კლაუდიო მარგოტინი: "რომ არა ომი, არ არსებობს ძეგლი, რომლის გადარჩენასაც ვერ შევძლებთ " - კვირის პალიტრა

კლაუდიო მარგოტინი: "რომ არა ომი, არ არსებობს ძეგლი, რომლის გადარჩენასაც ვერ შევძლებთ "

"ვარძია მძიმე მდგომარეობაში იყო, ჰქონდა უამრავი დაზიანება. ორი სახის საფრთხე არსებობდა - კლდის ჩამოშლა და შესაბამისად, ვიზიტორების უსაფრთხოების საკითხი. ამიტომაც უპირველესად კლდის გამაგრებას შევუდექით და ახლა ეს ადგილები უსაფრთხოა"

"სამონასტრო ანსამბლი ვარძია კლდეში ნაკვეთი გრანდიოზული კომპლექსია. მისი აღმშენებლობის ძირითადი პერიოდია XII საუკუნის მეორე ნახევარი. მონასტერი 600 ოთახისგან შედგება, რომელიც 13 სართულზეა განლაგებული, ამგვარმა განლაგებამ შეუწყო ხელი მონასტრის გადარჩენას მონღოლების შემოსევის პერიოდში", - ამბობს იუნესკოს კათედრის ხელმძღვანელი, ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი, გეოლოგი კლაუდიო მარგოტინი, რომელიც ვარძიის გამაგრებით სამუშაოს ხელმძღვანელობდა. ისტორიის გაცოცხლება და კულტურული მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება მისი საქმიანობის მთავარი პრინციპია. ამჟამად ეგვიპტეში, პირამიდების წყლის ზიანისგან დაცვას ცდილობს, თუმცა თბილისში მისი ვიზიტისას კლაუდიო მარგოტინიმ "კვირის პალიტრას" უმასპინძლა და მისი საქმიანობის და ვარძიის გამაგრებითი სამუშაოს შესახებ უამბო.

- 1283 წელს სამცხე-ჯავახეთში მიწისძვრამ ვარძიის ორი მესამედი, სარწყავი სისტემა და გარე ფასადზე მდებარე ოთახები გაანადგურა. XVI საუკუნეში ოსმალების შემოსევის პერიოდში ვარძია დაცარიელდა. ამავე პერიოდში ვულკანური წარმოშობის ტუფის ფასადის არამდგრადობამ კიდევ უფრო დააზიანა. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რისთვისაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ იტალიის გეოლოგიური კვლევის ცენტრთან ერთად გამაგრებითი სამუშაოს დაწყება გადაწყვიტა. ეს მოიცავდა კლდის შეფასებას, გეოტექნიკურ კვლევას, გეოსტრუქტურულ და კინემატიკურ ანალიზს, კლდის მდგრადობას, 3D ლაზერის გამოყენებას და ყოველდღიური მონიტორინგის სისტემის შემუშავებას. ლაზერით სკანირება საშუალებას გვაძლევს, შენარჩუნდეს ძეგლის ისტორიული მეხსიერება და დეტალური ფოტოდოკუმენტირებით მოხდეს ძეგლის აღდგენა. კლაუდიო მარგოტინი კულტურული მემკვიდრეობის თითოეული ძეგლისთვის კონკრეტულ მეთოდებს ვითვალისწინებთ - გარემო პირობებს, სოციალურ ასპექტს და ამის საფუძველზე ვიწყებთ საკონსერვაციო სტრატეგიის შემუშავებას. ამას კულტურული გეოლოგია ეწოდება. ის ახალი დისციპლინაა და მოიცავს გარემო ფაქტორების შესწავლას, გეოლოგიას, სოციალურ და კონსერვაციის მეცნიერებებს. ამის ნათელი მაგალითია ვარძია, სადაც მეკლდეურების დახმარებით კლდის კონსოლიდაცია (კლდის გამაგრება სპეციალური ბურღის გამოყენებით) გავაკეთეთ. ჩვენი მუშაობის მიზანია, ერთი მხრივ, გავამაგროთ და თავიდან ავიცილოთ კლდის ბზარების გაზრდა და შემდგომი დაზიანება და აღმოვფხვრათ კედლის ჩამოშლისა და ქვების ჩამოვარდნის საფრთხე.

ვარძია მძIიმე მდგომარეობაში იყო, ჰქონდა უამრავი დაზიანება. ორი სახის საფრთხე არსებობდა - კლდის ჩამოშლა და შესაბამისად, ვიზიტორების უსაფრთხოების საკითხი. ამიტომაც უპირველესად კლდის გამაგრებას შევუდექით და ახლა ეს ადგილები უსაფრთხოა.

"სად არ მიმუშავია... "

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმუშავია: მონღოლეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ნეპალში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ერაყში, რომაული პერიოდის ჰატრას ძეგლზე, ავღანეთში ბუდას ქანდაკებაზე... ამჟამად ეგვიპტეში ვმუშაობ, იქ წყლის დონე მაღლა იწევს და პირამიდებს აზიანებს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ გადამერჩინა, მაგრამ როდესაც ნგრევა საომარი მოქმედებების გამო ხდება, მაშინ უძლური ვარ. ასე იყო სირიაში, ჰატრა საომარ მოქმედებებს ვერ გადაურჩა.

2005 წელს ჩრდილოეთ კორეაში კოგურიოს აკლდამების კომპლექსზე ვმუშაობდი. კოგურიოს სამეფო, რომელიც არსებობდა ძვ. წ. II-დან ახ. წ. VII საუკუნემდე, მოიცავდა კორეის ნახევარკუნძულს, ჩრდილოეთ ჩინეთის ნაწილს და მანჯურიამდე მოდიოდა. კომპლექსი, ძირითადად, მეფეების, დედოფლებისა და სამეფო ოჯახის სხვა წევრების სამარხია. ვმუშაობდით სამარხებზე, რომლებშიც ფანტასტიკური მხატვრობაა. ნახატებს წყალი "ჭამს". ჩრდილოეთ კორეაში ამ ძეგლის გადარჩენა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. ამიტომაც დაიწყეს თანამშრომლობა იუნესკოსთან. კოგურიოს გადასარჩენად მხოლოდ ორი სახის "ტექნოლოგია" დავიხმარეთ: მუშახელი და საბაზისო იარაღები. საბოლოოდ სასურველი შედეგი მივიღეთ.

"ფოტოები ვნახე, ეკლესიები განადგურებულია"

ყველაზე გამორჩეული მსოფლიოში ყველაზე მაღალი ბამიანის ფეხზე მდგომი ბუდას უზარმაზარი ორი ქანდაკება იყო. ვაიროჩანა და შაკიამუნი, ბუდას ქანდაკებები, 2001 წელს ააფეთქეს ტერორისტებმა. ავღანეთში პირველად 2002 წელს ჩავედი. ამ მისიის ფარგლებში ჩვენი ჯგუფის კოდური სახელი იყო "ვისკი 05", რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა მოგვანიჭა და ასე იშიფრებოდა: ვისკი, ანუ "ვ" იუნესკოს აღმნიშვნელი, ნული ნიშნავდა ბამიანს, რადგან ბამიანის პროვინციაში ვიყავით, და 5 ნიშნავდა ჯგუფის წევრების რაოდენობას. ყოველ საღამოს უსაფრთხოების ოფისიდან გვირეკავდნენ კითხვით: - ცენტრალური ოფისი ვართ, გვიპასუხეთ, ცოცხლები ხართ?

სირიაში, მაალულიაში ვმუშაობდი ომის შემდეგ. ახლა არ ვიცი, იქ რა ხდება, მაგრამ ფოტოები ვნახე, ეკლესიები განადგურებულია. წმინდა თეკლეს მონასტერში ერთ-ერთ ფრესკაზე შობაა გამოსახული და მის გვერდით მონაზვნებმა საშობაო ნაძვის ხე დადგეს. ჩვენ გავეცით რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გამაგრებულიყო ტაძარი, ომის გამო მოახერხეს ეს თუ არა, არ ვიცი.

მაალულიას სასწაული - რა დაემართათ ტაძარში შეჭრილ მოჯაჰედებს

დამასკოს ჩრდილოეთით პატარა ქალაქია - მაალულია (4500 მცხოვრები). აქ მდებარეობს მოციქულთა სწორის, წმინდა თეკლეს ტაძარი (პირველი ქრისტიანი ქალი, წმინდა პავლეს მოწაფე, 20 წლისა რწმენისთვის ლომებს მიუგდეს, გველებიან ორმოში ჩააგდეს, თუმცა ყოველ ჯერზე უფალმა იხსნა). ლეგენდის მიხედვით, მას მდევარი მისდევდა, როცა მაალულიას კლდეები გადაიხსნა და ქალწულმა თავის შეფარება შეძლო. მას შემდეგ წმინდა თეკლე ამ ადგილას მოღვაწეობდა, იქვეა მისი საფლავიც. მაალულიაში ქრისტეს ენაზე (არამეულის ერთ-ერთ კილოზე) ლაპარაკობენ. 2013 წლის 4 სექტემბერს, ჯებჰათ-ა-ნუსრას" მოჯაჰედები მძინარე ქალაქს თავს დაესხნენ. ისინი ორი დღე არბევდნენ ქალაქს. მესამე დღეს მაალულიელებმა აშშ-ის კონგრესს წერილი მისწერეს: "ტერორისტებმა გააპარტახეს სახლები, მონასტრები და ეკლესიები. ითხოვდნენ, უარი გვეთქვა რწმენაზე და მიგვეღო ისლამი. ეს დანაშაულებრივი ქმედება, მიმართული ქრისტიანული ქალაქებისა და ზოგადად ქრისტიანების წინააღმდეგ, ერთი დიდი გეგმის მცირედი ნაწილია - განდევნონ ქრისტიანები ახლო აღმოსავლეთიდან". სანამ წერილი ადრესატამდე მივიდოდა, მაალულიას წმინდა თეკლეს მონასტერში სასწაული მოხდა.

წმინდა თეკლეს მონასტრის იღუმენია დედა პელაგიასთან ინტერვიუს ამონარიდი.

"ტაძარში შეჭრილმა მოჯაჰედებმა ნაბიჯი ვერ გადადგეს. იმ მომენტში მათ პირისპირ აღმოვჩნდი. უცებ რაღაცნაირი ძალა ვიგრძენი, ეს ძალა ყველგან დატრიალდა. ეს უფლის ძალა იყო, მან შეგვმატა გამბედაობა. სწორედ ამიტომ ვიდექით ტერორისტების პირისპირ მხოლოდ ერთი იარაღით - რწმენით. მაშინ არც გვიფიქრია მონასტრის დატოვებაზე, რადგან ის ჩვენი სახლია მშვიდობიანობის დროს და არც ძნელბედობისას დავტოვებდით"...