"ნაცმოძრაობის" გამარჯვების წარმოდგენაც არ მინდა, შეიძლება გული გამისკდეს" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობის" გამარჯვების წარმოდგენაც არ მინდა, შეიძლება გული გამისკდეს"

"ვაშაძემ - პირველად რასაც გავაკეთებ, შევიწყალებ სააკაშვილს და დანარჩენებსო. რა უნდა ელაპარაკო ახლა მაგას!.."

მსახიობ ზურა ყიფშიძესთან ბევრი დღევანდელობაზე და ცოტაც მარადიულობაზე ვისაუბრეთ.

- გავიხსენებ სხვადასხვა სტატიიდან ფრაზებს. მამაჩემს ხელფასი არ ჰყოფნისო, - გიორგიმ... ზურამ ბინა დაკარგაო... ამის შემდეგ საზოგადოების ნაწილს გაუკვირდა, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა შორის რომ გიხილათ.

- კანდიდატთა შორის ჩემთვის სალომე ზურაბიშვილი ყველაზე მისაღები იყო. ჩვენი ქვეყნის 80% უნდა ააყვავო ისე, რომ ის 20% თვითონ შემოგიერთდეს. ამას სჭირდება "დრეკადი" პოლიტიკოსი. ასეთად მიმაჩნია ეს ქალბატონი, აღარაფერს ვიტყვი მის გარეგნობასა და წინაპრებზე. ბინის ამბავი კი არანაირად არ არის დაკავშირებული არჩევნებსა და პოლიტიკასთან. არავინ დამპირებია, რომ ბინას დამიბრუნებს. შევიტანე საჩივარი სასამართლოსა და პოლიციაში. ჩემი ცოლია მოტყუებული! რაც მოხდა, ჩემი ბრალია?

- ჩემი ცოლი მოტყუებულიაო. რატომ? - ჩემმა ქალიშვილმა და ცოლმა ახალგაზრდებს მიაქირავეს ფართობი, ისინიც ადგნენ და დაუკითხავად ჩადეს იპოთეკაში, ის ფული კი დახარჯეს... მერე სხვა ფინანსურ დაწესებულებებში გადაიტან-გადმოიტანეს. მერე ერთ-ერთმა დამქირავებელმა თავი მოიკლა, ცოცხალი კი ყველაფერს გარდაცვლილს აბრალებს, არადა, თვითონ აქვს ხელი მოწერილი საბუთებზე. იურისტები მეუბნებიან, ბევრი დეტალია ხელმოსაკიდი, თუმცა ხანგრძლივი პროცესი იქნებაო.

- ხილიანის ბინაზეა ლაპარაკი? - არა, ეს ბინა ჩემს ცოლსა და მის დას მამამისმა დაუტოვა. ყოფილი მხატვართა სახლის უკან, გუდიაშვილის სახლი რომ იყო, ის სადარბაზოა...

ახლა დავუბრუნდეთ ისევ ქალბატონ სალომეს... შემრცხვა მათ მაგივრად, ვინც ქართული დაუწუნა. მერე რა, რომ ლევან ბერძენიშვილივით მჭევრმეტყველი არ არის. ბატონ ლევანს დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ გამაგიჟა, როცა ეს ნაბიჯი გადადგა და ვაშაძის მხარდამჭერებში აღმოჩნდა...

ამას წინათ, დილაუთენია, მირეკავს ქალბატონი, პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, თეატრები დოტაციაზე არ უნდა იყოს, თავი თვითონ შეინახონო. თუ მართლა ასე ამბობს, დეგენერატი ყოფილა-მეთქი. ამან კი არ დაწერა პირდაპირ? ვაშაძეს მეუღლე მაინც არ ჰყავდეს ხელოვანი, მან ხომ კარგად იცის, რაც ხდება თეატრში?!

ზურა ყიფშიძე შვილთან - გიორგისთან და შვილიშვილ ნატალისთან ერთად ფეხბურთელებს რატომ ვაძლევთ ფულს, მაინც ცუდად თამაშობენო, ამბობს კაცი, რომელსაც პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია. როგორ შეიძლება იყო იმ პარტიის გულშემატკივარი, რომელსაც ასეთი კაცი ჰყავს კანდიდატად. "ნაცმოძრაობის" ადგილას საერთოდ არ გამოვჩნდებოდი. ვაშაძემ - პირველად რასაც გავაკეთებ, შევიწყალებ სააკაშვილს და დანარჩენებსო. რა უნდა ელაპარაკო ახლა მაგას!.. საგიჟეთში მაინც დააწვინონ ეს კაცი, ავად არის აშკარად.

- დავუშვათ, გაიმარჯვა "ნაცმოძრაობის" კანდიდატმა. როგორ განვითარდება მოვლენები? - აუჰ... ან უნდა გაუყვე კუდიგორის გზას, ან კიდევ ომობანა, დაპირისპირება დაიწყოს. წარმოდგენაც არ მინდა, შეიძლება გული გამისკდეს. სხვა რომ არაფერი, სირცხვილია! სააკაშვილის რეჟიმის მობრუნება დაუშვებელია!

მე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების მჯერა! დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოცვას - ვნახოთ, როგორი გუნდი შეიკვრება. დღეს "ქართული ოცნების" გუნდი "ჭრიჭინებს". შეცდომებში, გაურკვევლობასა და ბურუსში ვიყავით და ამას არც მალავენ... უნდა დავწყნარდეთ, დავისვენოთ. ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, პოლიტიკით ვართ შეპყრობილი.

ვერ დავალაგეთ ქვეყანა და გაუთავებელ მოლოდინსა და გარდამავალ პერიოდში ვართ.

- მოხვიდოდით ოდესმე პოლიტიკაში? - მიმაჩნია, რომ მსახიობობით მეტი სიკეთის მოტანა შემიძლია ჩემი ქვეყნისთვის, ვიდრე პოლიტიკაში მოსვლით...

გახსოვთ, მიშას დროს როგორ ცდილობდნენ, დაენერგათ არასწორი შეხედულებები, ვითომ ამერიკულ ცხოვრებას გვასწავლიდნენ... ერთხელ სახლში მისულს რაღაც ტესტი მომაჩეჩეს, აბა, სწორი პასუხი გამოიცანიო? სიტუაცია ასეთია: ზიხარ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დგანან ფეხმოჭრილი ჯარისკაცი, ფეხმძიმე ქალი და მოხუცი. რომელს დაუთმობდი ადგილსო? დავიწყე მსჯელობა: ფეხმძიმე ყველაზე ძლიერია, რადგან მაგარ მდგომარეობაშია; ფეხმოჭრილი ვაჟკაცია, იომა; ამან კი რა ქნას, ბუნებამ დააბერა - ბებიას-მეთქი. არა ხარ მართალიო. ვაჰ, ამერიკელებს უყურე შენ, მაინც ფეხმძიმე ქალია, მომავალზე ფიქრია უმთავრესი, როგორ ვერ მივხვდი-მეთქი. არა ხარ მართალიო! უი, სამშობლოსთვის თავდადებულებს ხედავ, როგორ აფასებენ-მეთქი. მაინც არაო. ბილეთი გაქვს ნაყიდი და დაეტიე შენს ადგილასო - მაზიარეს ჭეშმარიტებას... ასეთები ვერასოდეს გახდებიან ქართველები!

- დრო ისე გარბის, ხვალ ეს არჩევნებიც აღარავის ეხსომება... და რა არის მარადიული?...

- შეგრძნება მაქვს, თითქოს 45-ის ვიყო, არადა, უკვე 65-ის ვარ. მარადიულია მუსიკა, ფიქრი, შეGრძნებები... სამი შვილიშვილი მყავს. პატარა ალექსანდრე ყველას გვაგიჟებს. არქიტექტორი უნდა გავხდე, ბევრი ფული მექნებაო. ფული რაში გჭირდება-მეთქი. ავაშენებ სახლებს, მაგრამ თბილისში არა, სადაც მგლები და მელიებიც არიან და ბევრი ჟანგბადიაო. ცხვირი ჩვენი აქვს - მოკაუჭებული ცხვიროსნები ვართ. უფროსი, ნიკუშა, უკვე დიდია. მე უმამოდ გავიზარდე, ნიკუშა ჩემთან ცხოვრობს. ხანდახან მამაც ვარ მისთვის. ზოგჯერ თუ რამეს გადავამეტებ, მებუტება... ნატალი არაჩვეულებრივი მყავს, საყვარელი, მიამიტი და ფაქიზია.