"ჩემს ცხოვრებაში სრულიად დაუგეგმავი რაღაც მოხდა - ეს ნახევრად ველური, აფხაზი ბიჭი შემიყვარდა" - სოხუმში სამუშაოდ წასული ქართველი გოგონას ამბავი - კვირის პალიტრა

"ჩემს ცხოვრებაში სრულიად დაუგეგმავი რაღაც მოხდა - ეს ნახევრად ველური, აფხაზი ბიჭი შემიყვარდა" - სოხუმში სამუშაოდ წასული ქართველი გოგონას ამბავი

სოხუმში სამუშაოდ წასული ქართველი გოგონას დღიური

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის რეჟიმის გამკაცრების მიუხედავად, ადამიანური ურთიერთობები ჯერ კიდევ არ შეწყვეტილა. გთავაზობთ ქართველი ნათიას ჩანაწერებს, რომელიც სოხუმსა და ბიჭვინთაში ზღვის სეზონზე სამუშაოდ იყო ჩასული და იქ მომუშავე სხვა ქართველებიც ნახა...

- როდესაც მეგობარმა შემომთავაზა, სოხუმში ჩვენს ნათესავს რესტორანი და კაფე აქვს და პერსონალი სჭირდებაო, დიდხანს არ მიფიქრია, თუ ნორმალურად გადამიხდიან, წამოვალ, რუსული ვიცი-მეთქი. დედას რომ ვუთხარი, სოხუმში მივდივარ, ერთი სეზონი ვიმუშავებ-მეთქი, შეიცხადა, მაგრამ ხვეწნა-მუდარის შემდეგ დავითანხმე იმ პირობით, რომ დილა-საღამოს დავურეკავდი და ანგარიშს ჩავაბარებდი...

ენგურის ხიდზე ჯერ რუსმა სამხედროებმა შემამოწმეს, შემდეგ აფხაზმა მესაზღვრეებმა. ერთი გამეხუმრა, ისეთი ლამაზი ქალები ჰყავთ ქართველებს, აქედან არ გაგიშვებთო... ჯერ გალის სოფლები გავიარე. უცნაური რაიონია - აყვავებული კარ-მიდამოებისა და გადამწვარი, დაცარიელებული სახლების სინთეზი. შენ ოჩამჩირე უნდა ნახო, ჩერნობილს ჰგავსო, მითხრეს. მართლაც რამდენიმე კილომეტრი ისე ვიარეთ, ოჩამჩირეში კაცის ჭაჭანება არ იყო... ცოტა ხანში მანქანების სიმრავლით მივხვდი, სოხუმში შევდიოდით. გზად რამდენიმე ადგილას გაჩეხილი პალმების გროვა შევნიშნე. მძღოლმა მითხრა, პალმებს სოჭიდან გადმოსული გრძელნისკარტა მწერი ახმობს და არაფერი შველისო. სოხუმშიც ვნახე დაცარიელებული და დამწვარი სახლები... რამდენიმე ადგილას ერთმანეთთან დერეფნით დაკავშირებული სახლებიც შევნიშნე. თურმე ერთი ქართველისა ყოფილა და ომის შემდეგ მეზობელმა აფხაზებმა მიითვისეს... ყავა მოგვინდა... სოხუმზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ "ამრა" მშობლებისგან გაგონილი მქონდა. მათ სოხუმის უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრეს და როცა სტუდენტობას იგონებდნენ, იქაურ ჯადოსნურ ყავას ნატრობდნენ... არ ვიცი, იქნებ მაშინ მართლაც გემრიელი იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად სულაც არ მომჩვენებია...

თეთრგალავნიან სახლს მივადექით. შენობაში განთავსებული რესტორნისა და ეზოში ღია კაფე-ბარის მფლობელი თავაზიანად შემხვდა, ჯერ დაისვენე და მერე ვისაუბროთო. არ დავღლილვარ-მეთქი. ქართველებს ჰგონიათ, რომ ვიკბინებით, არადა, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, გონს რომ მოვიდოდნენ, ერთად ისევ კარგად ვიქნებოდითო. პოლიტიკისგან შორს ვარ-მეთქი, მოვუჭერი სასწრაფოდ. შემდეგ თითი რომელიღაც მშენებარე ობიექტისკენ გაიშვირა, საწყობს, ავტოფარეხსა და კიდევ ერთ კაფეს ქართველები აშენებენო...

ჩვენი დამსაქმებელი აფხაზეთში დიდი გავლენით სარგებლობს და ქართველ მუშახელზე არჩევანი იმიტომ შეუჩერებია, რომ თანამედროვე სარემონტო სამუშაოებში უკეთ ერკვევიანო... იქაურმა ქალებმა კი მითხრეს, სინამდვილეში, ჩვენი კაცები ზარმაცები არიან და მუშაობას თაკილობენო...

პირველი ათი დღე სამზარეულოში დამხმარედ ქანცის გაწყვეტამდე ვიმუშავე. მერე უფროსს ვთხოვე, აქაურობას გაგილამაზებთ-მეთქი და მაგიდებზე ყვავილების დალაგება დავიწყე... ორ კვირაში უფლებები და შესაბამისად, ანაზღაურებაც გამიზარდეს. ჩემი მოვალეობა ღია კაფეების გაკონტროლება იყო. კვირაში ერთხელ სიახლეც უნდა შემეტანა - კოქტეილი, დესერტი ან სულაც დიზაინი შემეცვალა. მევალებოდა კაფე-ბარების მომსახურე პერსონალის გაკონტროლებაც - სისუფთავის შემოწმება დერეფნებსა და სამზარეულოში და ა.შ.

ქუჩის გადაღმა ერთმანეთთან დერეფნით დაკავშირებულ სახლში დამითმეს ერთი ოთახი, ცალკე სააბაზანო-საპირფარეშოთი, მაგრამ ძაბვა იმდენად დაბალი იყო, წყალი ვერ ცხელდებოდა და გრილი წყლით ვბანაობდი. რამდენჯერმე გამაღვიძა რუსი ტურისტის ჩხუბმა, მაცივარი გამორთულიაო. სახლის მეპატრონე დენს ხარჯის გამო არ ზოგავდა, ელექტროენერგია უფასო აქვთ, მაგრამ ძაბვა იყო იმდენად დაბალი, ზოგჯერ ელექტროტექნიკაც არ ირთვებოდა და მუდმივად მობილურის დატენის პრობლემა მქონდა. დედა ისე ნერვიულობდა, ერთი-ორჯერ სამსახურში ატირებული მივედი. ჩემი უფროსი ისე შეშფოთდა, თავად დაურეკა დედაჩემს, საკუთარი შვილივით მივხედავ, გპირდებითო. გაოცებისგან ენა ჩამივარდა...

რესტორნებსა და კაფე-ბარებში მიმტანები მამაკაცები იყვნენ. იქ გოგონას მიმტანად მუშაობა სირცხვილად ითვლება, თუმცა მაღაზიებსა და მარკეტებში მუშაობენ...

ჩემი თანამშრომელი ქალები მუდმივად მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობდნენ. მოსაგონარი ყველას ჰქონდა - ქართველებთან კეთილმეზობლური ურთიერთობის წლებს იხსენებდნენ.

რესტორნის უფროსს, რომელსაც "ლეონოვიჩით" მივმართავდი, დედა ქართველი ჰყოლია. ომის შემდეგ რამდენჯერმე თბილისსა და სხვა ქალაქებშიც ყოფილა, პოლიტიკა რომ არა, რა გვქონდა გასაყოფიო. ომის თემას ხშირად ატრიალებდა და ქართველ მეგობრებს იხსენებდა. პრინციპულად არ ვერეოდი მის საუბარში... ხანდახან სანაპიროზე ვსეირნობდი. ხალხი ცოტა იყო, ძირითადად, რუსები. ზოგი იქაც ისევე ქედმაღლობდა, როგორც კაფეში - თუ რამე არ მოეწონებოდათ, მიმტანს უყვიროდნენ. მაგალითად, თუ წყალს ბოთლით მიუტანდა და შემდეგ მიართმევდა ჭიქებს, ამის გამოც ეჩხუბებოდნენ. როცა ჩხუბის მიზეზს ვერ გამოძებნიდნენ, ფაროსანას გამო ტეხდნენ ერთ ამბავს, ლოგინში გვიძვრებიანო. კაფეში უნდოდათ ფანჯარა ღია ყოფილიყო, რათა ზღვის ხმა და სურნელი შემოსულიყო, თუმცა ამ სიამოვნებას მწერებიც მოჰყვებოდნენ და ახლა ამაზე ატეხდნენ ამბავს.

ერთი აფხაზი გოგონა გავიცანი. ერთხელ მთხოვა, დაბადების დღეზე მივდივარ და კაბა შემარჩევინეო. წავედით საყიდლად. რამდენიმე ტანსაცმლის მაღაზიას მოვკარი თვალი, რუსული წარწერებით. რუსული საქონელი ძვირია, თურქული მოვძებნოთო, მითხრა აზამ. მოკრძალებულად უნდა ჩაეცვა, ძმებს ვუწევ ანგარიშსო... ზღვისპირა ქალაქის მიუხედავად, იქაურებს მაინც მოკრძალებულად აცვიათ... აზასთან ერთად მეც ვიყიდე თეთრკოპლებიანი წითელი კაბა და "სოხუმური" დავარქვი...

მაღაზიიდან გამოსულები სამარშრუტო ტაქსის ველოდებოდით, რომ ჩვენს ფეხებთან მოწყვეტით გაჩერდა შავი "მერსედესი". მძღოლმა აზას ღიმილით გამოსძახა, შენ და შენს ქერა "გრუზინკას" საით გაგიწევიათო. ბიჭი აზას კლასელი, 27 წლის აფხაზი ირაკლი აღმოჩნდა. მამა შარშან გარდასცვლია. თბილისში მკურნალობდა, მაგრამ ვერ უშველესო, მითხრა აზამ. მერე თვალი ჩამიკრა და დაამატა, იცი, ბევრი ქართველი რძალი გვყავს, ჩვენს ბიჭებს რუსები და სომხები არ მოჰყავთო... თურმე ირაკლის ჩემი ტელეფონის ნომერი უთხოვია. აზამ მთხოვა, უარი არ უთხრა, მამამისის გამო ძალიან დარდობს და სიცოცხლის ხალისს დაუბრუნებო. ერთი სიტყვით, იმ დილით ტელეფონზე ვუპასუხე და დაიწყო... ასე მეგონა, 90-იანელი ქართველი ბიჭების ანარეკლს ვუყურებდი - ჟარგონით, ქურდული ტერმინოლოგიით მესაუბრებოდა. მანქანებზე საუბრით მაწონებდა თავს. იქ მაგარ ბიჭად ითვლები, თუ კარგი მანქანა გყავს. ამიტომაც ქურდობენ, ყაჩაღობენ, საქმეს არჩევენ, რომ კარგი მანქანა ჰყავდეთ... გოგონებს ჯერ კიდევ იტაცებენ.

ირაკლი კეთილშობილი, მაგრამ ცოტა თავხედი ბიჭი იყო, ძალიან სიმპათიური და გოგონების ყურადღებით განებივრებული. რითი ერთობით-მეთქი, ერთხელ ვკითხე. მანქანით სეირნობისა და ქეიფის იქით ვერ წავიდა ჩვენი საუბარი, ფილმებსაც კი რუსულ ბოევიკებს უყურებდა... ერთხელ "უბის წიგნაკის" ნახვა ვურჩიე. მომწერა, "გოგოს ფილმს" მაყურებინეო... აშკარად სხვადასხვა სამყაროდან ვიყავით. ერთხელ სანაპიროზე სეირნობისას ჩვეული ემოციით მიყვებოდა, როგორ გაასწრო გუდაუთის ტრასაზე ვიღაც აგრბების "ტოიოტას". გავაწყვეტინე და უხეშად მივახალე, ოდესმე წიგნი გადაგიშლია-მეთქი. ეწყინა და ამის შემდეგ რამდენიმე დღით გაქრა, მაგრამ მერე ისევ გამოჩნდა... განათლების პრობლემა ძალიან საგრძნობია იქაურ ახალგაზრდებში. ირაკლი თანდათან თავდაჭერილი გახდა, ძველებურად თავხედობამდე თავისუფალი აღარ იყო... მე კი სიმშვიდე დავკარგე - მის ზარსა და მესიჯს მოუთმენლად ველოდი...

მალე "ლეონოვიჩმა" დამიბარა, ბიჭვინთაში ახალი საქმე დავიწყე და შენი დახმარება მჭირდებაო. იქაც იგივე მევალებოდა, კონტროლი და სიახლეების შეტანა, თუმცა ყველაფერი თავიდან იყო დასაწყები და მითხრა, კონკურენცია გაცილებით მაღალიაო... წასვლისას ვერ მოვითმინე და ირაკლის სამსიტყვიანი მესიჯი მივწერე, "ბიჭვინთაში მივდივარ. მშვიდობით".

ბიჭვინთაში სომხების ბიზნესი "გუგუნებს", ამიტომ ძალიან მაგარი უნდა იყო, რამე გამოგივიდესო, მიხსნიდა გზაში "ლეონოვიჩი". რუსებს სომხები უფრო თავისიანებად მიაჩნდათ, მათი მომსახურებაც უფრო მოსწონდათ და ხშირად სტუმრობდნენ... ქართული საუბარი იქაც შემომესმა. ელექტროგაყვანილობას აკეთებდნენ და იმერულად უქცევდნენ... ჩემი სამთვიანი სეზონის ბოლო თვე იწურებოდა. ირაკლის ვთხოვე, ნუღარ დამირეკავ-მეთქი. ვხვდებოდი, უნდა გავჩერებულიყავი, თუმცა ის არ ჩერდებოდა... ვფიქრობდი, წავალ და ყველაფერი გამივლის-მეთქი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი. თითქოს გულმა უგრძნო, დილით მესიჯი დამხვდა: "მენატრები", პასუხად სმაილი გავუგზავნე.

ვცდილობდი, მთლიანად საქმეზე ვყოფილიყავი გადართული. თუ სოხუმის ბაზარში ცოტა პროდუქტი მაინც იყო, ბიჭვინთაში თითქმის ვერაფერს ვშოულობდი, თუმცა რაღაცებს მაინც ვახერხებდით. ერთ დღეს მომხმარებელს კაპუჩინო დარიჩინის არომატითა და ნაღებით შევთავაზეთ. მოეწონათ... "ლეონოვიჩმა" ოქტომბრის შუა რიცხვებამდე დარჩიო, მთხოვა, და უარი არ მითქვამს...

თუ სოხუმი ჩემი მშობლების მოგონებებში გაცოცხლებულ ჩვენებურ ქალაქს ახლაც ჰგავს, ბიჭვინთაზე ამას ვერ ვიტყვი, ვერც გაგრაზე - ეს ქალაქები უკვე აფხაზებისთვისაც უცხოა.

წამოსვლის დღეს ჭიშკართან, "ლეონოვიჩის" მანქანის გვერდით, ირაკლის შავი "მერსედესი" შევნიშნე, აზაც იჯდა. ჩემმა უფროსმა ეჭვით შემომხედა. ირაკლი თავდაჯერებულად გადმოვიდა და "ლეონოვიჩს" უთხრა, ენგურის საზღვრამდე ჩვენ მივაცილებთო... კარგი, ოღონდ ნელა იარეო, გააფრთხილა მან...

გზაში ვცდილობდი, ემოცია შემეკავებინა. ირაკლის გვერდით ვიჯექი და ვგრძნობდი, ჩემს ცხოვრებაში სრულიად დაუგეგმავი რაღაც ხდებოდა - ეს ნახევრად ველური ბიჭი მიყვარდა.

იხილეთ გაგრძელება: "რა შეგიძლია გააკეთო ჩემთვის - მეთქი", - ყველაფერიო, - მითხრა ღიმილით"