ვინ ასრულებს "არაჩვეულებრივი გამოფენის" გმირის, ვალოდია ჯინჭარაძის როლს და როგორ წარიმართა მსახიობის ცხოვრება?
ვინ ასრულებს "არაჩვეულებრივი გამოფენის" გმირის, ვალოდია ჯინჭარაძის როლს და როგორ წარიმართა მსახიობის ცხოვრება?
ფოტო:შოთა გაბელაია
არის განსაკუთრებულად საყვარელი ფილმები და არიან ამ ფილმების დაუვიწყარი (მერე რა, რომ ეპიზოდური) პერსონაჟები. ერთ-ერთი ასეთია სწორედ ფილმ "არაჩვეულებრივი გამოფენის" გმირი ვალოდია ჯინჭარაძე, აი, ის - რადიატორთან რომ იჯდა... ამ როლს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი შოთა გაბელაია ასახიერებდა. ჩვენი რესპონდენტი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი და ბატონი შოთას მეუღლე აზა ნუცუბიძეა:

- შოთას გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერი იქნებოდა. უფრო შორიდან დავიწყებ. ჩემი სადიპლომო სპექტაკლი ნახა გენიალურმა რეჟისორმა ვასო ყუშიტაშვილმა და შემომთავაზა, სოხუმის
სახელმწიფო დრამატულ თეატრში წამოდი სამუშაოდო. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენს თეატრს შემოუერთდა შოთა გაბელაია. ის ისედაც სოხუმელი იყო და სწავლის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. ეტყობა, გადახედა დასს და უცებ დამადგა თვალი. ჩემი ცხოვრების გმირი სულ სხვანაირად წარმომედგინა და... უარი ვუთხარი. კარგად მახსოვს, 1962 წლის იანვარი
იყო. დილით ჩემი ბინის (მესამე სართულზე) ფანჯარაზე ფხაჭუნმა გამაღვიძა. გავიხედე და რას ვხედავ, შოთას ვეებერთელა წითელი ვარდების თაიგული ცალ ხელში უჭირავს, მეორით კი საწვიმარ მილს ჩასჭიდებია. ღია ფანჯარაში ბურთივით შემოვარდა თაიგულიანად, დაიჩოქა და, გამომყევი ცოლადო, მითხრა. იმ დღესვე მოვაწერეთ ხელი...
აზა ნუცუბიძე
ვფიქრობ, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ასეთი ჭკვიანური არაფერი გამიკეთებია. ვაჟი შეგვეძინა - კახა გაბელაია, ისიც მსახიობია.

- შემდეგ თბილისში გადმოხვედით საცხოვრებლად და ბევრი თეატრალური პერსონაჟიც განასახიერეთ. კინო როდის გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში?
- შოთამ პირველად ელდარ შენგელაიას ფილმში "არაჩვეულებრივი გამოფენა" ვალოდია ჯინჭარაძე განასახიერა. შემდეგ "სამანიშვილის დედინაცვალში" არისტოს როლზე დაუძახა ბატონმა ელდარმა. გადაღება ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში მიმდინარეობდა. ერთ დღეს რეჟისორი თბილისში იყო ჩამოსული და შემოგვიარა. რომ შემომხედა, არ გინდა შენც გადაგიღოო? ჩამისვა მანქანაში და წამიყვანა. არისტოს ცოლის როლი უნდა განმესახიერებინა. თოვლი იდო და უცებ მზემ გამოანათა. ბატონმა ელდარმა გაიხარა, რა კარგი ფეხი გქონიაო და დრო არ დაუკარგავთ, ისე დაიწყეს გადასაღებად ფაციფუცი.

აზა ნუცუბიძე ვაჟთან - კახა გაბელაიასთან ერთად
- ყველაზე ხშირად რას იხსენებთ ბატონ შოთაზე საუბრისას?
- სულ მეუბნებოდა, ყველაფერი იუმორით დაინახე, თუ გინდა, რომ ცხოვრება გაიადვილოო. მისი შეგონება მივიღე და მართლა ვცდილობ, ბევრი რამე გულთან არ მივიტანო, თუმცა არის ისეთი მომენტებიც, რასაც იუმორით ვერ შეხედავ. მის გარდაცვალებას 42 წლის ასაკში დღემდე ვერ შევეგუე.
- იუმორის თვალით დანახვა რისიც შეძელით, ის გვიამბეთ.
- ერთხელ ბორია წიფურიას და შოთას გადაუწყვეტიათ კიევში წასულიყვნენ და დრო გაეტარებინათ. ბორიამ გააშანშალა დეპეშა: "დოვჟენკოს კინოსტუდია შოთა გაბელაიას იწვევს მთავარ როლზე ფილმში "ხოჟდენიე პო მორიამ", გთხოვთ ჩამობრძანდეთ", ბოლოში კი მინაწერი:""რეჟისორ ტრიპერკოვ". დეპეშა რომ მივიღე, შოთა შინ არ იყო. წავიკითხე და საღამოს ვახარე. ვერ წავალო, გამომიცხადა. ამხელა გზაზე როგორ წავიდე, ფული არა მაქვსო. მაგაზე არ ინერვიულო, ჩემს დას გამოვართმევ-მეთქი, დავაიმედე. გავქანდი ჩემს დასთან, მოვიტანე ფული, ჩავულაგე ჩემოდანი და გავუშვი.

- იცოდით, რომ წიფურიასთან ერთად მიდიოდა?
- ეგ რომ მცოდნოდა, ყველაფერს მაშინვე მივხვდებოდი. იმ ზაფხულს საბჭოთა კავშირში ქოლერა გაჩნდა. თვე ისე გავიდა, შოთას არც მოუწერია, არც დაურეკავს. რომ არა და არ გამოჩნდა, გავაშანშალე დეპეშა დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში - ფილმში"ხოჟდენიე პო მორიამ", რომელსაც ტრიპერკოვი იღებს, მოწვეული გყავთ საქართველოდან მსახიობი შოთა გაბელაია. გთხოვთ გაგვაგებინოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისამართი-მეთქი. მეორე დღესვე მომდის პასუხი, არავითარ ფილმს "ხოჟდენიე პო მორიამ" არ ვიღებთ, არანაირი რეჟისორი ტრიპერკოვი არ გვყავს და არც შოთა გაბელაია მოგვიწვევიაო. გადამესხა ცივი წყალი. გავიხედე და ერთ კვირაში ჩამოვიდა დაღლილი, დაქანცული. რა ქენი, შოთა, იქაც იყო ქოლერა-მეთქი? მითხრა, საშინელი მდგომარეობა შეგვექმნა, გადაღება ვერ დავამთავრეთ და გაისად ზაფხულში ისევ უნდა წავიდეო. მე შენ მოგცემ გაისად წასვლას-მეთქი და დეპეშა ავაფარე. იცოდა ჩემი სუსტი წერტილი, ახლაც ასე ვარ, ძალიან თუ გავბრაზდი, სიცილი მისწრებს. მოკლედ, არ გამომივიდა გაბრაზება.

სულ 42 წელი იცოცხლა. ამ ხნის განმავლობაში ოციოდე ფილმსა და რამდენიმე ათეულ სპექტაკლში ითამაშა. ბოლო ფილმი იყო "ყვარყვარე", სადაც ქუჩარა განასახიერა. მარჯანიშვილში "შთამომავლობაში" უნდა ეთამაშა, ვერიკო ანჯაფარიძე უნდა ყოფილიყო მისი პარტნიორი. მთელი დასი მიდიოდა რეპეტიციაზე, რომ შოთასა და ქალბატონი ვერიკოს ნარდის თამაშისთვის ეყურებინათ.

პრემიერამდე ორი კვირით ადრე კოტე მახარაძე, კუკური ლაფერაძე, შოთა და კიდევ რამდენიმე მათი მეგობარი თელავში წავიდნენ. კოტეს ლექცია უნდა წაეკითხა და გაჰყვნენ. ლექციის დროს შოთა უკან, პარტერში, თურმე რაღაცებს ჰყვებოდა და ყველას სიცილით ხოცავდა. ლექციის შემდეგ რესტორანში წასულან. იქ გამხდარა ცუდად, სასწრაფო მოსულა, მაგრამ ვეღარ უშველეს...

- დღეს რა გაკავშირებთ აფხაზეთთან?
- მული და ორი მაზლი ლტოლვილობაში გარდაიცვალნენ. სოხუმში შოთას მშობლების სახლი მესიზმრება. ნეტავ მხოლოდ სიზმრებში არ ვეფერებოდეთ მშობლიურ არემარეს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები