"რაც მინდა და ვინც მინდა, ის არ არის" - კვირის პალიტრა

"რაც მინდა და ვინც მინდა, ის არ არის"

"აუცილებელია, ქალი ლამაზად გამოიყურებოდეს"

მომხიბვლელი გარეგნობის გარდა, წლევანდელ "ვიცე-მის პლანეტას", რომელიც ქართველი ნინო გველესიანი გახლავთ, უშუალო ხასიათი და საკმაოდ მრავალფეროვანი ბიოგრაფია აქვს. არც პირად ცხოვრებაზე გულწრფელ საუბარს ერიდება...

"ვიცე-მის პლანეტა 2018"

- დიდი ხნის განმავლობაში მოდელობისთვის თავი დანებებული მქონდა - კონკურსებში, ჩვენებებში ან თუნდაც, გადაღებებში მონაწილეობის სურვილი აღარ მიჩნდებოდა. რატომღაც, უცებ გადავწყვიტე, ამ სფეროში ისევ დავბრუნებულიყავი. გავიგე, რომ საერთაშორისო კონკურსისთვის - "მის პლანეტა" შესარჩევი ტური ბათუმში ტარდებოდა. დავინტერესდი. შემდეგ ისე მოხდა, რომ გავიმარჯვე და სექტემბერში, საერთაშორისო კონკურსში, საქართველოს სახელით ვმონაწილეობდი (კონკურსი თბილისში ჩატარდა) და "ვიცე-მის პლანეტა 2018" გავხდი. რომ მცოდნოდა, ასეთი დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა, ალბათ, მონაწილეობას არ მივიღებდი. წარმოიდგინეთ, 25 ქვეყნის წარმომადგენელს უნდა უმასპინძლო, შენი ქვეყანა, კულტურა გააცნო. ეს ძალიან რთული იყო. სამაგიეროდ, ყველა კონკურსანტი ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. სოციალურ ქსელში საერთო ჩატი შევქმენით და ერთმანეთს ახლაც ვეკონტაქტებით. საქართველო ყველას ძალიან მოეწონა. ამბობდნენ, - ქართველები განსხვავებულები, სტუმართმოყვარეები და თბილები ხართო.

- კონკურსის შემდეგ, შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა? - განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა, რადგან საქართველოში მოდის სფერო დიდად განვითარებული არ არის. უბრალოდ, ჩემ მიმართ მეტი ინტერესი გაჩნდა: უნდათ, რომ რეკლამებში, ფოტოგადაღებებში მონაწილეობა მივიღო. ამის გამო ყოველი შაბათ-კვირა დაგეგმილი მაქვს.

სპორტი და მოდა

- ბავშვობაში "თხაჯანა" ვიყავი. თუკი ჩემს და-ძმას ვინმე აწყენინებდა, მათ დასაცავად პირველი მე გავდიოდი. ჩემი და ძალიან ნაზი და ფარფატაა. ზედმეტის თქმა არავისთვის შეუძლია. მშობლებმა გადაწყვიტეს, ის სპორტის რომელიმე სახეობით დაეკავებინათ - იქნებ თავის დაცვა შეძლოსო. რა თქმა უნდა, კარატეზე მეც შევედი. ბოლოს ჩემი ინტერესი სერიოზულ ამბავში გადაიზარდა: დედაჩემს სკოლიდან ურეკავდნენ, თქვენმა შვილმა ბავშვს სცემაო.

- ბავშვებს რატომ ეჩხუბებოდი? - ხან ჩემს დას უხსნიდნენ სიყვარულს, ხან - მე. ჩემი მეზობელი ბიჭი მეღადავება ხოლმე - ბავშვობაში სიყვარული რომ აგიხსენი, რატომ მცემეო (იცინის)?.. ძირითადად, ასეთი საკითხების გამო ვჩხუბობდი... მოკლედ, მშობლები იძულებული გახდნენ, კარატედან გამოვეყვანე. ფიქრობდნენ, - ჩვენი შვილი ისეთ წრეზე შევიყვანოთ, რომ ცოტათი გოგოს დაემსგავსოსო. ჰოდა, 12 წლის ვიყავი, როცა სამოდელო სააგენტო "კატრინში" მიმიყვანეს. თავდაპირველად, დიდი ტანჯვა გამოვიარე, რადგან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით კარგად ვერ დავდიოდი (იცინის). დიდი წვალების შემდეგ, ეს შევძელი. 2011 წელს კონკურსში - "მის თინეიჯერი" ვმონაწილეობდი - გვატემალაში გავემგზავრე, სადაც "ტოპხუთეულში" მოვხვდი.

ცხოვრება ჩინეთში

- ცვალებადი ხასიათი მაქვს. ერთ დღესაც გავიღვიძე და რატომღაც მომინდა, სადმე გავმგზავრებულიყავი. გავიგე, რომ მოდელები ჩინეთში მიემგზავრებოდნენ. მენეჯერი ჩემი ახლობელი იყო. მეც გავემგზავრე (კონტრაქტით), როგორც მოდელი. შემდეგ დიჯეის პროფესიით დავინტერესდი და გადავწყვიტე, დაკვრა მესწავლა, რადგან იქაურ კლუბებში ძალიან კარგი სიტუაცია იყო. საბედნიეროდ, ეს პროფესია მალე ავითვისე და ვმუშაობდი... ზოდიაქოს ნიშნით ტყუპი ვარ და ყველაფერს მარტივად ვეგუები და ასევე მარტივად მწყინდება. თუმცა, იქ 2 წელი ისე გავატარე, რომ დაბრუნება არ მინდოდა, არც არავინ მენატრებოდა... ახლა, როცა საქართველოში დავბრუნდი, არსად წასვლა აღარ მინდა - საკუთარი ქვეყანა უფრო მეტად დავაფასე და შევიყვარე. ცხადია, ჩინეთი და საქართველო ერთმანეთისგან განსხვავდება, თუნდაც - შრომის გასამრჯელოთი, გართობისა თუ ცხოვრების სტილით, მაგრამ იქ მხოლოდ ჩემს ახლობლებთან ერთად თუ ვიცხოვრებდი, მარტო - ვერა.

"სითბოს გამოხატვა დიდად არ შემიძლია"

- დიდი ოჯახი მყავს: დედ-მამა, და-ძმა და ჩემი "შვილობილი" ძაღლი (იღიმის). ჩემმა დამ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობას ახლა იწყებს. ძმა ჯერ 18 წლის არის. ოჯახის წევრებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ბუნებით ძალიან ცივი ადამიანი ვარ - სითბოს გამოხატვა დიდად არ შემიძლია. თავისი მშობლები და და-ძმა ვის არ უყვარს? ისინი მეც ძალიან მიყვარს. უბრალოდ, მათ ბევრ დროს ვერ ვუთმობ, რადგან დილით სამსახურში მივდივარ, საღამოს უკან დაბრუნებული კი ჩემს ოთახში შევდივარ და მაშინვე ვიძინებ... რაც უნდა იყოს, ჩემთვის მშობლები ყოველთვის პირველ ადგილზე არიან. გაგრძელება