არსიანის თეთრი მარგალიტი - კვირის პალიტრა

არსიანის თეთრი მარგალიტი

ზღვის ქარის მოტანილი ქვიშა თოვლს შეერია და შეფერა. მართლაც ძალიან ლამაზი იყო, თუმცა როცა აქ ნამდვილი თოვა იწყება და პირველი თოვლის მუშტისტოლა ფანტელები ცვივა, ამას არაფერი შეედრება. გაოგნებული შეჰყურებენ ტურისტები

საქართველოში ბევრი ლამაზი ადგილია. მათ შორის არის არსიანის ქედი - აჭარის "თეთრი მარგალიტი", რომელზეც გოდერძის უღელტეხილი მდებარეობს. ახლა სწორედ აქ არის სათხილამურო კურორტი "გოდერძი", რომლის შესახებ ბევრმა არაფერი იცის, მაგრამ ვინც იცის და აქაურობა ერთხელ მაინც უნახავს, უკან აუცილებლად ბრუნდება! სათხილამურო ტრასის მეთვალყურე გიორგი ლომიასთვის არაერთხელ უთქვამთ უცხოელებს, სხვაგან წასვლას ვაპირებდით, მაგრამ "გოდერძიმ" დაგვიძახა და გულმა აქეთ გამოგვიწიაო. ამის გაგონებისას გიორგი მხოლოდ იღიმება, რადგან მშვენივრად იცის, რატომაც - თავბრუდამხვევი სამყაროსაგან შეწუხებულ ადამიანს აქ სიმშვიდე ხვდება, არც მანქანების გამონაბოლქვია და არც ცივილიზაციის ყურისწამღები ზუზუნი... რამდენიმე წლის წინ კი, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აქ, 2300 მეტრ სიმაღლეზე, ზამთარში ამოსვლა და თუნდაც ერთი დღე გაჩერება შეიძლებოდა.

გიორგი ლომია: - ადრე აქ მხოლოდ მწყემსები ამოდიოდნენ, ისიც - ზაფხულში. ხმაურსაც მხოლოდ მათი შეძახილი არღვევდა. დღეს კი... აქ პირველად ამოსულმა კაცმა შეიძლება მართლაც ვერ დაიჯეროს, რომ ეს სინამდვილეა.

კურორტის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო, მერე შეჩერდა და კვლავ განახლდა. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ ორი საბაგირო და ორიოდე ღამის გასათევი კოტეჯია, ხალხი მაინც ამოდის...

- იმის მიუხედავად, რომ თბილისიდან აქამდე 10 საათის გზაა? - დიახ. ყველაზე ხშირად ამერიკელები ამოდიან. სწორედ ისინი ამბობენ, ასე კარგად არსად ვგრძნობთ თავსო. არის სხვა გზაც, ბათუმის ავლით, თბილისიდან მესხეთის ქედის გავლით, რასაც მხოლოდ ოთხი საათი სჭირდება, მაგრამ გზის ბოლოს მგზავრები აქამდე ამოსაღწევად ორხიდიან მანქანებზე უნდა გადასხდნენ. თუმცა ამ გზითაც მოდიან, არ ეზარებათ.

- საკუთარი თვალით მინახავს ყვითელი და ვარდისფერი თოვლით შემოსილი "გოდერძის" მთები. ასეთი თოვლი ხშირად მოდის? - რამდენჯერმე იყო - ზღვის ქარის მოტანილი ქვიშა თოვლს შეერია და შეფერა. მართლაც ძალიან ლამაზი იყო, თუმცა როცა აქ ნამდვილი თოვა იწყება და პირველი თოვლის მუშტისტოლა ფანტელები ცვივა, ამას არაფერი შეედრება. Gგაოგნებული შეჰყურებენ ტურისტები.

ისე, რომ იცოდეთ, საქართველოში ყველაზე ხვავრიელი თოვა გოდერძიზე იცის. მიზეზი ის არის, რომ აქ ზღვისა და მთის კლიმატი ერევა ერთმანეთს. როცა სხვაგან ოდნავ წამოფიფქავს, აქ უკვე გვარიანად დებს. ამიტომაც არის, რომ თხილამურების სეზონი პირველად აქ იხსნება - არსიანის ქედზე.

- სათხილამურო ტრასაც თითქოს რაღაცნაირად იდუმალია... - იმიტომ, რომ ძალიან მაღლიდან ეშვება და სულ ფიჭვნარის გავლით მიქრი. ბევრ კურორტზე ამას ვერ ნახავ... თან კი თოვლიანი ფიჭვების სურნელი მოგყვება...…