რა იწვევს ავარიებს? - კვირის პალიტრა

რა იწვევს ავარიებს?

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2010 წლის 6 თვეში მომხდარი 2260 ავტოსაგზაო შემთხვევიდან 142 სიმთვრალით იყო გამოწვეული. გარდაიცვალა 306 კაცი და დაშავდა 3399, მათ შორის - მცირეწლოვანებიც. ექსპერტების თქმით, საგზაო შემთხვევების დროს საქართველოში ყოველწლიურად იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ერთ პატარა ომში.

სიამოვნების მსხვერპლნი

როგორც სისწრაფის მოყვარული მძღოლები ამბობენ,  დიდი სიჩქარით იმიტომ კი არ დაქრიან, რომ სადმე აგვიანდებათ, არამედ იმის გამო, რომ უყვართ სისწრაფე.

რა მოაქვს გადაჭარბებულ სიჩქარეს, პირადად გამოვცადე, როდესაც ავტოკატასტროფაში დაღუპული ნათესავები (მამა= და 2 ქალიშვილი) ერთდროულად დავკრძალეთ. შემთხვევა თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე, სოფელ საქასრიასთან მოხდა. ბონდო ლომიძე ოთხ შვილთან ერთად მეზობელ სოფელში მიდიოდა სტუმრად. მისი ძველი "ჟიგული" დაახლოებით 50კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა (პოლიციის ჩვენებით). საპირისპირო მხრიდან გადაჭარბებული სიჩქარით მომავალმა მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე დაიმორჩილა და მოსახვევში შეასკდა "ჟიგულს", რომელიც ნაწილ-ნაწილ დაიშალა.

22 ივლისს ხევსურეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ერი დაამწუხრა (ამ ფაქტს  "კვირის პალიტრა" უკვე გამოეხმაურა).

ცოტა ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა თბილისშიც. 13 აგვისტოს, წერეთლის გამზირზე, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალმა ჯიპის მძღოლმა იმსხვერპლა 23 წლის ფეხმძიმე ქეთევან ზარანდია  და მისი შვილი - 7 თვის ილია გულუა. მძღოლს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის, მაგრამ ეს ვერ ანუგეშებს დაღუპულთა ოჯახს.

ახლახან კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა, - კლდიდან გადავარდნილი ავტომანქანა ენგურმა გაიტაცა და სამი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

რა იწვევს ავარიებს?

არასამთავრობო ორგანიზაცია "დაცული მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკოლოზ რუსიშვილი: "ქვეყნისთვის, რომლის სიგრძეც მხოლოდ 550 კილომეტრია, ნახევარ წელიწადში ავტოავარიებში 306 კაცის დაღუპვა კატასტროფაა.

რა იწვევს ავტოავარიას? უამრავი მიზეზი არსებობს. მათ შორის მთავარია გადაჭარბებული სიჩქარე და სიმთვრალე. არსებობს სხვა მიზეზებიც: თუ მძღოლმა მანქანის მართვა  სათანადოდ არ იცის, ის საფრთხეს უქმნის თავსაც და მოსიარულეებსაც. საქართველოში სამანქანო მოძრაობა მარცხენა ზოლში გვაქვს, ამიტომაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილით მგზავრობა დაუშვებელია.

ევროკავშირის ქვეყნებში ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მანქანის ტექგაუმართაობას მიიჩნევენ. საქართველოში ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა არ მოწმდება. იმდენად ძველი ავტომობილებით დადიან საქართველოში, რომ მათი გამოყენება ტექნიკური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია. გადაჭარბებულ სიჩქარეს ტექნიკურ გაუმართაობასაც თუ დავუმატებთ, ცუდ შედეგს მივიღებთ. ძველ ავტომობილს, რომელიც საათში 160-180 კმ სიჩქარით მოძრაობს, შესაძლოა, ძველმა დეტალებმა უმტყუნოს და ავტოკატასტროფა გამოიწვიოს.

ავარიის გამომწვევ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს გზის მოუწესრიგებელი საფარიც. ხშირად სწრაფად მიმავალი მძღოლი ცდილობს, თავი დააღწიოს ორმოს, გადავიდეს ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე, ამ დროს ვერ იმორჩილებს საჭეს და უბედურებაც გარდაუვალია.

მსოფლიოს თავსატეხია ფეხით მოსიარულეებიც. თუ მძღოლი მისთვის ნებადართულ ტერიტორიაზე ასევე ნებადართული სიჩქარით მიდის, ამ დროს კი ფეხით მოსიარულე გადმოუხტა, მძღოლი არაფერ შუაშია. თუმცა, ჩვენთან  ამის გამო სწორედ მძღოლს სჯიან. შედეგად მივიღეთ ფეხით მოსიარულეთა მავნე ჩვევა - შუქნიშნისა და გადასასვლელების იგნორირება.

რატომ გახშირდა სიკვდილიანობა?

არსებობს მოსაზრება, რომ ერთი და იმავე სიმძლავრის ავტოკატასტროფაში ევროპაში უფრო იშვიათია სიკვდილიანობა, ვიდრე საქართველოში. რა არის ამის მიზეზი?

ნიკოლოზ რუსიშვილი: "საქართველოში ავტომობილების უმრავლესობა მოძველებულია, მათი ასაკი ათ წელს ზემოთ არის. უმაღლეს სასწავლებელში ისწავლება სპეციალური დარგი, მეტალის დაღლილობა. ამ საგნის მიხედვით საქართველოში მოძრავი ათ წელს ზემოთ ასაკის მქონე ავტომობილი კარგა ხნის დაღლილია. შესაბამისად, დაღლილი მანქანა, დაღლილი მეტალი, გადაჭარბებული სიჩქარე და კიდევ სხვა ფაქტორები გადაეჯაჭვება ერთმანეთს და ავარიაში გადარჩენის შანსიც მცირდება. ახალი ავტომობილი აღჭურვილია ახალი სისტემებით, უსაფრთხოების ბალიშებით და ა.შ.

მცდარი აზრია, თითქოს უსაფრთხოების ღვედი მხოლოდ მაშინ ვარგა, როდესაც მაღალი სიჩქარით მიდიხარ. უსაფრთხოების ღვედის მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი არის მაშინ, როდესაც 90-დან 100კმ/სთ-მდე სიჩქარით მიდიხარ. ამის ზემოთ უსაფრთხოების ღვედის მარგი ქმედების კოეფიციენტი გეომეტრიული პროგრესიით მცირდება. რაც უფრო მაღალი სიჩქარით მიდიხარ, უსაფრთხოების ღვედი მით უფრო ამცირებს გადარჩენის შანსს. 2008-2009 წლების ამერიკული სტატისტიკის მიხედვით, უსაფრთხოების ღვედის გარეშე ლეტალური შედეგი შემთხვევათა 75%-ში დაფიქსირდა სახლიდან 25 კილომეტრში, ანუ ქალაქის ტერიტორიაზე, მანქანა ავტობანზე გასული არ იყო. უსაფრთხოების ღვედის გამოყენება აუცილებელია ქალაქშიც, სადაც 60-80კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა არის დაშვებული.

მკვლელი მანქანა თუ ქართველი მძღოლის ცუდი ხასიათი?

საქართველოში BMW-ს მკვლელ მანქანას ეძახიან. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, "ბრაზიან" ავტომობილად ითვლება. ამიტომაც ქართველი ექსპერტების აზრით, ქართველი და BMW ერთმანეთთან შეუთავსებელია.

ნიკოლოზ რუსიშვილი: "მანქანა კი არა, ჩვენი ხასიათია დამნაშავე, თორემ გერმანიაში, სადაც ავტობანებზე სიჩქარე თითქმის შეუზღუდავია, ყველაზე მეტი BMW დადის. საქართველოში ავტობანზე დაშვებულია მაქსიმალური 110 კმ/სთ სიჩქარე. მძღოლი, რომელიც, რომ იტყვიან, ტაატით მიდის ავტობანზე, როგორც კი შეზღუდვა მოიხსნება, სიჩქარეს უმატებს. ვფიქრობ, 110 კმ/სთ-ით მოძრაობა უნდა გაიზარდოს და ნერვებდაწყვეტილი "სამშვიდობოს" გასული მძღოლებიც თავაშვებული აღარ ივლიან.

დარღვევებისთვის ჯარიმა  ისევ დაბალია

ნიკოლოზ რუსიშვილი: "ჯარიმების გამკაცრებით უკმაყოფილო ვარ, რადგან ძალიან მცირედ გაძვირდა. ფეხით მოსიარულე, რომელიც იქ გადადის, სადაც გამტარუნარიანობის მიხედვით საათში 3000 მანქანა გადის, მხოლოდ 3 ლარით უნდა დაჯარიმდეს? 200-300-ლარიანი ჯარიმა უნდა დააკისრო, რომ მეორედ აღარ გაუჩნდეს გადარბენის სურვილი.

სიმთვრალისთვისაც უფრო მაღალი უნდა იყოს ჯარიმა. ქორწილში რომ იქეიფებ, არ უნდა დაგენანოს ათი ლარი ტაქსისთვის. დატოვე შენი მანქანა და მშვიდობით მიდი შინ. რატომ უნდა დაჯდე მთვრალი საჭესთან? მთვრალი მძღოლი პოტენციური მკვლელია. ორი წლის წინ სოფელ რუისთან დიდი საბარგო მანქანის მთვრალი მძღოლი მიკროავტობუსს დაეჯახა და როგორც მახსოვს, 16 კაცი მოკლა. რატომ უნდა იყოს სიმთვრალისთვის პირველ ჯერზე ჯარიმა მხოლოდ 150 ლარი? რატომ არა - 1.500? ისე უნდა გაუხადო საქმე მძღოლს, რომ აღარ დალიოს.

6 თვეში 306 კაცის სიკვდილი ქვეყანაში, სადაც 3 მილიონი ძლივს ვართ, შემაშფოთებელი, საგანგაშო ციფრია.

მძღოლების საყურადღებოდ - ჯარიმები გაიზარდა!

ღვედის გამოუყენებლობისთვის 20-ლარიანი ჯარიმა გაორმაგდა. პირველ შემთხვევაში ნასვამი მძღოლი 150-ის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდება, მეორე შემთხვევაში კი მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთმევა, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მთვრალი პირისათვის კი 170-ის ნაცვლად – 250 ლარით დაჯარიმდება.

იმ სატრანსპორტო საშუალებათა ხელის შეშლა, რომლებზეც ჩართულია სპეციალური სიგნალები და რომლებიც ესკორტში არიან, იწვევდა მართვის უფლების ჩამორთმევას 8 თვის ვადით, ხოლო უცხოელი მოქალაქეები 300 ლარით ჯარიმდებოდნენ. კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას ერთი წლის ვადით, ხოლო უცხოელი მოქალაქეები დაჯარიმდებიან 500 ლარით.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების - „დაუთმე გზა“, „მოძრაობა აკრძალულია“ - ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაბრკოლების შექმნა, ჯარიმდებოდა 20 ლარით. ახლა ეს სამართალდარღვევები 50 ლარით ჯარიმდება. იმ სატრანსპორტო საშუალებების მართვა, რომლებიც თვითნებურად არის გადაკეთებული და სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია,  50-ის ნაცვლად ისჯება 100 ლარით.