"დიაგნოზი - ქართველები" - კვირის პალიტრა

"დიაგნოზი - ქართველები"

იასამნისფერი ვირი, ჯიგარი ლალო და თბილისელობისათვის დაფენილი ფიანდაზები

თბილისური დილა სხვანაირად თენდება...

მეტეხის ხიდთან რიბირაბოზე გამოსული მეთევზეები ნადავლს ითვლიან. დიდი, ბდღვრიალა მთვარე დასალიერს მიემართება და თითქოს გეუბნება, - აჰა, ახალი დღეც დამილოციაო... მტკვარი კი თავისთვის დუდუნებს...

უყურებ ამ საოცრებას და ხვდები, რატომ უნდა მოუფრთხილდე იმ ფასეულობებს, თბილისმა რომ კვება საუკუნეების განმავლობაში. თბილი და უშუალო ურთიერთობები იყო სწორედ ის, რამაც ქალაქის განუმეორებელი სახე შექმნა.

ბუბა კიკაბიძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც თავისი შემოქმედებითა და განწყობებით, თბილი და უშუალო დამოკიდებულებით, თვალსაჩინო კვალი დააჩნია თბილისს.

"დუდუკის სინაღდეს სულ ვგრძნობდი"

ძველი თბილისი სხვანაირი ქალაქი იყო, მაგრამ აშუღური უფრო მეიდანს, სოლოლაკსა და ავლაბარს მოსდევდა. ვაკე განსაკუთრებული გარემო გახლდათ - ანეკდოტები ბევრი დადიოდა: ყვავი რომ გადაუფრენს თბილისს, "ყვა-ყვას" იძახის, ვაკის თავზე - "ყავა-ყავასო"...

ამას წინათ ჩემი უკრაინელი მეგობარი ბეთანიაში დავპატიჟე სასადილოდ. ქსოვრელებიც მივიწვიე. ჩემი მეგობარი მუსიკოსია და მათ დაკრულ-ნამღერზე ცრემლი მოსდიოდა... ქსოვრელების სინაღდეს სულ ვგრძნობდი.

ჩვენი ეზო ინტერნაციონალური იყო, 17 ერის შვილი ცხოვრობდა: რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ქართველი, ბოშა... ფრანგი ძია გრიშა უნივერსიტეტში ქართულ ენას ასწავლიდა.

ძველი თბილისელობა ჩემთვის იცით, რას ნიშნავს? გარემოს, სადაც კარი არ იკეტება. ასე იყო მთელ ქალაქში. გასაღებს ტოვებდნენ ფეხსაწმენდი ტილოს ქვეშ. შეხვიდოდი, გააღებდი, მარილი თუ გინდოდა, აიღებდი... ვინმე რომ გარდაიცვლებოდა, იმ დღეს ეზოში მუსიკას ვერ მოისმენდი. ათხოვებდნენ ერთმანეთს სკამებს, ტახტებს, მოსულ ხალხს ღირსეულად ხვდებოდნენ.

სიყვარულს ზვარაკად შეწირული ბაგრატიონები

დავიბადე სოლოლაკში, ყოფილი ძერჟინსკის ქუჩაზე. ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. ჩვენი ოთახი 14 კვადრატული მეტრი იყო, იატაკი ცემენტისა ჰქონდა. ძალიან გვიჭირდა, დედაჩემს იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ ხის იატაკი დაეგო.

მამაჩემი ჟურნალისტი იყო, უწესიერესი კაცი. ჯარში არ მიჰყავდათ, რადგან ცუდი მხედველობა ჰქონდა. თავისი ინიციატივით წავიდა ომში. დედაჩემისთვის უთქვამს, - მრცხვენია, აქ როგორ დავრჩეო. 42-ში მივიღეთ ცნობა, - დაიღუპაო. ჩემს საძმაკაცოში უმრავლესობას მამა არა ჰყავდა, ყველა ჯარში იყო, დედები 24 საათი წელებზე ფეხს იდგამდნენ.  ჩვენ სულ ქუჩაში ვიყავით, უბანში ვტრიალებდით.

მეხსიერებაში მწარედ აღმებეჭდა პაპაჩემის, კოტე ბაგრატიონის სიკვდილი. დეიდაჩემი თამარი, ულამაზესი ქალი, ცნობილი რეპრესირებული მწერლის, ნიკოლო მიწიშვილის მეუღლე, მაგადანში იყო გადასახლებული. პაპაჩემი ამბობდა, სანამ თამარი არ ჩამოვა, არაფერი მომივაო.  დეიდაჩემი დაკოჭლებული დაბრუნდა. მორებს აჭრევინებდნენ თურმე ბაგრატიონის ქალს და იქ დაიზიანა ფეხი.

გაიხარა პაპაჩემმა შვილის დაბრუნებით, ერთი ჭიქა ასწია, ადღეგრძელა, შევიდა ოთახში და აღარ გამოსულა. დილით ვნახეთ ძილში გარდაცვლილიყო. მისი ძმა, არჩილი, ამ დროს საავადმყოფოში იწვა. შეთანხმდნენ, ეს ამბავი  მისთვის არ გაეგებინებინათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა. მოვიდა ძმის დასატირებლად. დახედა - იქვე გაუსკდა გული... ორივე ძმა ერთ დღეს დავკრძალეთ...

KvirisPalitra.Ge"კაცი იყავ კაცური და..."

დაბლა, მეიდანში, ებრაელების უბანში, უამრავი მეგობარი მყავდა. ჩემი ბავშვობის ძმაკაცი ლალო ნამთალაშვილი იყო. მისი ოჯახი ერთ-ერთი პირველი წავიდა ისრაელში. არც იცოდა, სად იყო ისრაელი. წასვლის წინ მეუბნება, - რას მიშვრებიან ეს ურიები, სადღაც შორს მივყავარო...

1985 წელს ჩავედით ისრაელში "ორერა". ლალომ ხუთასი კაცი დაგვახვედრა. ყველაფერი გააკეთეს, კანონიც კი დაარღვიეს,  რომ ლამაზი შეხვედრა მოეწყოთ ჩვენთვის. საზღვარზე გადასულები არ ვიყავით, აქეთ შემოვიდნენ. თვითმფრინავის ტრაპთან გაშალეს ხალიჩა.

ჩვენ ვიყავით პირველი ჯგუფი, ვინც ოფიციალურად ჩავიდა საბჭოთა კავშირიდან. ვხედავთ, ხალიჩებია გაფენილი, ხალხს ყვავილები და ქაღალდები უჭირავს... ვიფიქრე, ალბათ ვინმე ცნობილი პოლიტიკოსი მგზავრობს ჩვენთან ერთად-მეთქი. ყველა გავატარეთ და ბოლოს გავედით თვითმფრინავიდან. აი, მაშინ ატყდა ყვირილი - ნანი, ბუბა...

ჩვენი აფიშები ეჭირათ. ლალოს მოუწყვია ეს ამბავი...

რამდენჯერმე ვარ ნამყოფი ისრაელში და ყოველთვის დიდი სიყვარულით მხვდებოდა ლალო. ბოლოს მძიმე ავადმყოფისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. ჩემი კონცერტის წინ გამოიპარა საავადმყოფოდან, დაესწრო კონცერტს და უკან დაბრუნდა. საწყალი, აღარაა ცოცხალი, ღმერთმა აცხონოს...

რატომ უნდა დავაფაროთ თბილისს დიდი კოლბი

ამას წინათ ჩეხი ცოლ-ქმარი მესტუმრა. ვატარე ქალაქში, თონეში შევიყვანე. ნახეს, როგორ ცხვებოდა პური, მათაც გამოაცხობინეს. მერე თონის დირექტორმა, - ბატონო ბუბა, ჩვენთან შემობრძანდითო. პატარა ოთახი ჰქონდა კაბინეტად. უცებ გაჩნდა ყველი, მწვანილი, ცხელი პური. გადაირივნენ ჩეხები...

მერე იქიდან ფეხით გავუყევით ძველ თბილისს... ჭრელ აბანოებამდე მივედით. იქ აზერბაიჯანელები დაგვხვდნენ. მანამ ჩვენ ვათვალიერებდით, ჟორა ძიამ მითხრა, - ახლავე მოვალთ, არ გაუშვა სტუმრებიო.

უცებ მეზობლები ჩამოვიდნენ, ვიღაცამ კატლეტები მოიტანა, ვიღაცამ - მჟავე პომიდორი, აუზთან უცებ გაიშალა პურმარილი. სტუმრები გაოგნებულნი დარჩნენ... რომ მიდიოდა, მითხრა, - ვინა ხართ, ჩემთვის მართლაც გამოცანად დარჩებითო... ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია-მეთქი. ჩეხმა თქვა, - მდიდარი კაცი ვარ, მაგრამ ასეთი მიღება არ შემიძლია, ახლა მივხვდი, რამდენი რამე დამკლებია ცხოვრებაშიო...

ერთმა გერმანელმა, მეტეხიდან რომ გადმოვახედეთ, გვითხრა, - ერთი დიდი კოლბი უნდა იშოვოთ, თბილისს დააფაროთ, რომ ვინმემ თავისი ჭუჭყიანი ხელი არ შეახოსო.

მშენებლობები რომ დაიწყო, მეშინოდა, რაიმე არ გაფუჭებულიყო. ერთხანს იყო ამის ტენდენცია, მაგრამ მერე მიხვდნენ და გაასწორეს ბევრი რამ... აბანოთუბანში საფუძვლიანი რეკონსტრუქცია მიდის, დიდი საქმე კეთდება, ამას ოქროს ფასი აქვს.

"ორერას" ტრიუმფი მეტეხზე

მეტეხზე "ორერას" კონცერტების გამართვის იდეა ზურიკო იაშვილს დაებადა. ძალიან მოგვეწონა, რადგანაც იმ უბანს არანაირი დეკორაცია არ სჭირდებოდა. ღამე, შუქი რომ აინთებოდა, მომაჯადოებელი სანახაობა იშლებოდა. არაფერი განსაკუთრებულის გაკეთება არ იყო საჭირო იმისათვის, რომ მშვენიერ ატმოსფეროში გაგვემართა კონცერტი.  მერე რომ გავზომეთ იქაურობა, აღმოჩნდა, რომ ათასზე მეტი სკამის დადგმა შეიძლებოდა.

ამას მოჰყვა იდეა, რომ ნანი ფაეტონით შემოსულიყო სცენაზე. ვმსჯელობდით, ვინ როგორი ფორმით უნდა წარმდგარიყო მაყურებლის წინაშე... მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი, ხელით მატარებდნენ. შესაძლოა ამას ხალხი ვერ ამჩნევდა, მაგრამ თავს საშინლად ვგრძნობდი. სცენარის მიხედვით კიბით უნდა ავსულიყავი და ჩამოვსულიყავი, არადა დარღვეული მქონდა ორიენტაცია - სიმსივნე მქონდა. ბოლო კონცერტის შემდეგ ჩავწექი და კარგა ხანს ვეღარ ავდექი.

უდიდესი სიამოვნება მიიღო ხალხმა, ნამდვილი შოუ გამოვიდა. მახსოვს, ერთი სიმღერისას ვიღაცამ დაიყვირა, - ბუბაჯან, მაგრად მიყვარხარო და პირდაპირ მტკვარში გადახტა. მერე ამოვიდა მტკვრიდან და  კონცერტზე სველი დაჯდა...

თუ გინახავს თეთრი იასამანი?

ძალიან მიყვარს პატარა კინო, ორჯერ მაქვს გადაღებული მსგავსი ფორმატის ფილმები. ახლახან დავამთავრე კინოსცენარი, ხუთი ნოველისგან შედგება. სხვათა შორის, რუსეთის დაკვეთა გახლდათ, ნიკიტა მიხალკოვს უნდოდა მისი წაღება, მაგრამ ვუთხარი, ქართველის გარდა სხვა ერს ეს ნოველები არავის მოერგება-მეთქი. შეიძლება ამ ფილმის უცხოელისთვის ჩუქება, რომ გაიგოს, რა არის საქართველო.

დიდხანს ვფიქრობდი, რა დამერქმია ფილმისთვის, მერე მივაგენი ოპტიმალურ ვარიანტს "დიაგნოზი - ქართველები". იქ ისეთი ამბები ხდება, რაც ზოგადად არ ხდება, მაგრამ თუ მოხდება, ყველას გაუკვირდება ქართველის გარდა, რადგან ჩვენ ასეთნი ვართ.  სხვადასხვა თემაა - ძმაკაცობა, მეზობლობა, მეგობრობა, სიყვარული. ეს არის იმ ფასეულობებზე, რაც შერჩენილი გვაქვს და გვინდა, რომ დაგვრჩეს.

ფინალში სხვადასხვა ამბავი გაერთიანდება. ბოლო ნოველა ომზეა და თემატურად ტრაგედიაა. ნოველის დასასრულს დავინახავთ სოფლის სახლში, ტახტზე სძინავს შუახნის კაცს. უცებ ვიღაც უბრახუნებს ფანჯარაზე. ადგება. რა ამბავიაო, - იკითხავს. თედო ვაარ, ბიჭო, თედოო. მერე ამ შუაღამისას რა გინდაო... ბიჭოო, გიგამ იასამნისფერი ვირი რომ იყიდა, ნახეო? რა იასამნისფერი ვირიო, - თვალებს ქაჩავს თედო. წამო, განახო, გაგიჟდებიო...

გადმოძვრება ფანჯრიდან მიხო, ღობეზე აძვრება და ხედავს, თეთრი ვირი დადის ეზოში... ეს ხომ თეთრია და მაგის გულისთვის ამომაგდებინე გულიო? აბა, სად არის იასამნისფერიო?..  რას ამბობ, ჯო, თეთრი იასამანი არ გინახავსო? - ეუბნება თედო.

თედო პოეტია, ჯიგარია, სხვანაირად უყურებს ცხოვრებას. ქართველები პოეტური ბუნების ხალხი ვართ, რასაც, სამწუხაროდ, თანდათანობით ვკარგავთ...

P.S. კიდევ ერთხელ ფიქრებში დაიხლართა თბილისური სამყარო... მინდა ჩვენი ქალაქის ზნეობრივი კონსტიტუცია, საუკუნეების წინ რომ ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მისხლითაც არავის უკადრებია შესწორება, ახალგაზრდობამ მარადიულ ფასეულობად აღიაროს. მაშინ კი, მგონი, მართლაც მშვენიერი იქნება ცხოვრება...

მამუკა ნაცვალაძე