მართვის მოწმობის გამოცდის ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში ჩაბარება კიდევ გადავადდება - კვირის პალიტრა

მართვის მოწმობის გამოცდის ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში ჩაბარება კიდევ გადავადდება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება 2019 წლის იანვრიდან აღარ დაინერგება და აღნიშნული სისტემის ამოქმედება კიდევ რამდენიმე თვით გადავადდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, პროექტისათვის განსაზღვრულ საგამოცდო მარშრუტების ნაწილზე უკვე დასრულებულია მუშაობა, თუმცა ნაწილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 10 ქალაქში შეძლებენ: რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი და ფოთი.

მოგეხსენებათ ავტომანქანის მართვის პრაქტიკული გამოცდის ქალაქის რეალურ პირობებში გატანის პროექტი გამოირჩევა მასშტაბითა და კომპონენტთა კომპლექსურობით.

საქართველო არის ვენის კონვენციის წევრი ქვეყანა და სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები და გამოცდის ჩაბარების წესი სრულად თანხვედრაშია მასთან.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაუახლოოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. კერძოდ, აღნიშნული შეთანხმებით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება შეასრულოს მართვის მოწმობების თაობაზე 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივა. აქედან გამომდინარე აღნიშნულ პროექტში საჭირო გახდა ევროდირექტივის სტანდარტების შესაბამისი, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების თანხვედრაში მოყვანა და ახალი კატეგორიების/ქვეკატეგორიების დამატება, რომელიც აქამდე არ არსებობდა.

პროექტისათვის განსაზღვრულია საგამოცდო მარშრუტები, რომლის ნაწილზეც უკვე დასრულებულია, ხოლო ნაწილზე ახლაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება”, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში.

როგორც ცნობილია, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარების პრაქტიკის დანერგვის სავარაუდო თარიღი რამდენჯერმე დასახელდა, თუმცა ყველაჯერზე გადავადდა. ბოლო ინფორმაციით, ახალი სისტემა 2019 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო.

აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში - ქალაქის ქუჩებში ჩატარების პარალელურად, მისი ძველი სისტემით ჩაბარების ვალდებულებაც ექნებათ.

"ინტერპრესნიუსი"