"ჭვინტიან ფეხსაცმელს ყავლი არასოდეს გასდის" - კვირის პალიტრა

"ჭვინტიან ფეხსაცმელს ყავლი არასოდეს გასდის"

"თასზე ჭვინტიანი ფეხსაცმელი ოცდასამ ღვთაებას აცვია. სწორედ ეს არის ის უძველესი "ხათური ფეხსაცმელი", რომელსაც ქმნიდა ანატოლია-საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი, რომლის შთამომავალი და კულტურის ორგანული ნაწილი ქართველები ვიყავით"

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ მოდა ელვისებურად ჯერ კიდევ მაშინ ვრცელდებოდა, როდესაც არც ტელევიზორი იყო და მით უფრო, არც მობილური ტელეფონი. ზუსტად ასევე გავრცელებულა მსოფლიოში კაცობრიობის ყველაზე მოდური "ცხვირიანი" ფეხსაცმელი ქართველთა უძველესი წინაპრებისგან. დღეს ყველა მეცნიერული მტკიცებულებით დასაბუთებულია, რომ ქუსლიანი "ფრანცუსკები" ანატოლია-საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ხათების შექმნილი ჭვინტიანი ფეხსაცმლის სახეცვლილებაა. უძველესი ლურსმული დამწერლობის ფირფიტებზე ასეც ჰქვია: "ხათური ფეხსაცმელი"! ამ თემით უფრო მაშინ დავინტერესდი, როცა თურქეთის მუზეუმში დაცულ ძვ. წ. II ათასწლეულის თიხის ჭვინტიანი ფეხსაცმლის ფორმის სასმისის შესახებ შევიტყვე. ამან ის მობარბაცე ქართველები გამახსენა, რომელთაც ღვინო ჩემ თვალწინ შეუსვამთ "ფრანცუსკებით" და გავუგიჟებივარ. თურმე რას ვერჩოდი, ფეხსაცმლით ღვინის სმა სისხლში გამჯდარი გვქონია! კაცობრიობის ყველაზე მოდური ფეხსაცმლის შექმნის ისტორიაზე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ მაია ღამბაშიძეს ვესაუბრე. ის ერთ-ერთია იმ თითზე ჩამოსათვლელ მეცნიერთა შორის, რომელსაც ქრისტემდე III ათასწლეულში შექმნილი ლურსმული დამწერლობის წაკითხვა შეუძლია.

- ქართულ მატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული ჭვინტიანი ფეხსაცმელი ანატოლიის, დღევანდელი თურქეთის, რელიეფურ გამოსახულებებზე ხშირად ფიქსირდება. ჩვენს ტერიტორიაზე კი ამ ფეხსაცმლის უძველესი გამოსახულება ქრისტემდე II ათასწლეულის დროინდელ თრიალეთის თასზეა გამოსახული. ამ თასზე ჭვინტიანი ფეხსაცმელი ოცდასამ ღვთაებას აცვია. სწორედ ეს არის ის უძველესი "ხათური ფეხსაცმელი", რომელსაც ქმნიდა ანატოლია-საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი, რომლის შთამომავალი და კულტურის ორგანული ნაწილი ქართველები ვიყავით. სხვათა შორის, ჯერ კიდევ 80 წლის წინ შეადარა უდიდესმა მეცნიერმა გიორგი ჩიტაიამ ჩვენს მუზეუმში დაცული კავკასიური ჭვინტიანი ფეხსაცმელი ანატოლიურ რელიეფებზე გამოსახულ ფეხსაცმელს და გაოცდა, იმდენად იდენტური იყო. რასაკვირველია, ამ კულტურაში სხვა სახის ფეხსაცმელიც იყო გავრცელებული, მაგრამ ჭვინტიანი მხოლოდ მათ ეკუთვნით, მათი კულტურის ქმნილებაა და საკრალური მნიშვნელობით დატვირთეს - ჭვინტიანი ფეხსაცმლის ჩაცმის უფლება მხოლოდ ღვთაებებსა და მეფეებს ენიჭებოდათ. ასე რომ, ფეხსაცმლის ეს ტიპი სხვა კულტურაში სხვაგან არსად დასტურდება. ლურსმული დამწერლობის გაშიფვრამ და თიხის ბიბლიოთეკების აღმოჩენამ ხათურ ჭვინტიან ფეხსაცმელზე კიდევ მეტი ცნობა მოგვცა. მაგალითად, ერთ-ერთ ფირფიტაზე ნიუანსურად არის აღწერილი, როგორ მოსავენ მეფის სახელზე გაკეთებულ სარიტუალო თოჯინას ჭვინტიანი ფეხსაცმლით. სხვა ფირფიტაზე დაბადების სცენაა აღწერილი და ბებიაქალი გვიამბობს, როგორ ჩაიცვა განრისხებულმა ღვთაება ანცილმა შებრუნებული კაბა და ჭვინტიანი ფეხსაცმელი - მარცხენა ფეხსაცმელი მარჯვენა ფეხზე, მარჯვენა კი მარცხენაზე.

- უცნაურია, მაგრამ ამან გამახსენა, რას ამბობენ ჩვენში კაბის შემთხვევით შებრუნებით ჩაცმისას, არა უშავს, აღარაფერი შეგაშინებსო! - უცნაური არაფერია, საკრალური რიტუალების ზოგიერთი ნიშანი ათასწლეულებია შეუცვლელია. Nნებისმიერ ჩვენგანს გაუგია გამოთქმა, მარცხენა ფეხზე ვარ ამდგარიო! ესე იგი, დღეს არაფერი გამომდისო. ცხადია, ეს გამოთქმაც უძველესი დროიდან მოდის. მესხეთ-ჯავახეთის საფუძვლიანად შესწავლა რომ შეგვეძლოს, ეჭვი არ მეპარება, რომ თიხის ლურსმული ბიბლიოთეკები იქაც აღმოჩნდება. ჯავახეთის აბულის ციხე-მეგალითი ჯერ კიდევ უძველესი დროის ხეთურ წყაროებშია მოხსენიებული. თიხის ლურსმული ფირფიტების მორიგი ბიბლიოთეკაც ახლახან აღმოჩნდა თურქეთისა და მესხეთ-ჯავახეთის საზღვართან ახლოს.

- რით კერავდნენ ხათები ჭვინტიან ფეხსაცმელს, თუ არის ეს თიხის ბიბლიოთეკებში მოთხრობილი? - ძირითადად, ტყავით, მდიდრულებს ოქროთიც მოსავდნენ. მაგალითად, ერთ თიხის ფირფიტაზე აღწერილია, რომ ოქრო-ვერცხლით შემკული ფეხსაცმელი ქალაქ ფურალში შეიკერა. ფურალი უძველესი ხათების ქალაქია და როგორც ჩანს, იქ განსაკუთრებული ფეხსაცმელი იკერებოდა. სხვათა შორის, ჭვინტი ქსოვილის ფეხსაცმელსაც აქვს, ხევსურეთში ხომ ჭვინტიან ფეხსაცმელს მსხვილი მატყლის ძაფისაგან ქსოვდნენ.

მოგვიანებით ხათურმა ფეხსაცმელმა ჩვენს მეფეებსა და დიდებულებზე გადმოინაცვლა. მაგალითად, ოპიზის ტაძრის ბარელიეფზე გამოსახულ აშოტ კურაპალატს სწორედ ჭვინტიანი ფეხსაცმელი აცვია. ცხადია, თანდათან ის ევროპაშიც გავრცელდა, მაგრამ ხათებს ამ ფეხსაცმლის შექმნის პრეროგატივას ვერავინ წაართმევს, ისევე როგორც იმ უძველეს კულტურას, რითაც მთელ მსოფლიოს დასდეს ამაგი. როგორც აღმოჩნდა, ჭვინტიანი ფეხსაცმელი აქტუალური იქნება 2019 წლის მოდის სეზონზე ჯინსსა და პულოვერთან ერთად. Dდიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის თქმით, ჭვინტიან ფეხსაცმელს ყავლი არასოდეს გასდის.