"მთავრობამ ბავშვები თბილისში გადმოიყვანა, მაგრამ არც ახლა დადიან სკოლაში, არ უნდათ და მიტომ" - რას ამბობს იმ მამაკაცის და, რომელმაც 8 შვილი შინ გამოკეტა? - კვირის პალიტრა

"მთავრობამ ბავშვები თბილისში გადმოიყვანა, მაგრამ არც ახლა დადიან სკოლაში, არ უნდათ და მიტომ" - რას ამბობს იმ მამაკაცის და, რომელმაც 8 შვილი შინ გამოკეტა?

"ამჟამად მთავრობა იკვლევს ბავშვებს და ექსპერიმენტებს უტარებენ, ალბათ უნდათ, მამის საწინააღმდეგოდ ათქმევინონ რამე"

16 ნოემბერს, 8 შვილის მამას ამირან დევნოზაშვილს, რომელსაც იძულების მუხლით ჰქონდა ბრალდება წაყენებული, ოჯახურ ძალადობაშიც დასდეს ბრალი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წინასწარი სასამართლო განხილვა 24 ნოემბერსაა ჩანიშნული. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ლენტეხში მცხოვრები ამირან დევნოზაშვილი სამართალდამცველებმა ა.წ. აგვისტოში დააკავეს, ამის მიზეზი კი გახდა ის ფაქტი, რომ ამირან დევნოზაშვილმა ოჯახის წევრები სახლში გამოკეტა, მათ გარემოსთან კომუნიკაცია აუკრძალა და მის არც ერთ შვილს სკოლაში არ უვლია. ის 4 თვეა, რაც ქუთაისის #2 დაწესებულებაში ელის სასამართლოს განაჩენს.

ამირან დევნოზაშვილის საქმეში ფსიქოლოგების დასკვნაც არის, ისინი ირწმუნებიან, რომ ბავშვებზე მამა იძულებას ახდენდა. მისი უფროსი შვილი 22 წლისაა, ნაბოლარა კი 8 წლის. ბავშვებმა წერა -კითხვა და სხვა საგნებიც მშობლებისგან და ბებიისგან ისწავლეს. ამ პრობლემის მოგვარებაში 10 წლის განმავლობაში ჩართული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რესურსცენტრი, სამართალდამცავები, სოფლის სკოლის დირექტორი, სოფლის ექიმი, ცაგერ-ლენტეხის ეპარქიის ეპისკოპოსი. ისინი ამაოდ სთხოვდნენ მშობლებს, ბავშვები სკოლაში გაეშვათ, მათ აზრი ვერავინ შეაცვლევინა.

დღეს ამ ოჯახის 8 შვილი დაზარალებულად არის ცნობილი. ამირან დევნოზაშვილის დაკავების შემდეგ მათი მეურვეობა სახელმწიფომ იკისრა. მისი ცოლ-შვილი თბილისში ჩამოიყვანა და მუხიანში ბინა უქირავა. ბავშვების მდგომარეობას სპეციალისტები იკვლევენ, მიმდინარეობს მათი გამოკითხვაც.

ამირან დევნოზაშვილის მეუღლის, ნატო ტვილდიანის ოჯახი გარდაბნის რაიონში ცხოვრობს.  აი, რას მოგვიყვა მისი თანასოფლელი:

"მას შემდეგ, რაც სვანეთიდან ჩამოვიდნენ, ტვილდიანები გარდაბანში ცხოვრობდნენ (ლენტეხშიც მეზობლები ვიყავით). ნატოს მამა ბორიას კომუნისტების დროს ლენტეხში საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდა. მისი ვაჟი - გია "ნაციონალების" დროს დაიჭირეს და 12-წლიანი სასჯელი მოიხადა. მამამისი მასზე ნერვიულობას გადაჰყვა.

ნატომ თბილისში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, შემდეგ გერმანიაშიც სწავლობდა, ჩამოვიდა თუ არა, მალევე გაჰყვა ცოლად რუსთაველ ამირან დევნოზაშვილს. ქმარს სახლ-კარი არ ჰქონდა და ისინი საცხოვრებლად ლენტეხში, სიმამრის სახლში გადავიდნენ.

ნატო ორსულად იყო, პირველად რომ ჩამოვიდა გარდაბანში და ისეთი შემოსილი იყო, ყველას გაუკვირდა. ამბობდნენ, ეკლესიური გახდაო. მერე მეზობლებმა ისიც გაარკვიეს, ქმარი სახლიდან გარეთ არ ახედებსო. ოჯახი გარდაბანშიც აღარ ჩამოდიოდა. ამირანი ბავშვებს მარტო სკოლაში კი არა, ეზოდან გარეთ არ უშვებდა. დატყვევებული ბავშვებიდან ორს დიაბეტი დაემართათ და იძულებული გახდა ისინი ექიმთან მაინც ეტარებინა. ამირანმა ცოლიც მის ჭკუაზე გადაიყვანა. ერთხელ, ნატოს გარდაბნელმა მეგობრებმა შენიშვნა მისცეს, როგორ იქცევი, რას აკეთებო და ის მათ ძალიან გაუბრაზდა, უთხრა, რას ამბობთ, ჭეშმარიტი გზა ვიპოვეო. მათ სახლში არც ტელევიზორი აქვთ, არც - კომპიუტერი. ნათესავები მათ შვილებს არც იცნობენ, მგონი, ნანახიც არ ჰყავთ. ლენტეხში ცოლ-ქმარი ნატოს მამის აშენებულ დიდ სახლში ცხოვრობდნენ. მახსოვს, ისე უჭირდათ, რამდენიმე ოთახში იატაკი აყარეს, იმას წვავდნენ და თბებოდნენ, გარეთ არ გადიოდნენ, არც ნათესავებთან მისვლა-მოსვლა ჰქონდათ... სახლი ლენტეხში, სადაც დევნოზაშვილები ცხოვრობდნენ

სრულიად ასოციალურები არიან, თითქოს ადამიანების შიში აქვთ და გაურბიან მათ. ნატოს მოსწონდა თუ არა ასეთი ყოფა, არ ვიცი, მაგრამ კი დაემორჩილა მათ წესებს და მათ დაემსგავსა. დედამთილი ორი თვის წინ გარდაიცვალა, ამირანის ცოლ-შვილი კი მისი დაპატიმრების შემდეგ თბილისში, მუხიანში მთავრობის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და მათი მეურვეობაც მთავრობამ იკისრა. როგორც გავიგეთ, მათთვის ბინის ყიდვასაც აპირებენ."

ირმა დევნოზაშვილი, ამირანის და: - ჩემი ძმა 4 თვეა დაკავებულია. მუდმივად გვეუბნებიან, ახლა იქნება სასამართლო, ახლა იქნებაო, დროს წელავენ. გვითხრეს, ექსპერიმენტებს ვატარებთ, ბავშვების დაკითხვა-გამოკვლევა მიდისო და ამ ადამიანს რას უპირებენ, ვერ გავიგეთ.

- სად და როგორ არიან ლენტეხიდან თბილისში გადმოყვანილი თქვენი ძმისშვილები? - მთავრობამ ისინი თბილისში გადმოიყვანა, მაგრამ ზუსტად სად წაიყვანეს და რას უკეთებენ, არ ვიცი. თურმე ბავშვების დაკითხვას აწარმოებენ. მამა ისე უყვართ, იმაზე ცუდს რა ათქმევინებთ? არასოდეს მათთვის ხელი არ დაუკარებია, იმისთანა განათლება მიაღებინა, როდესაც შეამოწმეს, ნახეს, რომ ისინი თანატოლებზე განვითარებულები და განათლებულები არიან. მათ დედ-მამა ამეცადინებდა, ორივეს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ამჟამად მთავრობა იკვლევს ბავშვებს და ექსპერიმენტებს უტარებენ, ალბათ უნდათ, მამის საწინააღმდეგოდ ათქმევინონ რამე. ვერ გავიგე, რა იგულისხმება ძალადობაში. ამირანი ბავშვებზე ფიზიკურად არ ძალადობდა, თან ჰყვებოდა, ეკლესიურად ზრდიდა. სახლში აღებინებდა განათლებას. ეს ადამიანი არის უსამართლობის მსხვერპლი. 4 თვეა კონტაქტი არ გვაქვს ძმასთან, არც ბავშვებს გვანახებენ.

- გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდა იმისა, რომ ბავშვებს სკოლაში არ უვლიათ, მათ გარემოსთან, ასევე თანატოლებთან კომუნიკაციაც აკრძალული ჰქონდათ და სახლში იყვნენ გამოკეტილნი... - სვანეთში ცხოვრობდნენ და ვისთან უნდა ჰქონოდათ კონტაქტი? ან შარაგზაზე და ტყე-ღრეში სახეტიალოდ ხომ არ გაუშვებდა ბავშვებს? "რუსთავი-2"-ის ჩხიკინის მსხვერპლია ეს კაცი, სამჯერ ავიდნენ და გადაიღეს. ამის გამო დედაჩემს ნერვიულობაზე ინსულტი დაემართა და ამ ამბავს შეეწირა - ორი თვეა გარდაიცვალა. ახლა ჩემი ძმა ხომ ციხეში ზის და რა, ბავშვები მივიდნენ სკოლაში? არ უნდათ და მიტომ. ფაქტია, რომ არც ახლა დადიან სკოლაში.

- ანუ თქვენც ამართლებთ ბავშვების შინაპატიმრობას? თქვენც თუ დაგყავთ შვილები სკოლაში? - მე ვთვლი, რომ თუ ამირანი ასე თვლის საჭიროდ, ასეც უნდა იყოს. ჩემს შვილს მინდა მივიყვან სკოლაში, მინდა – არა. ამ ადამიანმა რადგან გადაწყვიტა ასე ეცხოვრა და მოქცეულიყო, ამისი სრული უფლება აქვს.  ჩემი შვილი დადის სკოლაში, მაგრამ მე ერთი ვაჟი მყავს და მინდა, რომ ხალხთან ჰქონდეს კონტაქტი. 8 შვილი რომ მყოლოდა, შეიძლება მეც არ მეტარებინა...

- ამბობენ, ბავშვებს ბიძა და სხვა ნათესავები არც იცნობდნენ, არც მეზობლებთან ჰქონდათ კონტაქტიო... - როგორ არ იცნობდნენ, ჩვენ გვქონდა ურთიერთობა. იქნებ მას არ აწყობდა სვანეთში მეზობლებთან მისვლა-მოსვლა და მათი ჭორაობის მოსმენა? ეგ რომ მეზობელ კაცებთან გასულიყო, ლოთობა უნდა დაეწყო. ჩემს ძმას არ უყვარდა ქეიფი და დროსტარება, კაცი ოჯახზე იყო გადამკვდარი. კაცი იყო ჩაკეტილი, კონტაქტებს ერიდებოდა, არც გადიოდა და არც სახლში უშვებდა არავის.

მე ის მიმაჩნია ძალადობად, მთვრალი კაცი შინ რომ მივა და ცოლ-შვილს სცემს. მათ რატომ არ სჯიან და არ იჭერენ? ეს ნორმალურად მიგაჩნიათ, ხომ? კაცი არ სვამდა, არ ეწეოდა, ოჯახზე იყო გადაყოლილი და მისი დაჭერა როგორ შეიძლებოდა? ბავშვებს რომ ეთქვათ, ჩვენი სურვილის წინააღმდეგ იქცეოდა და გარეთ არ გვიშვებდაო, მაშინ დაეჭირათ.

- ალბათ ბავშვებიც შეეგუენ ასეთ ყოფა-ცხოვრებას, ან იქნებ მამის ნების წინააღმდეგ წასვლა აშინებთ? - კი, მიეჩვივნენ და მათაც ასე სურთ. არანაირი შიში, მამა სიგიჟემდე უყვართ და არ ჩივიან. მართლა მკვლელები და დამნაშავეები გარეთ დაიარებიან და კაცი ეკლესიურად ცხოვრობს და ამის გამო შეიძლებოდა მისი დაჭერა? როცა მომჩივანი არ ჰყავს, რა უფლებით აკავებენ, რის საფუძველზე დაიჭირეს ჩემი ძმა? მისი შვილები დღეში ათჯერ დაჰყავთ გამოკვლევებზე, დაკითხვაზე, 2 თვეა რა კუთხით არ უდგებიან და მამაზე ცუდი ვერაფერი ათქმევინეს. ჩემი ძმა უდანაშაულოა და მას ცუდი არაფერი ჩაუდენია.

გოჩა კილასონია, ამირან დევნოზაშვილის ადვოკატი: - 16 ნოემბერს ამირან დევნოზაშვილს მეორე ბრალდებად ოჯახური ძალადობა წაუყენეს. 24 ნოემბერს ჩანიშნულია წინა სასამართლო სხდომა, ამის შემდეგ კი დაიწყება საქმის არსებითი განხილვა. გამოძიება დევნოზაშვილს ბრალს იმის საფუძველზე უყენებს, თითქოს ის ოჯახის წევრებზე ძალადობდა. ბავშვების გამოკვლევა ცალკე მიმდინარეობს, მაგრამ ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია, რა დასკვნა გასცა ექსპერტიზამ. ბრალდებულს რაც ეხება, მასაც ჩაუტარდა სამედიცინო კვლევა და ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჯანმრთელი და ნორმალური ადამიანია.

იხილეთ ასევე: "ათას რაღაცას დაგვპირდნენ, რომ დავთმოთ ჩვენი პოზიცია"

(სპეციალურად საიტისთვის)