"ყველაზე მეტად იცი, რისი მეშინია? არ დადგეს დღე, როცა აღარავის დავჭირდები..." - კვირის პალიტრა

"ყველაზე მეტად იცი, რისი მეშინია? არ დადგეს დღე, როცა აღარავის დავჭირდები..."

"მისმა შემყურემ შემოქმედებითი უბერებლობის ფორმულა ამოვხსენი" - საინტერესო ამბები თემურ ჩხეიძისგან

"ყველაზე მეტად იცი, რისი მეშინია? არ დადგეს დღე, როცა აღარავის დავჭირდები... ერთ მშვენიერ დღეს მსახიობებმა არ თქვან: აუ, ახლა კიდევ ამ ბებერთან რეპეტიცია არ გინდაო?! მით უმეტეს, თუ ვერ მივხვდი ამას..." - ამ სიტყვების აბსურდულობაში რეჟისორი თემურ ჩხეიძე ახლახან კიდევ ერთხელ, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე დაარწმუნეს...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ყველგან, სადაც მუშაობა მომიხდა, პირველივე დღიდან გულითადად მიმიღეს. ამ მხრივ ყოველთვის განებივრებული ვიყავი, რისთვისაც განგების მადლობელი ვარ. მიხეილ თუმანიშვილი ამბობდა ხოლმე, სპექტაკლების დადგმა იმდენად აღარ მაინტერესებს, არამედ სტუდენტებსა და მსახიობებთან ერთად გამართული სარეპეტიციო, "ძებნის" პროცესი მიზიდავსო. მაშინ კარგად ვერ გავუგე. ვიფიქრე, ხომ არ აჭარბებს-მეთქი. არადა, სწორია. ზუსტად იგივეს განვიცდი მეც..."

"ერთხელ, გიგა ლორთქიფანიძემ დამირეკა, აკაკი ძალიან ცუდად არისო (აკაკი ვასაძე. - ავტ.). საავადმყოფოში მისულებმა დავინახეთ, როგორ გამოიყვანეს აკაკი შენობიდან. სახლში გზავნიდნენ. მისვლა მეუხერხულა, მაგრამ გიგამ, - იქნებ ვეღარც ვნახოთო და მივუახლოვდით. გიგას გადაწყვეტილი ჰქონდა საღამოს დანიშნული სპექტაკლი მოეხსნა, მაგრამ ექიმებმა დაარწმუნეს, რომ თუ თავად პაციენტს სურვილი გააჩნდა, თამაშს შეძლებდა. ამის გაგონებაზე აკაკიმ მანქანა მოითხოვა და სასეირნოდ წავიდა, საღამოს კი სპექტაკლში ითამაშა..."

"როცა ბოლო პერიოდში ვერიკო ანჯაფარიძე მთელი დღე იწვა, საღამოს 7 საათზე ადგებოდა თურმე და "ჯოკერი" არ ვითამაშოთო?! - მიმართავდა ოჯახის წევრებს. ეს დღის ის მონაკვეთი იყო, როცა მთელი ცხოვრება სპექტაკლს თამაშობდა... მხოლოდ ამ დროს გრძნობდა ენერგიისა და ძალების მოზღვავებას... მახსოვს, ზესტაფონში უშანგი ჩხეიძის იუბილის აღსანიშნავად მივდიოდით. სპექტაკლში, რომელიც უნდა წარგვედგინა, ვერიკო ანჯაფარიძეც თამაშობდა. დავურეკე, ზეგ მივდივართ-მეთქი. კატეგორიული უარი განმიცხადა, სააბაზანომდეც კი ვერ მივდივარო. რა გაეწყობოდა, ბოდიში მოვუხადე და დუბლიორის წაყვანა გადავწყვიტე. ცოტა ხანში დამირეკა და ყოველგვარი შესავლის გარეშე მისაყვედურა, - არავინ მეუბნება, რომელი ვაგონია ან რომელ საათზე გამოვიდე... ხომ შეიძლება, ეს დროზე მითხრათო?!."

რეჟისორის ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 22 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

შორენა ლაბაძე