"ბავშვი ისე წამართვეს, რომ ძუძუს ჭმევის და ერთხელ ნახვის უფლებაც კი არ მომცეს" - კვირის პალიტრა

"ბავშვი ისე წამართვეს, რომ ძუძუს ჭმევის და ერთხელ ნახვის უფლებაც კი არ მომცეს"

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 36 წლის ნათია ბერძენიშვილის, 49 წლის თამარ ბიტაევის, 43 წლის ირინა მიქაძის,  32 ქრისტინე მიხაილოვასა და 20 წლის  თამუნა მარგველაშვილის  ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ნათია ბერძენიშვილი, 36 წლისაა. მან 25 წელზე მეტი გაატარა შშმ პირების დიდ ინსტიტუციაში, ჯერ სამეგრელოში, შემდეგ თერჯოლაში. ნათიამ თერჯოლის ინსტიტუციაში გაიცნო მეუღლე და პირველი შვილიც შეეძინა:

"ბავშვი ისე წამართვეს, რომ ძუძუს ჭმევის და ერთხელ ნახვის უფლებაც კი არ მომცეს. მე არავინ არაფერი შემითანხმა, არც ხელი მომიწერია რამე საბუთისთვს, ისე წაიყვანეს ჩემი შვილი. წარმოიდგინეთ, სამშობიაროში ყველა დედას ეწვა თავისი შვილი გვერდით და მე არავინ... დეპრესიაზე შეტევაც დამემართა და კრუნჩხვებში ჩავვარდი, ისინი კი დამამშვიდებელს მიკეთებდნენ და მაძინებდნენ. იქ ვერ მიხვდნენ და ვერც გამიგეს, მე რატომ გავღიზიანდი ასე, რადგან თვლიან, რომ ჩვენ არ განვიცდით, რ გორც დედები და მშობლები. არ ესმოდათ, რომ მეც მინდოდა შვილი ჩემს გვერდით.

საჭმელს ვერ ვჭამდი ნერვიულობისაგან და სულ ძილში ვიყავი იმიტომ, რომ ჩემს წამალს კი არ მაძლევდნენ, ნემსს მიკეთებნენ. უნდოდათ, რომ მე სულ საწოლში ვყოფილიყავი, მოსულ სტუმრებს არ შევხვედროდი და არ მესაუბრა მათთან. ამას მოგვიანებით მივხვდი და ნემსს აღარ ვაკეთებენინებდი...

გურჯაანში, საოჯახო ტიპის საცხოვრებელში, გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს, შვილებს გეფიცებით, ვიდრე მანამდე სადაც მიცხვორია ბავშვთა სახლებში. ახლა ჩემს შვილებსაც ვნახულობ ხშირად... აქ ვისწავლე ოჯახური ცხოვრება და ასევე, ბევრი რამის კეთება. სახლში უკვე სხვადასხვანაირ სადილს ვამზადებ, ვისწავლე ცხობაც, წიწილებს ვუვლი და ა.შ. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. როგორც მინდოდა, ისეა აწყობილი ჩემი ცხოვრება..."

თამარ ბიტაევი, 49 წლის:

"ტყუპები დავიბადეთ, მაგრამ ჩემი ტყუპისცალი გარდაიცვალა, დედამ სამშობიაროში დაგვტოვა და მე ჩვილ ბავშვთა სახლში ჩამაბარეს...

4 წლის რომ გავხდი, სენაკში გამიშვეს, სადაც ბევრი წელი ვიცხოვრე, იქ გავიზარდე და ბოლოს ძიძადაც კი ვმუშაობდი. ყველაზე ცუდი რა იყო იცით იქ? ქუჩაში ვერ გავდიოდი, რადგან მეშინოდა დირექტორს ყვირილი არ დაეწყო. როგორ იყო იცით? ერთად რომ არიან კაცები, ბავშვები და ყველა. საწოლები ისე იდგა, როგორც ჯარში...

გურჯაანში საოჯახო სახლში გადმოსვლის მერე, ნელ-ნელა მუშაობაც დავიწყე და ჩემი შემოსავლიც გამიჩნდა. ამ სახლში ყველაფერი სხვანაირად არის. არც საჭმლის ჭამის დროებია და არც აკრძალვები. როცა გინდა გამოაღებ მაცივარს და თუ არ გინდა არ ჭამ. ბავშვთა სახლებში და დაწესებულებებში მკაცრი წესები და დროა ყველაფრისთვის. აქ მართლა ბედნიერად ვცხოვრობ...წერა-კითხვას, თვლას და ფულის ცნობას ვსწავლობთ. ცოტა ფულის ცნობა კი ვისწავლე..."

ირინა მიქაძე, 43 წლის:

"თბილისში ბავშვთა სახლში წამიყვანეს. თბილისიდან ქუთაისში გადამიყვანეს და მერე აქ, გურჯაანში მომიყვანეს.

"აქ ყველაზე კარგად ვარ, სადაც კი ვყოფილვარ. საჭმელების გაკეთება ვისწავლე - კვერცხს ვწვავ, ყავას და კაკაოს ვუდუღებ აქაურ მეგობრებს. ჩვენით ვალაგებთ და ვუვლით აქაურობას. მასწავლებელიც გვყავს, რომელიც ქართულს და მათემატიკას გვასწავლის. ცოტა-ცოტა კითხვაც უკვე ვისწავლე. აქ რომ ჩამოვედი, გავთხოვდი და ორი შვილი შეგვეძინა. ოცნებაც მაქვს. მინდა, რომ ჩემი შვილები და ქმარი კარგად იყვნენ..."

ქრისტინე მიხაილოვა, 32 წლის, თამუნა მარგველაშვილი, 20 წლის:

"ქრისტინე და თამუნა წლების განმავლობაში ინტელექტუალური შეფერხებისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების დიდ პანსიონებში ცხოვრობდნენ. ახლა ისინი საოჯახო ტიპის საცხოვრებელში ბინადრობენ.

"მე აქანე მირჩევნია, იქანე ცხოვრება არ მომწონს. ძიძები ცუდად მექცეოდნენ, მეჩხუბებოდნენ და მცემდნენ... არა, არაფერი არ დამიშავებია, მაგრამ მცემეს. თან სენაკში ბევრი ადამიანი ცხოვრობდა, არ იყო კარგი. ეხლა აქ ოთხნი ვართ: მე, ინგა, თამუნა..."

"ქალები საქართველოდან"-ის გუნდის განცხადება:

ჩვენთვის კარგად ცნობილი ე.წ. "ბავშვთა სახლების" მავნებლობის შესახებ ბევრჯერ დაწერილა და იქ მიმდინარე დაფარული დანაშაული სააშკარაოზე გამოსულა. მსხვილი ინსტიტუციები დაფუძნებულია ადამიანების ჩაგვრაზე, ბულინგზე, პიროვნული ზრდის ხელშეშლაზე. ამ ტიპის ინსტიტუციებში ბავშვები, მოზარდები და ზრდასრულები წლების განმავლობაში განიცდიდნენ ტანჯვას, დამამცირებელ მოპყობას, ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას. ასევე არ ქონდათ მათი სამედიციონო საჭიროებაზე მორგებული თერაპია, რაც არა მარტო მათ განვითარებას აფერხებდა, ჯანმრთელობის მდგომარეობასაც აუარესებდა. ამ სისტემაში მოხვედრილი ადამიანი განწირული იყო იზოლაციისა და ტანჯვისთვის. ინსტიტუციებში, საუკეთესო ინფრასტრუქტურის პირობებშიც კი, ადამიანი მოკლებულია დამოუკიდებლობას, არჩევანის თავისუფლებას, ავტონომიას, პიროვნული ზრდის შესაძლებლობას.

ცივილიზებული სამყაროს ღირებულება ეფუძნება პიროვნების თავისუფლებას და უფლებას ქონდეს ხელმისაწვდომობა სოციალიზაციის სივრცეებზე, თვითგანვითარებაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე. მსხვილი ინსტიტუციების არსებობა პრაქტიკულად უარყოფს ადამიანის ამ ფუნდამენტურ უფლებებს.

2013 წელს საქართველომ მოახდინა გაეროს შშმ პირთა 2006 წლის კონვენციის რატიფიცირება, რომელიც გულისხმობს ვალდებულებას, უზრუნველყოს ზემოაღნიშნული უფლება.

2011 წლიდან საქართველოს რამდენიმე რეგიონსა თბილისში ფუნქციონირებს ალტერნატიული, საოჯახო ტიპის სახლები, რომელიც ორგანიზაციამ "ხელი ხელს" შექმნა. ასეთი ტიპის სახლებში არაუმეტეს 5 ადამიანი ცხოვრობს და სადაც დამხმარეების ხელშეწყობით, მათ აქვთ მეტი თავისუფლება გარე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის, განათლებისთვის, დასაქმებისთვის. მათ აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლებაც, რაც მათი განვითარების შესაძლებლობას და პროდუქტიულობას გაცილებით მეტად ზრდის.

სამწუხაროდ, 2019 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო უარს ამბობს ნაკისრ ვალდებულებაზე, რაც გულისხმობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების წახალისებას. ახალი ბიუჯეტი კვლავ მიმართულია მსხვილი ინსტიტუციების შექმნა-დაფინანსებაზე. დიდ ინსტიტუციების ზიანსა და ბოროტებაზე "ქალები საქართველოდან"- ის რესპონდენტები საუბრობენ. დახურვის საფრთხის წინაშე დგას არსებული სახლებიც.

ამიტომ ჩვენი გუნდი უერთდება ორგანიზაციის "ხელი ხელს" და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია "მოძრაობა ცვლილებებისთვის" პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვას, რაც გულისხმობს საოჯახო ტიპის საცხოვრებლების დაფინანსების გაზრდას. "ქალები საქართველოდან" უცხადებს სრულ მხარდაჭერას "ხელი ხელს-" ის ბინადრებს, რათა არ დაბრუნდენ ისინი ძველ სისტემაში, სადაც მათ ავტონომიასა და განვითარებას, პირად ღირსებას დაემუქრება საფრთხე.

° პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან