"ქუჩაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით იოლია, ვიდრე ინტერნეტში" - კიბერბულინგისა და მუქარის გაუარესებული სტატისტიკა - კვირის პალიტრა

"ქუჩაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით იოლია, ვიდრე ინტერნეტში" - კიბერბულინგისა და მუქარის გაუარესებული სტატისტიკა

თანამედროვე ციფრულმა ტექნოლოგიებმა შეცვალა და გარკვეულწილად გააიოლა ადამიანთა შორის კომუნიკაცია. თუმცა ამას აქვს თავისი უარყოფითი მხარეც - ტექნოლოგიების განვითარებასთან იზრდება სამართალდარღვევის შემთხვევები, რომელმაც ქუჩიდან ინტერნეტსივრცეში გადანაიცვლა. ამან სტატისტიკაზე შესაბამისი ასახვა უკვე ჰპოვა.

კიბერბულინგი არის ადამიანის დამცირება, ჩაგვრა, შეურაცხყოფა ინტერნეტის საშუალებით. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ამ საფრთხის წინაშე სულ უფრო მეტი ადამიანია, მიუხედავად მისი ცნობადობისა თუ სოციალური სტატუსისა.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში მუქარის ობიექტი თავად პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გახდა.

ზურაბიშვილის განცხადებით, 9, 10 და 11 ნოემბერს მას და მის შვილებს შეტყობინებები გაუგზავნეს, სადაც ნათლად იყო გამოხატული სიცოცხლის მოსპობის მუქარა. "შუბლს გაგიხვრიტავ, თქვენს სისხლს დავლევ", - ზურაბიშვილის თქმით, სწორედ ამგვარი შინაარსის იყო მუქარა. სალომე ზურაბიშვილი, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შუბლის გახვრეტით და სიცოცხლის მოსპობით ინტერნეტში არაერთ ცნობილ ადამიანს დამუქრებიან. ზურაბიშვილის შემდეგ ანალოგიური განცხადებები „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთეს.

"რამდენიმე თვის წინ პირადად გავხდი სწორედ ასეთი შეტევის ობიექტი; მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მიხსენიებდნენ უცენზურო სიტყვებით" - დაწერა "ფეისბუკზე " სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და შესაბამისი სქრინებიც გამოაქვეყნა.

მუქარის შემცველი შეტყობინების ადრესატი ამ ცოტა ხნის წინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც გახდა.

ორგანიზაციის ცნობით, 13 ოქტომბერს გიგაურს სოციალურ ქსელში მიწერა მოქალაქემ, რომელიც მას არა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არამედ პირადი ანგარიშსწორებითაც დაემუქრა.

არსებობს თუ არა სოციალურ ქსელში განხორციელებული მუქარის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის პრეცედენტი, უცნობია. გახარიას უწყებაში აცხადებენ, რომ კიბერბულინგის, როგორც დანაშაულის ცალკე გამოყოფა და აღრიცხვა არ ხდება, თუმცა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიციაში განცხადების შეტანა და გამოძიების დაწყების მოთხოვნა. როგორც წესი, გამოძიება 151-ე მუქარის და 184-ე კიბერდანაშაულის მუხლებით დაიწყება.

როგორც კოდექსში ვკითხულობთ, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით კომპიუტერული დანაშაულის 729 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება გასული წლის მონაცემებს. 2017 წელს საქართველოში კიბერდანაშაულის 506 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო აქედან როგორც წელს, ისე შარშან გაიხსნა 79 შემთხვევა.

რაც შეეხება მუქარას, 2017 წელს დაფიქსირდა 290 შემთხვევა და გაიხსნა 163 საქმე. მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით კი, როგორც აღმოჩნდა, ბოლო 9 თვეში მუქარის 1314 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან 716 შემთხვევა გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ეს ზოგადად მუქარას ეხება და სოციალურ ქსელში მომხდარი როგორც ფაქტის ცალკე აღრიცხვა არ ხდება. შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კი ინტერნეტ საშუალებებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარის შემცველ თითოეულ ფაქტზე, შსს-ს რეაგირება მყისიერი, ადეკვატური და კანონიერი იქნება.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა: "ქუჩაში დანაშაულის და სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით იოლია, ვიდრე ინტერნეტში, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ხშირად, ადამიანები ყალბ პროფილებს იყენებენ. თუმცა, სამინისტროს შიგნით მიმდინარე ტექნოლოგიური განახლების პროცესი და საკანონმდებლო ჩარჩო ბულინგის შემთხვევების, მათ შორის, ინტერნეტ სივრცეში მოზარდების მიმართ გავრცელებული ბულინგის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას იძლევა და სამინისტრო მზაობას აცხადებს, ასეთი პირები დაადგინოს, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კი, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გამოიყენოს".

(სპეციალურად საიტისთვის)