"ახლა უიმედობა გაქრა, ვიბრძვი და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება!" - 22 წლის სალომეს 20-წლიანი ბრძოლა ტკივილთან - კვირის პალიტრა

"ახლა უიმედობა გაქრა, ვიბრძვი და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება!" - 22 წლის სალომეს 20-წლიანი ბრძოლა ტკივილთან

"რამდენჯერ სახლიდან გამოსული უკან შევბრუნებულვარ, ადვილი არ არის, როცა ყველა შენ გიყურებს..."

სალომეს თაობაზე მისმა მეგობრებმა რედაქციაში მოგვწერეს და ლამაზი 22 წლის გოგონას სიცოცხლისთვის ბრძოლაში დახმარება გვთხოვეს. ამბობენ, რომ ადამიანის ფიზიკური გამძლეობა, მისი სულიერ ძლიერებაზე ბევრად არის დამოკიდებული, მაგრამ სალომე ცაგარეიშვილმა მაინც გამაოცა, - საიდან ამხელა ძალა?! 22 წლის გოგო 20 წლის განმავლობაში გაუთავებელი ტკივილით იტანჯება და მაინც გაუთავებლად იღიმება. თანაც ისე, თითქოს მთელი სამყარო სიყვარულით და სიკეთით იყოს სავსე. არადა, მისთვის ასე ნამდვილად არ ყოფილა. სიკეთე როგორ არ არსებობს, - სხვანაირად მხოლოდ სალომე კი არა, ვერავინ გადავრჩებოდით, მაგრამ სალომესთვის ცხოვრება ადრეული ასაკიდან მძიმე გამოდგა -  2 წლის ასაკში გაკეთებული ოპერაციის დროს დაშვებული შეცდომის გამო დღემდე ტკივილებით იტანჯება. მაგრამ ერთიც არის, - ასეთ დროს, როცა გამორიცხული სულაც არ არის, ადამიანი გაბოროტდეს, ამ გოგომ სამყაროს სიყვარული გამოუცხადა და 6 სანტიმეტრით დამოკლებული ფეხით საქართველო შემოიარა.

სალომე ცაგარეიშვილი: - ჭიათურაში, სოფელ წირქვალში ვარ დაბადებული, უსაზღვროდ მიყვარს იქაურობა, მაგრამ იქ ჩემს თავს სულ იმას ვეკითხები, - ასეთ ლამაზ ქვეყანაში განა რას ვაშავებთ, რომ ჩემსავით ბევრი იწირება-მეთქი. მოკლედ, წლინახევრის ასაკში რამდენიმე კბილი ერთად ამომივიდა, რის გამოც მწვავე ინფექციური ანთება დამეწყო, რაც ძვლებზე ისე გადმოვიდა, რომ ექიმები აზრზე ვერ მოვიდნენ. მოგვიანებით ინფექციისაგან თეძოს ძვალის გარშემო ჩირქდენა დამეწყო და ოპერაცია გამიკეთეს. თუმცა განა ის შეისწავლეს ამ ჩირქის მიზეზი რა იყო, - ძვალი ზედაპირულად გამიწმინდეს და ინფექცია კი დატოვეს. ამან ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ძვლის დაშლა დაიწყო.

შეიძლება ვინმეს ეს ზღაპრად მოეჩვენოს, მაგრამ ჯოჯოხეთური ზღაპრებიც ხომ არსებობს. ამას ნამდვილად არ ვლაპარაკობ შურისძიების გამო, - რა სისულელეა, მაგრამ სიმართლე თუ არ ვთქვი, როგორ უნდა გავაგებინო ვინმეს, რაც მჭირს. სალომე ცაგარეიშვილი

მოკლედ, ჭრილობა არ შეხორცდა და რამდენიმე წლის განმავლობაში არც ჩირქდენა შეწყვეტილა. ძალიან პატარა ვიყავი და ამ ასაკის ამბები არც ახსოვთ დიდწილად ადამიანებს, მაგრამ ისეთი მძიმე იყო ეს ყველაფერი, კოშმარად დამამახსოვრდა... განვითარდა ოსტეომიელიტი - ძვლის ტვინის ანთება, რამაც ოსტეოლიზი - ძვლის დაშლა გამოიწვია.

ბოლოს დედას უთხრეს, რომ ავსტრიაში მიუსაფარ ბავშვებს აგზავნიდნენ და თუ ამ ბავშვების სიაში მოვხვდებოდი, იქნებ იქ ოპერაციაც გაეკეთებინათ და ეშველათ. მოკლედ როგორღაც ამ სიაში მოვხვდი და ავსტრიაში წავედი, სადაც ოპერაციაც გამიკეთეს. ამ დროს უკვე 5 წლის ვიყავი… ყველაფერი მახსოვს. ავსტრიაში თეძოს ძვალი ამომიღეს, ასევე გვითხრეს, ოპერაცია რომ არ გაკეთებულიყო, ფეხი არ განვითარდებოდაო. საბედნიეროდ, ფეხმა ამის შემდეგ ზრდა დაიწყო. მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი ტკივილის დასასრული, - შემდგომი მკურნალობა მჭირდებოდა და კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ ოპერაცია.

წლების განმავლობაში ამ მკურნალობამ იმდენი ფინანსები შეიწირა, ვალები დაგვედო და ჩემი მშობლები იძულებული გახდნენ, რომ უცხოეთში გადახვეწილიყვნენ. ვფიქრობდით, რომ ოპერაცია ისევ იქ გაგვეკეთებინა, მაგრამ არ გამოვიდა, - ძალიან დიდი ფული დასჭირდა, არადა, ძვლის დაშლა მიგრძელდება... სახსარიც დაზიანდა ამასობაში...  მეც უნდა გამეკეთებინა რაიმე. ამიტომ უნივერსიტეტში სწავლას თავი დავანებე და ტურისტულ ჯგუფში მუშაობა დავიწყე.

გული კი მტკივა, მაგრამ სამაგიეროდ, საოცარი მეგობრები შევიძინე, - ახლა ისინიც იბრძვიან ჩემი ოპერაციის ფულის შესაგროვებლად. სამწუხაროდ, ცოტ-ცოტა გროვდება. ვნახოთ, რა იქნება, ოღონდაც ახლა მეტი იმედი გამიჩნდა, - საქართველოში ოპერაციის გაკეთების შესაძლებლობაც გაჩნდა - უცხოელი ექიმები ჩამოდიან. მაგრამ ამ შემთხვევაშიც საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო...

-  ვიცი, რომ საკმაოდ ბევრს მოგზაურობ, ამდენს როგორ დადიხარ ასეთ მძიმე სიტუაციაში?

-  სიცოცხლის გამო. იძულებული ვარ, მთელი ძალა ერთი ფეხიდან მეორეზე გადავიტანო, ეს არ არის ადვილი. მაგრამ ასე რომ არ გამეკეთებინა, კუნთები მომიდუნდებოდა. აი, დეპრესიის დაძლევას ბევრად მეტი ძალა დასჭირდა, - რამდენჯერ სახლიდან გამოსული უკან შევბრუნებულვარ, ადვილი არ არის, როცა ყველა შენ გიყურებს...  ახლა უიმედობა გაქრა, ვიბრძვი და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება!

თუ გადაწყვეტთ დაეხმაროთ ამ ულამაზეს და საოცრად ძლიერ გოგოს, აქვე ვაქვეყნებთ საბანკო რეკვიზიტებს, სიკეთე გადამდებია, ჩვენ შეგვიძლია სალომეს ტკივილის შემსუბუქება, მისი მომავლის გადარჩენა.  სულ ოდნავაც თუ წავეშველებით, ის ძალიან ბევრს შეძლებს და მიაღწევს...

თიბისი ბანკი: GE80TB7534545061100072 პირადი ნომერი - 01031005234

საქართველო ბანკი: GE98BG0000000157758100

საკონტაქტო ტელეფონი: 592 05 65 96

(სპეციალურად საიტისთვის)