"სამწუხაროდ, დღეს არჩევანის გაკეთება უნიათოებსა და ჯალათებს შორის გვიწევს... მე უნიათოებს ვირჩევ" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, დღეს არჩევანის გაკეთება უნიათოებსა და ჯალათებს შორის გვიწევს... მე უნიათოებს ვირჩევ"

წარმატებული ქართველი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე თავისი პოზიციის გულახდილად გამოხატვას არასოდეს ერიდება... ამჯერად იგი გვესაუბრება თუ რატომ არ სურს "ნაციონალური მოძრაობა" კვლავაც ხელისუფლებაში იხილოს და რატომ აკრიტიკებს მწვავედ "ქართულ ოცნებას".

გოგი ჭიჭინაძე: - ყველაფერი რაც დღეს ხდება ახია "ქართულ ოცნებაზე"! 6 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი უხეში შეცდომა დაუშვეს! აბსოლუტური უნიათობა და უპრინციპობა სუფევდა! ის ბევრი კარგი რამ, რაც ამ 6 წლის განმავლობაში გაკეთდა, მოსახლეობამ საერთოდ არც იცის! მათი პიარსამსახურები, რომლებიც ვალდებული არიან მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ, განსაკუთრებით სამარცხვინოა და საერთოდ არც არსებობს! ძალიან გული უნდა შეგტკიოდეს და ძალიან უნდა დაინტერესდე, რომ გაიგო როგორმე, თუ რა გაკეთდა!

ოჯახებს, რომლებიც დაჩაგრული და გაუბედურებულები იყვნენ წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს, ამ 6 წლის განმავლობაში სამართალი არ აღუდგათ! აუარებელი ადამიანი, რომლებიც დამნაშავეები იყვნენ და ათასგვარ უკანონობას თუ დანაშაულს ჩადიოდნენ, დღეს "ქართულ ოცნებასთან" ჩახუტებულები არიან. ძალიან ბევრი ვიცი, ვინც გადასარევ თანამდებობაზე არის, დაჩაგრულ ხალხს კი უსამართლობისგან გული უსკდება! როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არანაირი სამართალი არ აღდგა ამათი უნიჭობის გამო!

ვერ ვიტყვი, რომ დაეძინათ, რადგან საკუთარი თავებისთვის ძალიანაც კარგად ღვიძავთ! თავს გადასარევად გრძნობენ!

- დიდი სახლები რომ აღმოაჩნდათ, ამას გულისხმობთ? - იმ სახლებზე ბევრი რამ ტყუილი იყო და ბევრი მართალი, მაგრამ მხოლოდ სახლებს არ ვგულისხმობ! აშკარაა, რომ ძალიან კარგად აიწყვეს საქმე! ძალიან უნიჭოდ მოიძულეს კარგი და ღირსეული ხალხი! ბევრი ამომრჩეველი და მხარდამჭერი დაკარგეს - გადასარევი პროფესიონალები! სახტად ვრჩებოდი, რომ ვხედავდი თუ ვის უშვებდნენ სამსახურებიდან და ვის ტოვებდნენ! ძალიან ბევრი უღირსი ადამიანია მიტმასნილი "ქართულ ოცნებას!"

რაც ყველაზე დიდი კატასტროფაა, "ქათულმა ოცნებამ" ახალგაზრდა ამომრჩეველი, სტუდენტობა დაკარგა... როცა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, ეს ბავშვები ძალიან პატარები იყვნენ და "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი და საშინელებები არ ახსოვთ! ახლა ვერაფერი სასიკეთო ამ 6 წლის განმავლობაში ვერ დაინახეს! მე თვითონ ვასწავლი და გადასარევად ვიცი, რა განწყობა სუფევს სტუდენტებში. უმეტესობას დღევანდელი ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა არ სურთ! ამათი არ სჯერათ, ძველი არ ახსოვთ!

იმ სიბინძურეს და საზიზღრობას, რასაც "რუსთავი 2" ჰქვია, ალტერნატივა ვერ მოუნახეს და ერთი კონკურენტუნარიანი ტელევიზია ვერ შექმნეს! ამ საცოდავებმა და უნიჭოებმა ამდენიც ვერ მოახერხეს!

- "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ რა სურათი წარმოგიდგენიათ ქვეყანაში?

- რაც "ქართული ოცნებაზე" ვთქვი, არანაირად არ უარყოფს და აბათილებს იმ კრიმინალს, საშინელებებს, სადიზმს, მკვლელობებს და ტოტალურ ცინიზმს ხალხის მიმართ, რომელიც იყო "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის რეჟიმის დროს! ეს იყო სრული კოშმარი, რომელმაც ათასი პროცენტით გადაფარა ის სასიკეთო რამეები, რაც მათ პირველ წლებში გააკეთეს! ქართველები არ ვართ დაუნახავი ხალხი და ყველამ ვიცით, რომ აშენდა - ბათუმი, სიღნაღი, სხვა ქალაქები... იყო ქვეყნის გამოცოცხლება, მსოფლიოსთვის საქართველო მიმზიდველი და საინტერესო გახდა, იუსტიციის სახლი, პატრული და სხვა მიღწევები... თუმცა როცა შენ ჯალათად და მკვლელად იქცევი, როცა სამართალი მხოლოდ შერჩევითია, მაშინ ყველა გაკეთებული საქმე, დაკარგულია! ახლა მითუმეტეს გამწარებულები არიან, მათი ხასიათი ყველამ კარგად ვიცით და მონაგონი იქნება ის კოშმარი, რაც მათი მმართველობის დროს იყო! მერწმუნეთ, ისინი კოჰაბიტაციას არ ისურვებენ! "ქართულ ოცნებას" ქვეყნის მტრებად და მოღალატეებად გამოაცხადებენ და ნახევარ საქართველოს ფიზიკურად ამოჟუჟავენ!

ამიტომ როცა დღეს მკვლელებს და უნიათოს შორის მიწევს არჩევანის გაკეთება, რა ვქნა, უნიათოს ვირჩევ! ვისაც გვჯერა ერთმანეთის და ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ვისაც ოდნავ მაინც სიკეთის და ადამიანობის სწამს, მათ მივმართავ: მონაგონი იქნება ის საშინელება, რაც გაიარა მთელმა საქართველომ! ქვეყანა საბოლოოდ დაიღუპება!

იხილეთ ასევე: "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება!"

(სპეციალურად საიტისთვის)