა, გაუმარჯოს ღმერთმა...

...ბატონი თენგიზისა არ იყოს, მეც რას წავიღებ ამ ქვეყნიდან, სიკეთის გარდა და კუს ტბაზე გავვარდი დათო ქორიძის სანახავად. ხის ძირას ნამდვილად არ მიძებნია - კუს ტბაზე იმდენი ხეა, რას ვიპოვიდი. მაგრამ დათოს აქ ყველა იცნობს და მაშველებს ვთხოვე, - მომიძებნეთ, კარგი ამბავი მაქვს სათქმელი-მეთქი... ვაიმეო!

თავში ხელი შემოირტყეს, - ორი-სამი დღეა არ გამოჩენილა, ზოგჯერ იცის ასე, - გაქრება და ისევ გამოჩნდება, აგე, ლუკაც დურბინდით ეძებს, ეგებ თავი სადმე გამოყოსო, - ნავზე შემდგარ პატარა ბიჭზე მიმითითეს, - იდგა შიშველი, მზის ქვეშ და დურბინდით აქეთ-იქით იჭყიტებოდა.

- შეყვარებულის სანახავად წავიდოდა-მეთქი...

- ისე კი მეგობრობს ჩვენთან, მაგრამ მაგისთანა რამეებს არ გვეუბნება. მოიცადეთ, რა გაჩვენოთო და ცხრაჯერ გადაკეცილი, წყლისგან წაშლილი წერილი მომიტანეს, - აი, ეს დარჩაო...

- მისი დაწერილია?

- არ ვიცით, მაგრამ ისე გრძნობით  კითხულობს, დიდ არტისტსაც შეშურდება. სხვათა შორის, ნიჭიერია - აქ კაფეში ქალები სულ სთხოვენ, - რაღაცები გვიანგარიშეო და ზეპირად ანგარიშობს. თავის დროზე პატრონი რომ ჰყოლოდა, კაცი ვერ დაეწეოდა, ახლა მაგრადაა გაგარეულებული, ვერ გეტყვით, ერთ ადგილას თუ გაძლებს.

- ეგ თვითონ იცის - როცა გამოჩნდება, დამირეკეთ, - ძალიან ვთხოვე მაშველებს. მაგრამ თხოვნა რად უნდოდათ, "ჭკუაზე არ იყვნენ" სიხარულით, - აუცილებლადო! მე კი გაქექილი ფურცელი წამოვიღე და ვეღარ მოვითმინე, - სადღაც იქვე ჩავჯექი წასაკითხად. და, აი:

"მახსენდება, მოხუცი მეზობელი მყავდა, გადატყავებულ თბილისურ ეზოში ცხოვრობდა, დანაგვიანებულ, კიბეჩამონგრეულ ეზოში. საღამოობით მასთან მივდიოდი მექსიკური სერიალების საყურებლად. აი, ასეთი მძიმე ბავშვობა მქონდა...

წასვლა კი შენამდე ვისწავლე, ხმაამოუღებლად, ჩუმად წასვლა, ასე ვთქვათ, ფეხაკრეფით. ეს ჩემი პირველი წასვლა იყო, კარი ისე გავაღე, რომ არ გაგეღვიძა... არა იმისთვის, რომ მოგეძებნე, არამედ იმიტომ, რომ ახალი ისტორია დამეწყო. 9.07.2010 წელი".

...ვინ იცის!

P.S. სამწუხაროდ, დათოს მოძებნა ჯერჯერობით ვერ შევძელით. თუმცა, ვიმედოვნებთ, მაშველები ახარებენ ამ ამბავს და მის ცხოვრებაში მართლაც ახალი ისტორია დაიწყება.