ენერგეტიკოსი მოსახლეობას წყლის გამაცხელებლების გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას აძლევს
16-11-2018
ენერგეტიკოსი მოსახლეობას წყლის გამაცხელებლების გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას აძლევს
ენერგეტიკოს გია არაბიძის რეკომენდაციით, განსაკუთრებით იმ სეზონზე, როდესაც გაზის გამათბობლები აქტიურად გამოიყენება, სახლში სპეციალური დეტექტორები უნდა განვათავსოთ, რაც ჰაერში CO2-ის კონცენტრაციას გაზომავს. ამის შესახებ გია არაბიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

ენერგეტიკოსი ზემო ფონიჭალაში გუშინ მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურა და მოსახლეობას რამდენიმე რჩევით მიმართა. მისი თქმით, აუცილებელია გამათბობლები გათბობის სეზონის დაწყებისას სპეციალისტის მიერ შემოწმდეს.

"თუნდაც გაზქურაზე ჩაიდნით რომ წყალი აადუღოთ, გამოაღეთ ფანჯარა, რომ ეს პროცესი განიავდეს. ასევე, შესაძლებელია, პრობლემა მოგვარდეს
დეტექტორებით, რომელიც, თუ სპეციალისტი სახლში შემოვა და ჩემს ხელსაწყოს ჩართავს, დეტექტორმა უნდა გასინჯოს, როგორია CO2-ის გამონაბოლქვი, არის თუ არა გაზის გაჟონვის პრობლემა და თუ ამას შენიშნავს, სპეციალისტმა მაშინვე უნდა დალუქოს ხელსაწყო და არ მისცემს მუშაობის უნარი.


მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლში აქვს და მეც მაქვს დეტექტორები,
რომლებიც CO2-საც ზომავს და გაზის გაჟონვის სიგნალსაც იძლევა. თუ ოპერატორები ამ ხელსაწყოთი იქნებიან აღჭურვილები, მოსახლეობას ძალიან დიდ პრობლემას მოვუხსნით. თვეში ერთხელ და განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც გათბობის სეზონი იწყება, აპარატურა უნდა შემოწმდეს, თუმცა ის წყლის გამაცხელებელი, რომლებიც ამ ბინაში იყო, ყველა სეზონზე იმუშავებდა, მაგრამ ამ სეზონზე უნდა გახსნას და შეამოწმოს", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ფონიჭალაში მომხდარ შემთხვევას, გია არაბიძის თქმით, ფონიჭალაში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გამაცხელებლიდან გამოჟონილი ბუნებრივი აირის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია.

ენეგეტიკოსს შეკითხვები აქვს ბუნებრივ აირში არსებულ ოდორანტთან დაკავშირებით. მისი თქმით, გაზში ოდორანტის შეშვება მიმდინარე სეზონზე ყოველ წელს ხდება, რათა მოქალაქეებმა მისი გაჟონვის შესახებ დროულად შეიტყონ, ხოლო ამ შემთხვევაში რა მოხდა, მისი თქმით, ესეც შესასწავლია.

ასევე, გია არაბიძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, აფეთქება ბუნებრივი აირის წვის პროცესის მოულოდნელმა შეწყვეტამ გამოიწვია, რასაც გამაცხელებლიდან გაზის გამოდინება და მისი ოთახში დაგროვება უძღოდა წინ.

"სავარაუდოდ, როდესაც გაზის მოხმარება შეწყდა, არ შეწყდა მისი გამოდინება და ამან გამოიწვია ეს შედეგები. ასევე ჩნდება შეკითხვა, თუ ამ შემთხვევამდე გაზის მოხმარება უსაფრთხოდ ხდებოდა და შემთხვევა მხოლოდ ახლა მოხდა, ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის ან მისი მოცულობის ზრდის შემთხვევაში, რატომ არ მოხდა შესაბამისი სამსახურებისგან ყურადღების გამახვილება და საჭიროების შემთხვევაში გადაკეტვა.

2015-2017 წლებში ჯამში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის თუ სხვა შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 630-დან 730-მდეა. ასეთი შემთხვევები ძირითადად, ნოემბერ-დეკემბერში ხდება. რაც გუშინ მოხდა, უმძიმესია. მე რომ იმ ბინის კადრები ვნახე, სადაც აფეთქება მოხდა, წყლის გამაცხელებელიც და მრიცხველიც სამზარეულოში იყო დამონტაჟებული. არც ერთი მათგანის აბაზანაში დამონტაჟება არ შეიძლება. ვერ გეტყვით, აბაზანაში გადიოდა თუ არა გაზის მიმწოდებელი მილი, მაგრამ ჩემი შეფასებით, ეს ყველაფერი სამზარეულოში მოხდა. გაზს ძალიან უცნაური თვისება აქვს: თუ დახურულ სივრცეში გაზის კონცენტრაცია 6-დან 17 პროცენტამდეა, ეს ძალიან საშიშია. ამ კონცენტრაციის დროს იწყება ხანძარი. თუ კონცენტრაცია 9%-ის ფარგლებშია, ეს უკე აფეთქებას იწყებს. ბინაში გაზის კონცენტრაცია რომ მაგალითად,5- 6 პროცენტი ყოფილიყო, გაჩნდებოდა ხანძარი, რისი ლოკალურად მოგვარებაც შესაძლებელი იქნებოდა. თუ ეს კონცენტრაცია ძალიან კრიტიკულ ნიშნულზე, მაგალითად, 9%-ზე მივიდა, ხდება აფეთქება, რაც გუშინ მოხდა. აქაც ორი მომენტია, ამ კონცენტრაციის დროს, გარე მოქმედი ფაქტორების შედეგად მაშინვე იწყება აფეთქების პროცესი, ეს არის ზარის დარეკვა, ხმაური და ა.შ. შეიძლება, კონცენტრაციის შედეგად თვითაფეთქებაც მოხდეს. არის მეორე ვარიანტი- ამ ბინებს, რომლებსაც "მოსკოვის პროექტს" ვეძახით, სამზარეულოს მოცულობა დაახლოებით 10-15 კვ.მ-ს ფარგლებშია. აქედან 9% რომ ვიანგარიშოთ, ოთახში დაახლოებით 1 კუბური მეტრი მოცულობის გაზი დაგროვდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა",- აღნიშნა მან.

იხილეთ ვიდეო

ევრიკა
16 ნოემბერი 2018 21:52
ვიღაცამ სპეციალურად გადაკეტა და შემდეგ გაუშვა, რათა რაღაცა გადაფარულიყო აფეთქებით, მაგრამ ბევრი მოუვიდა.
ლაზარე
16 ნოემბერი 2018 20:14
ასეთი რჩევები კარგია და საჭირო, მაგრამ ცოტა გასაგებად რომ ჩამოეყალიბებინა, აჯობებდა. უფრო კონკრეტული მითითებებია საჭირო.

რედაქტორის რჩევით