მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

რა არის დღეს საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა? სოციალური გაჭირვება? დაკარგული ტერიტორიები? დემოკრატიის ნაკლებობა? არა, ბატონებო. დღეს საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა უთავმოყვარეობაა, ტოტალური უთავმოყვარეობა. უთავმოყვარეობა მეფობს ყველა სფეროში: პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურაში სპორტში, ჟურნალისტიკაში, ყველგან. თავმოყვარეობა დაკარგული აქვს ყველას, დიდსა თუ პატარას, ჩინიანსა თუ უჩინოს, ქალს თუ კაცს, განათლებულსა თუ გაუნათლებელს.

დღეს განათლებულების უთავმოყვარეობაზე მინდა გესაუბროთ. თანაც როგორი განათლებულების - პროფესორების უთავმოყვარეობაზე! თბილისის ივანე ჯავახიAშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორების უთავმოყვარეობაზე. ყველაზე არა, რა თქმა უნდა. კონკრეტულად იმ 8 პროფესორზე, რომლებიც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები არიან. ჩვენს ძვირფას დედაუნივერსიტეტში, ალბათ, კიდევ ბევრი მოიძებნება ასეთი, მაგრამ ამჯერად ეს რვა ვიკმაროთ. როდესაც ოთხშაბათის ტელეეთერით ვნახე, როგორ ერთხმად აირჩიეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე კვიტაშვილი, მაშინ მივხვდი, რა ხდებოდა ამ დაწესებულებაში კომუნისტების ეპოქაში. ხომ შეიძლება რაღაცაზე წინააღმდეგობა გასწიო? ახლაც ოცდაჩვიდმეტი წელი ხომ არ არის, რომ დაგხვრიტონ, არა? ისე არ გამიგოთ, თითქოს პირადად ალექსანდრე კვიტაშვილის საწინააღმდეგო მქონდეს რამე, ამ მთავრობაში პიროვნული თვისებებით მგონი ყველას ჯობდა (სხვა საკითხია, დაკისრებულ მოვალეობას თავი როგორ გაართვა). შეიძლება რექტორიც უკეთესი იყოს, ვიდრე მისი წინამორბედი. სხვა რამეზე მაქვს ლაპარაკი. წესით და კანონით, უნივერსიტეტი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ვინ იქნება მისი რექტორი, თავად უნდა წყვეტდეს. როდესაც საშუალებას აძლევ, შენი გადასაწყვეტი საკითხი სხვამ გადაწყვიტოს, თანხმდები გარედან თუ ზემოდან ნაკარნახევ კანდიდატურაზე ისე, რომ პროტესტის გამოხატვის სურვილიც არ გიჩნდება, რას ნიშნავს ეს? ხელისუფლებას უფლებას აძლევ, შენს საქმეში ჩაერიოს, თავს მოგახვიოს ადამიანი, რომელიც მას სურს, რომელსაც ერთი დღეც არ უმუშავია უნივერსიტეტში და ერთი ლექციაც არ წაუკითხავს არსად; უფლებას აძლევ, შენი უფლებები ფეხქვეშ გათელოს, როცა შენ თავს მხოლოდ იმით იმართლებ, რომ კვიტაშვილი წესიერი კაცია და მისი ბაბუა დამსახურებული მეცნიერი იყოო. როდის იყო, წინაპრების დამსახურებები შთამომავლობაზე ვრცელდებოდა?! რა, "დამსახურებული მეცნიერობა" ცოდვაა და შვიდ თაობაზე გადადის?! ეს ხომ არის თვალებში ნაცრის შეყრა?! ან კიდევ კვიტაშვილის განცხადება: არ ვიცი, დეკემბერში დანიშნული რექტორის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ თუ არაო, არ არის თვალებში ნაცრის შეყრა? ზოგჯერ მგონია, რომ იმ ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში რაღაცას წარმოადგენენ, ყველანი სულელები ვგონივართ.

წინა კვირას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დღეს საქართველოში ბევრი უთავმოყვარეო და ბევრიც უთავმოყვარეობის პროფესორი გვყავს.

კიდევ ერთი "ყველაზე, ყველაზე შოუ"

KvirisPalitra.Geდღეს ქართულ ტელესივრცეში მარტო ორი პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანი არ ისვენებს: "კავკასიაზე" - აქუბარდია და სხვა არხებზე - მიხეილ სააკაშვილი. დაახლოებით ერთი თვის წინ დავწერე, რომ ქართულ ტელევიზიებში აგრერიგად მომრავლებულ "შოუებს" შორის ყველაზე რეიტინგული მიხეილ სააკაშვილის შოუა, რომელსაც შეიძლება "ყველაზე, ყველაზე შოუ" ვუწოდოთ-მეთქი. ისიც დავწერე, შოუს გაძღოლის ხელოვნებით ვერც ერთი ტელეწამყვანი ვერ შეედრება-მეთქი. წინადღეს ვინანე, ეს რომ დავწერე, უფრო სწორად, ვინანე, ასე ადრე რატომ მომივიდა ამის დაწერა-მეთქი, რადგან ბატონმა პრეზიდენტმა ამ კვირას ტელეწამყვანებს კიდევ ერთი მასტერკლასი ჩაუტარა. მაშინ როდესაც "კავკასიის" სტუდიაში აქუბარდია წამოწოლილიყო და კუკავებს თუ გუგავებს ესაუბრებოდა, სახელმწიფო არხების ეთერში "ყველაზე, ყველაზე შოუს" მორიგი გამოშვება გავიდა. გადაცემის ფორმატი ცოტა შეუცვლიათ. ამჯერად შოუს წამყვანს სტუმრები, რომლებიც ამავე დროს მისი ხელქვეითებიც არიან, ერთი მაგიდის ირგვლივ სულაც არ ჰყავდა თავმოყრილი. სტუდიაში მხოლოდ ორი სტუმარი იჯდა - პრემიერ-მინისტრი და დარცხვენილი სოფლის მეურნეობის მინისტრი. დანარჩენი სტუმრები თავიანთი სამუშაო ადგილებიდან ან ქუჩებიდან ერთვებოდნენ. იყო KvirisPalitra.Geპირდაპირი ჩართვა კახეთიდან, შემდეგ შიდა ქართლიდან, მერე კიევიდან, ბოლოს ამერიკიდან. მოკლედ, გადაცემა ძალიან დინამიკური და ყოვლისმომცველი გამოვიდა. ბევრი სტუმარი გადაცემაში ყოველთვის მომგებიანია. გადაცემის თემა ხორბლის დეფიციტი იყო. სააკაშვილმა საუბარი ჯერ სტუდიის სტუმრებთან დაიწყო, შემდეგ კი ოპერატიულად მოისმინა ინფორმაცია სხვადასხვა რეგიონიდან თუ ქვეყნიდან. ასეთი ამომწურავი და დინამიკური გადაცემა ქართულ ტელესივრცეში დიდი ხანია არ მინახავს. პირდაპირი ჩართვები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, სახელისუფლებო ტელევიზიებიც კი ვერ აძლევენ თავს ამ ფუფუნების - ერთ გადაცემაში თანამგზავრის მეშვეობით ოთხი-ხუთი პირდაპირი ჩართვის უფლებას. თუმცა, როდესაც საქმე ყველაზე რეიტინგულ გადაცემაზეა, იქ ფინანსები რა მოსატანია!

ქართველ ჟურნალისტებს შეუძლიათ მშვიდად დაისვენონ. აქ მათ ფუნქციას ქვეყნის პრეზიდენტი ასრულებს. როგორც გვპირდებიან, მალე პრეზიდენტი ქართველ მფრინავებსაც დაასვენებს. წინა კვირას ისიც ვნახეთ, როგორ ოსტატურად დაუფლებია ამ პროფესიასაც. არქიტექტორობა ხომ დიდი ხანია ათვისებული აქვს, თან უგულავას კი არ ჰგავს, ზერელედ რომ ასრულებდა სხვადასხვა სამუშაოს, მას ყველა პროფესია ზედმიწევნით კარგად აქვს შესწავლილი და რასაც აკეთებს, უმაღლეს დონეზე აკეთებს. როგორც ამბობენ, ახლა პრემიერ-მინისტრის პროფესიასაც ეუფლება.