"დარჩა კი ვინმე, რომელიც მთელის სულით და გულით ეწაფება ჩემს ლექსებს? ნაწილს ვუყვარდი. ნაწილს ვეჯავრებოდი" - დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა - კვირის პალიტრა

"დარჩა კი ვინმე, რომელიც მთელის სულით და გულით ეწაფება ჩემს ლექსებს? ნაწილს ვუყვარდი. ნაწილს ვეჯავრებოდი" - დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა

ვასილ ტაბიძეს, მძიმედ ავადმყოფსა და ლოგინად ჩავარდნილს გაუმჟღავნა მეუღლემ, ორსულად ვარო. მომაკვდავს ღვინო მოუთხოვია და მართალია, მანამდე არ ასმევდნენ, ამჯერად მიუტანიათ. ზედიზედ რამდენიმე ჭიქა გამოუცლია, - ეს გაუმარჯოს პატარა ადამიანს, რომელიც შვიდი თვის შემდეგ დაიბადებაო, - უთქვამს და სულიც დაულევია...

გალაკტიონ ტაბიძის ჩანაწერებიდან: "მამაჩემი გარდაიცვალა ძლიერ ახალგაზრდა, 23 წლისა. მე არ მახსოვს ის იმ უბრალო

მიზეზის გამო, რომ დავიბადე მამაჩემის გარდაცვალებიდან შვიდი თვის შემდეგ... მე მქონდა ძალიან კარგი, უდარდელი ბავშვობა...

დავიბადე 1892 წელს... დასავლეთ საქართველოში, ვანის რაიონში, სოფელ ჭყვიშში..."

დღეს, 17 ნოემბერს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა...

გთავაზობთ ამონარიდებს "კვირის პალიტრის" არქივიდან

ფოტოგალერეა

გალაკტიონის დღიურიდან: "მთელი ღამე თითქმის არ მეძინა. ვიწექი საწოლში, ვტრიალებდი გვერდიდან გვერდზე, ვწევდი თუთუნს. გული ბოღმით მქონდა სავსე იმის გამო, რომ ასე საცოდავად, ასე უნუგეშოდ, ასე თავის ანაბარა ვარ მიტოვებული ბედის მიერ. მაგრამ არა, მიტოვებული კი არა ვარ ბედის მიერ, იგი ბედი ჩემთანაა, აი ეხლაც თვალწინ მიდგას საზიზღარი. იგი ხარობს ჩემის ტანჯვით, იგი დამცინის, იგი აფორიაქებს ყველაფერს, რაც ასე ძვირფასი იყო ჩემთვის, რწმენა ადამიანისადმი, კულტურისადმი, ხელოვნებისადმი; ყველაფრისადმი. იგი მიკარგავს პატივისცემას თავის თავისადმიც კი... დარჩა კი ვინმე, რომელიც მთელის სულით და გულით ეწაფება ჩემს ლექსებს? ნაწილს ვუყვარდი. ნაწილს ვეჯავრებოდი და მეომებოდა... ალბად, ღირსი ვარ! ალბად, აღარა ვარ კაცი, აღარა მაქვს ნებისყოფა! აღარა ვარ ღირსი პატივისცემისა. ან ვინ უნდა მცეს პატივი, როდესაც მე თვითონ პატივს არა ვცემ თავისთავს. მე ვერ ვუსწორდები ჩემს დაჩაგრულ ბედს, მაშასადამე, არა ვარ ღირსი მოკრძალებისა - ...ეჰ, შენ იქნება მოითხოვ ძველებურ თაყვანისცემას? ნუთუ არ იცი, რამდენი ხანი ემზადებოდენ, რომ შენ ამ მდგომარეობაში მიეყვანეთ? დამცინიან ჩემივე სახლის წინ? ჩემს სახლში... ღმერთო... ღმერთო... როდემდის გაგრძელდება ეს? ნუთუ ყოველდღე ასე იქნება? არა, ეს ნამეტანია. ეს სირცხვილია, ეს აბუჩად აგდებაა. კმარა, კმარა, კმარა, ომი! ხმალში გაწვევა! ერთადერთი ხსნა"... (იხილეთ სრულად)

ნოდარ ტაბიძე, პროფესორი: - ხალხს აინტერესებდა, 1937 წელს გალაკტიონი როგორ გადაურჩაო. ერთხელ ეს ვკითხე კიდეც. მიამბო: 37 წელს რუსთაველის მოედანზე ჩავჯექი ტრამვაიში და სახლთან გაჩერებაზე ჩამოვედი. კართან სამი საეჭვო პიროვნება შევნიშნე. გავიფიქრე, - გალაკტიონ, ცუდადაა შენი საქმე, დაგიჭერენ და ვე

რაფერი გიშველის-მეთქი. რა ვქნა, გავიქცე? სად გავიქცე, დამეწევიან. დავეკიდე ტრამვაის სახელურს და ვიყვირე, - ხალხო, უშველეთ საქართველოს სახალხო პოეტს, იჭერენ, კლავენ-მეთქი. გაჩერდა ტრამვაი, ჩამოცვივდნენ ლომებივით ბიჭები და სად აორთქლდა ის სამი კაცი, ვერ გავიგე...

2-3 წლის წინ არქივში წავაწყდი გალაკტიონის დედის წერილს - ვანში დას სწერს: -

გატუნიამ (ასე ეძახდა დედა), 12 წლისაა და ლოთობა დაიწყოო. მაშინ არც ხელისუფლებაზე იყო გაბრაზებული და არც არავისზე. ეტყობა, მოთხოვნილება ჰქონდა...

ჩემთვის ღვინო არასოდეს შემოუთავაზებია. ყველგან თან დავყავდი. გაიშლებოდა სუფრა და იტყოდა, - ჩემს ნოდარს ლიმონათი მოართვითო. არადა, უკვე სტუდენტი ვიყავი, მინდოდა ღვინის დალევა... იტყოდა ხოლმე, - ღვინო ძაღლს რომ ჩაასხა ხახაში, ტურად აქცევსო. თანაც ამწევ-მტვირთელიც ხომ უნდოდა - ვინ აიყვანდა მეორე სართულზე, მეც რომ დავმთვრალიყავი?

წვალებით ავიყვანდი კიბეზე. სანამ კარს გავაღებდი, ხარხარებდა სარკასტულად. მერე შევიყვანდი ოთახში და ვაწვენდი.

უცნაური იყო მთელი თავისი ბუნებით. მეგობარი თითქმის არ ჰყოლია. ჩვენთან იშვიათად მოდიოდა სტუმარი. კაბინეტი ყოველთვის ჩარაზული ჰქონდა. კაცი ვერ შევიდოდა, მეც კი - ნებართვის გარეშე. ოთახში ყველაფერი ერთმანეთში ჰქონდა არეული. რომ გარდაიცვალა, პირდაპირ მწერალთა კავშირში წაასვენეს და იქიდან - მთაწმინდაზე. მისი გარდაცვალებისთანავე დავლუქეთ კაბინეტი. სამი კაცი ვიყავით კომისიაში - მე, სერგი ჭილაია და ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი. ვერაფერს გაარკვევდით ოთახში. ქაოსი იყო. ბუნებით იყო დიდკაცი, შემოქმედი, მთხზველი... ლექსებს კაბინეტში ჩაკეტილი წერდა... ერთხელ გამომიტანა ხელნაწერი და წამიკითხა, რუსულად დაეწერა ლექსი... მას ყოველ სიტუაციაში შეეძლო ლექსის წერა. ერთი სიტყვით, ეს იყო ფენომენი, რომლის მსგავსი ქართულ ლიტერატურას არ ჰყოლია.

ყველა დიდი პოეტი მისი მტერი იყო, - ასე ფიქრობდა, ყველა უმნიშვნელო კი - მეგობარი.

- როგორ აღნიშნავდა დაბადების დღეს?

- ზოგჯერ აღნიშნავდა, ზოგჯერ საერთოდ არა. დილით გამომძახებდა ხოლმე ოთახიდან, - მიშველე, ნოდარ, ვკვდებიო. ჩავირბენდი მაღაზიაში, ამოვუტანდი არაყს. გადაკრავდა და ამოისუნთქებდა - აგაშენა ნოდარ, ღმერთმა, მეშველაო... (იხილეთ სრულად)

იხილეთ ფოტოგალერეა

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

იხილეთ ასევე: "მას შენ გაგიჟებით უყვარხარ!" - ოლღა ოკუჯავას წერილი გალაკტიონს