"მიპასუხოს ბატონმა ვაშაძემ, მისი ოჯახის წევრს რომ დაემართოს მისივე სიტყვებით ნათქვამი, "მე-4 სტადიის მომაკვდინებელი" დაავადება, უმკურნალებს მას?"
17-11-2018
"მიპასუხოს ბატონმა ვაშაძემ, მისი ოჯახის წევრს რომ დაემართოს მისივე სიტყვებით ნათქვამი, "მე-4 სტადიის მომაკვდინებელი" დაავადება, უმკურნალებს მას?"
ფოტო:ნატალი ენუქიძე
რამდენიმე დღის წინ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში "პრეზიდენტის არჩევნები 2018" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით ამ პროგრამის მთავარი ხარვეზი ის არის, რომ ფინანსები არ იხარჯება დაავადებების პრევენციაზე, არამედ – მომაკვდავი ადამიანის მკურნალობაზე.

"მთავარი საკითხი, რაზეც ვფიქრობ, რომ ყურადღება არ არის გამახვილებული დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში, არის პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. მეორე – საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეს არის პრევენცია, ანუ მკურნალობ არა ავადმყოფს, არამედ სანამ ავადდება ადამიანი,
მანამდე ვერევით ამ ყველაფერში, რაზეც არის დასავლური პრაქტიკა და რისკენაც მიემართება აბსოლუტურად ყველაფერი.
ნაცვლად იმისა, რომ გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ფინანსები უკვე ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ამ ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვ
დავ ადამიანს. ანუ, მაგალითად, ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიოთერაპია მიიღოს და ვიცით, რომ ამან შეიძლება, ექვსი თვით გაუხანგრძლივოს ცხოვრება. მაგრამ არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს და არ მივიდეს სამკურნალოდ აქამდე.
აი ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომ მაქსიმალურად იყოს ყურადღება გამახვილებული საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, რომ იქამდე ვუმკურნალოთ, სანამ ადამიანი გადასარჩენ პირობებში მივა, რაც უფრო ძვირი უჯდება სახელმწიფოს. ყველაზე ძვირი ის არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, რადგან ვეღარ ვუშველოთ, სანამ ამ დონემდე მივა, მანამდე ვუმკურნალოთ. საბიუჯეტო სახსრების მაქსიმალური ინექცია უნდა გავაკეთოთ იქ, სადაც მეტი პრევენციაა, რომ პირველ რიგში, დავზოგოთ ადამიანის სიცოცხლე და ასევე, რესურსები, რომელიც ამასთან დაკავშირებით იხარჯება", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ფეისბუკმომხარებელი ნატალი ენუქიძე გამოეხმაურა, რომლის პოსტსაც უცვლელად გთავაზობთ.

"კიბო არცერთ სტადიაში არაა განაჩენი!!!!!

ძალიან დიდი ხანია ჩემს სივრცეში არანაირი პოსტი და მითუმეტეს პოლიტიკური არ დამიწერია... რაღაცნაირად არც სურვილი და არც დრო გამჩენია საამისოდ. მითუმეტეს როდესაც პოსტისწამკითხავი მეგობრები ყველანი ზრდასრული ადამიანები მყავს და ამ ზრდასრულ ადამიანებს ყველას აქვთ თავიანთი თვალი, ყური, გონება, ხედვა, მრწამსი, სიმართლე და სხვადასხვა ფაქტების სხვადასხვანაირად გაგების და აღქმის ნება თუ სურვილი და მე ყველა ჩემს მეგობარს განურჩევლად პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა ძალიან ვაფასებ და ყველა მათგანი თავისებურად მიყვარს, სხვანაირად ისინი ჩემი მეგობრების სიაში არ იქნებოდნენ. რასაც ეხლა დავწერ არც ეს ეხება არანირად პოლიტიკას. უბრალოდ მართლა ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ ფაქტმა. დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა საერთოდ რამე და ჩამეთვალა თუ არა გიორგი ვაშაძის უტაქტო გამოსვლა თუ დაუფიქრებლად სიტყვების რახა რუხი პასუხის ღირსად, მაგრამ გადავწყვიტე დამეწერა მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანების სანუგეშოდ რომლებიც ჩემსავით ებრძვიან სიმსივნის მე-4 სტადიას (ამიტომ პოსტს საჯაროს ვხდი) და რომ ისინი არანაირად არ არიან მო(მა)კვდავნი....და რომ ადამიანს ამ დიაგნოზით (ნებისმიერ სტადიაში) აქვს უფლება იმკურნალოს და იცოცხლოს თავისი წილი სიცოცხლე იქნება ეს 1, 5 თუ 100 წელი. მართლა გულწრფელად მაინტერესებს მიპასუხოს ბატონმა ვაშაძემ, მის ოჯახის წევრს რომ დაემართოს მისივე სიტყვებით ნათქვამი "მე-4 სტადიის მომაკვდინებელი" დაავადება უმკურნალებს მას, თავში ხელებს შემოირტყავს რატო პირველ სტადიაში ვერ აღმოვაჩინეთო (გეტყვით რომ საერთოდ არანაირი სიმპტომი არ მქონია პირადად მე), თუ გულხელდაკრეფილი დაელოდება სიკვდილს როდის ამოძვრება შავი ხვრელიდან? დარწმუნებული ვარ უკანასკნელ ძვირფას ნივთსაც თვალდახუჭული გაიტანს გასაყიდად რომ საყვარელ ადამიანს უმკურნალოს და სიცოცხლე ან გადაურჩინოს ან გაუხანგძლივოს. პოსტს იმიტომ არ ვწერ რომ ბატონ გიორგის გავცე პასუხი ან რაიმე შევაგნებინო. ეს ზუსტად ვიცი შეუძლებელია, არც თითებს დავიღლიდი ამის გამო. პოსტი მთელი გულით და სულით ეძღვნება "ჩემნაირებს"...

მოკლედ ჩემო განსაკუთრებულო და ღმერთისგან გამორჩეულო ადამიანებო, უბრალოდ ჩემნაირებო.... ჩემო საყვარლებო... მინდა ჩემი ამბავი შეძლებისდაგვარად მოკლედ მოგითხროთ, რაც აქამდე არასდროს გამომიტანია საჯარო სივრცეში და რასაც თქვენს გამო დღეს გავაკეთებ. და რაც დარწმუნებული ვარ იქნება თქვენთვის სტიმული, იმედი და ძალა, რომელიც ამარცხებს ამ ჩვეულებრივ დაავადებას. ის აღარ არის
(უ)კურნებელი არცერთ სტადიაში და რომ ეს სტადიები ბოროტი ჯადოქრების გამოგონილია, ხოლო რეალურად არც არსებობს...

მოკლედ...მე ვარ ნატალია, რომელიც 2012 წლიდან ვებრძვი ე.წ მე-4 სტადიის ავთვისებიან სიმსივნეს. (წვრილი ნაწლავის. უიშვიათესი შემთხვევა, საქართველოში მგონი არც აღირიცხება შემთხვევა), ამავე წელს გავიკეთე პირველი ოპერაცია, შემდეგ ქიმიოთერაპიის 12 კურსი. 2014 წელს რეციდივების გამო მეორე ოპერაცია და ასევე ქიმიოთერაპიის 12 კურსი. 2017 წელს კვლავ უამრავი რეციდივების არსებობის გამო კი მე-3 ურთულესი ოპერაცია გამიკეთდა ჩემი ოქროსხელება ქირურგის ბატონ ამირან ანთაძის მიერ. ამჟამად ღვიძლის კაფსულის დაუზუსტებელი მეტასტაზების არსებობაზე აქვთ ეჭვი და დაკვირვების ქვეშ ვიმყოფები თითქმის 2 წელი. მახსოვს ჩემმა ექიმმა უსაყვარლესმა ელისო გიორგაძემ პირველად ძაან მოწიწებით რომ მითხრა, ნატალია ფორმა 100 ში რომ წაიკითხავ მე-4 სტადიას ძალიან გთხოვ არ შეგეშინდეს არაფერს არ ნიშნავს ეგ სტადიები, უბრალოდ ასე უნდა ეწეროსო. ეს ისე დამაჯერებლად ამიხსნა, რომ მაშინაც დავიჯერე და დღემდე მჯერა ამ სტადიების არ არსებობის. მეორე რაც მძაფრად ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში იყო ის, რომ 2017 წელს ქირურგთან ვიზიტის დროს, (რომელსაც მანამდე ორჯერ ვანდე საკუთარი სიცოცხლე), კაბინეტში შესვლისთანავე თვალები შუბლზე რომ აუვიდა, (ეტყობა ცოცხალი აღარ ვეგონე), და მისი მიკიბულ მოკიბული ნალაპარაკებიდან დასკვნაც ასეთი გამოვიტანე აქ რამ მოგიყვანა ღმერთი კი არ ვარ აზრი არ აქვსო (სიტყვა სიტყვით ასე არ უთქვამს მაგრამ შინაარსი იგივეა), ხოდა ამის მერე ღმერთს რომ ეთქვა ამ კაცის ოპერაციის მერე 100 წელი იცოცხლებო მაინც არ დავუწვებოდი საოპერაციო მაგიდაზე მას.

აბა მითხარით რა საერთო აქვს ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან? - რა თქმა უნდა ს ი ტ ყ ვ ა!!!!
დიახ სიტყვა. ვისაც ამ ვერაგ დაავადებასთან შეხება აქვს მან კარგად იცის რა არის სიტყვა და რამხელა ძალა აქვს მას ჩვენთვის. ის ყველა წამალზე მეტია დამიჯერეთ და ყველა ექიმზე ძლიერი... ზეპირად მახსოვს ჩემი ოჯახის წევრის, ნათესავის, მეგობრის თუ მეზობლის ნათქვამი თითოეული სიტყვა, რომ ეთქვათ შავზე თეთრიაო მჯეროდა, რადგან მაწყობდა რომ დამეჯერებინა. "ნუ გეშინია დედას ვუტირებთ" ამ სიტყვების ჯადოსნური ძალა დღემდე მომყვება, ხოდა ახლა ჩემს სიტყვასაც ენდეთ და მერწმუნეთ ჩემნაირებო 6 წელია ცოცხალი ვარ და კიდევ მრავალი 6 წელი უნდა ვიცოცხლო. არაფერს შეუშინდეთ და არასდროს იფიქროთ რომ უკვე გვიანია, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, სიხარულზე იფიქრეთ და მოვა, სიცოცხლეს დაუძახეთ და გესტუმრებათ, სიკვდილი გააპანღურეთ და წავა!!!

არასდროს მიიტანოთ გულთან იმ ადამიანების დაუფიქრებელი სიტყვა, რომლებმაც უბრალოდ არ იციან სიცოცხლეს "სიცოცხლე" მხოლოდ ღრმა სიბერემდე ქვია თუ იქამდე სადამდეც უბრალოდ შენია და იმის იქით ვეღარ მოგყვება. სიცოცხლეც არ არის უკვდავი და ოდესღაც ისიც კვდება...

ძალიან გთხოვთ როდესაც სიტყვა მო(მა)კვდავს ახსენებთ და შავ ხვრელში გადასაყრელ გვამებად მოგვიხსენიებთ, დაფიქრდით რომ თქვენ თვითონაც ისეთივე მო(მა)კვდავები ხართ როგორც ჩვენ და ოდესღაც თქვენც გაივლით იმ შავ გვირაბს რომლის ბოლოშიც ყოველთვის სინათლეა.

ღმერთს ებარებოდეთ!!!". (წყარო)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით