"ჩემი შვილი უბრალოდ გარიყეს" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი უბრალოდ გარიყეს"

"კიბერბულინგი ჩვეულებრივი ძალადობის ფორმაა, ოღონდ ბულინგის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, უფრო მასშტაბურია და კონტროლს ნაკლებად ექვემდებარება"

კიბერბულინგი მთელი მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს პრობლემაა. მას არც ასაკი აქვს და არც სქესი. თანატოლებს შორის ჩაგვრა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს და გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ჩვენთან საქმეს ის ართულებს, რომ მასთან გამკლავების მექანიზმები არა გვაქვს.

14 წლის გოგონას დედა გვიყვება, რომ მისი შვილის ჩაგვრა თანაკლასელებმა წლების წინ დაიწყეს, რაც ინტერნეტით გაგრძელდა.

მოზარდის დედა: - "ჩემს შვილს მასწავლებლის შვილთან მოუხდა კამათი, რომელიც მისი პარალელურკლასელია, და რატომღაც ყველამ იმ ბავშვს დაუჭირა მხარი, მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც. ჩემი შვილი უბრალოდ გარიყეს. მის გვერდით ჯდომა არც ერთ მოსწავლეს აღარ უნდოდა. რაც დრო გადის, პრობლემა უფრო მასშტაბური გახდა. იმ ბავშვმა მხარდაჭერა რომ იგრძნო, უფრო აგრესიული გახდა. თუკი რამ დაშავდებოდა, ყველაფერს ჩემს შვილს აბრალებდნენ. ვფიქრობდი მასწავლებელი მოაგვარებდა ყველაფერს, მეც სულ ჩართული ვიყავი. ხან მეც ვადანაშაულებდი, იქნებ შენი ბრალია-მეთქი. მაგრამ ხომ არ შეიძლება ყოველთვის ის ყოფილიყო დამნაშავე?! ნინო შინ ყოველდღე გაღიზიანებული მოდის, ტირის, ნერვიულობს. ამ ხნის განმავლობაში არც ფსიქოლოგი ჩაურთავთ საქმეში, არ გვყავსო. მე რომ ფსიქოლოგთან ვატარო, ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს, მთელ კლასშია პრობლემა. თვლიან, რომ მხოლოდ ჩემი შვილია პრობლემური. არადა, სხვაგან, სადაც დაგვყავს ბავშვი, ცეკვაზე ან ტანვარჯიშზე, იქ არავისთან პრობლემა არა აქვს.

ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა 8 წლის ილია, რომელიც თანაკლასელებმა გარიყეს. როგორც მისი მშობელი გვიყვება, მასწავლებელი კონფლიქტურ სიტუაციებს ვერ უმკლავდება, ამიტომ მარტივი გამოსავალი იპოვა და ბიჭი კონფლიქტურ ბავშვად დაასახელა.

ილიას დედა: "სიტუაციას ის ართულებს, რომ დამრიგებელმა კონფლიქტში მხარეებად სხვა მშობლებიც ჩართო, რომლებმაც ბავშვის სხვა კლასში გადაყვანის მოთხოვნით განცხადება დაწერეს და ილიას გარიყვა ხელის მოწერით დაადასტურეს. სავარაუდოდ, ეს ინტერნეტით მოხდა, ამის თქმის საფუძველს კი ის მაძლევს, რომ ჩემი შვილი კომპიუტერს აღარ ეკარება".

ცოტა ხნის წინ ინტერნეტბულინგის მსხვერპლი გახდა ოზურგეთელი 15 წლის გოგონა. როგორც დადგინდა, "ფეისბუქში" გაცნობილმა მამაკაცმა გოგონა აიძულა ინტიმური ხასიათის ფოტოები გადაეგზავნა, რომლის შემდეგ დაემუქრა, რომ ფოტოებს მის მშობლებს აჩვენებდა, რის გამოც 15 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მეგი კავთუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი: "თანატოლებს შორის ჩაგვრა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში საქმეს ის ართულებს, რომ ჩვენ არ გვაქვს გამკლავების მექანიზმები. არ ვიცით, როგორ მოვაგვაროთ პრობლემა, სამაგიეროდ, კარგად გამოგვდის თვალის დახუჭვა. როგორც წესი, ამბობენ: ბავშვები არიან და შერიგდებიანო. ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებმაც გასულ წელს ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო ივიშვიშეს. გვიჭირს იმის აღიარება, რომ ამ ტრაგედიას სკოლაში დაწყებული დაპირისპირება უდევს საფუძვლად.

" ამოქმედდა საკონსულტაციო ქოლცენტრი, სატელეფონო დახმარების სრულიად უფასო სერვისი. (032 2) 219 60 80-ზე დარეკვის შემთხვევაში მშობელი მიიღებს უფასო კონსულტაციას სპეციალისტისგან ბავშვსა და სკოლასთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესახებ".

მაია ცირამუა, ფსიქოლოგი: "კიბერბულინგი ჩვეულებრივი ძალადობის ფორმაა, ოღონდ ბულინგის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, უფრო მასშტაბურია და კონტროლს ნაკლებად ექვემდებარება. ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტო ან პირადი ინფორმაცია, რომელიც გამოიყენეს შანტაჟისთვის, შეიძლება ძალიან სწრაფად გავრცელდეს და მუდმივადაც დარჩეს ამ სივრცეში. ამიტომ ზიანი უფრო სერიოზულია.

კიბერბულინგი უარყოფითად აისახება ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე და შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნას. კიბერბულინგი ხშირად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს".