ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება? - საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
19-11-2018
ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება? - საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია 600 000 მოქალაქისთვის დავალიანების განულების საკითხზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, კონკრეტულად ვის შეეხება მთავრობის ინიციატივა.

ამასთან, ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ კომერციულ ბანკებსა და ფონდ "ქართუს" შორის გარიგება ერთჯერად ხასიათს ატარებს და "მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს დავალიანების მოცულობას სამომხმარებლო სექტორში".

"საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ "ქართუს" შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018
წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:

2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით უწყვეტად ვადაგადაცილებულია; საკრედიტო ვალდებულების ძირი თანხა არ აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს; არ არის უზრუნველყოფილი ან უზრუნველყოფილია თავდებობით ან მოძრავი ქონებით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი პირების
ბაზაში რეგისტრირებულ მოვალეთა შემთხვევაში, საქმე ეხება იმ საკრედიტო ვალდებულებებს, რომელთა ნარჩენი ძირი თანხა არ აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს, ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და არ არის აღმოფხვრილი 2018 წლის 19 ნოემბრამდე.


საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ "ქართუს" შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესაბამისად ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულებების საბოლოო სიების განსაზღვრა მიმდინარეობს და დასრულდება 2018 წლის 3 დეკემბერს.

კომერციულ ბანკებსა და ფონდ "ქართუს" შორის გარიგება ერთჯერად ხასიათს ატარებს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს დავალიანების მოცულობას სამომხმარებლო სექტორში. ამასთან, საფინანსო სექტორი მოუწოდებს მომხმარებლებს ფინანსური ვალდებულების აღებისას პასუხისმგებლობით მოეკიდონ კრედიტის მომსახურების პირობების შესრულებას", - ნათქვამია საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები