"გადაღებისას სოსო ჯაჭვლიანმა ისე ჩამომიღო კაპოტიდან, ლავიწის ძვალი გამიტეხა" - კვირის პალიტრა

"გადაღებისას სოსო ჯაჭვლიანმა ისე ჩამომიღო კაპოტიდან, ლავიწის ძვალი გამიტეხა"

"თემურ ბაბლუანმა ჩემს კაცად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა"

"არასოდეს არაფერი მოიპარო, შიმშილითაც რომ კვდებოდე მაინც. იცოდე, სხვისი არაფერი შეგშურდეს. და იცოდე, ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს, ან გეცოდებოდეს მაინც, ამიტომ იოლად ნურავის გაიმეტებ", - ეს სიტყვები, რომლითაც გელა ბენდელიანის გმირი არიგებს შვილს ფილმში "უძინართა მზე", არც ერთ დროში არ კარგავს მნიშვნელობას. მამა-შვილის ურთიერთობაზე გადაღებული ეს ფილმი 90-იანი წლების კინომოვლენა იყო და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მთავარი გმირის მეგობარ ირაკლის ირაკლი ელოშვილი ასახიერებს. მისი ალბომიდან ერთი ფოტოს ისტორია, რომელიც უნდა გიამბოთ, "უძინართა მზეს" ეძღვნება. - "უძინართა მზის" გამოსვლიდან 25 წელი გავიდა, თუმცა დღესაც სიამოვნებით ვიხსენებ გადაღების დღეებს. ამ ფილმამდე ლევან კიტიას სადიპლომო ფილმში "ტრასა" ვითამაშე. მთავარ როლს იმ ფილმში ჩვენი პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა ასრულებდა. მერე გამიმართლა და ამ ფილმზეც დამამტკიცეს, ალბათ, იმიტომ, რომ სკეითბორდზე კარგად ვიდექი, ორჯერ საქართველოს ჩემპიონიც გავხდი, ამასთან თხილამურებიც მიტაცებდა, საქართველოს ნაკრების წევრი გახლდით, მოქნილი რომ ვიყავი, ამიტომაც გამომარჩიეს. პირველი გადაღებები ზაჰესში, ბავშვთა კოლონიაში იყო, შემდეგ კინოსტუდიის პავილიონში ააგეს ციხის საკნები, "თეთრი ბაირაღების" გადაღებიდან შემორჩენილი ინვენტარი გადააკეთეს და გადასაღებ მოედანს მოარგეს.

- გვარიანად კი გცემენ ამ სცენაში, ალბათ, კასკადიორი განაცვლებდათ... - დუბლიორი ან კასკადიორი არ მყოლია, მე მცემენ და მე ვეცემი. ზურგი სულ დალურჯებული მქონდა. ბატონმა თემურმა პლედი შემომახვია წელზე, რბილად რომ დაეცეო. მერე კი ქორწილის ჩაშლის სცენის გადაღებისას სოსო ჯაჭვლიანმა ისე ჩამომიღო მანქანის კაპოტიდან, ლავიწის ძვალი გამიტეხა. თავგამოდებული ვჩხუბობ ერთ-ერთ ფინალურ, პროფილაქტიკის სცენაშიც.

- ბაბლუანი მკაცრი იყო გადასაღებ მოედანზე? - არ მახსოვს, რომელიმე როლის შემსრულებლისთვის ხმამაღლა ეთქვას სიტყვა, პირიქით, გვასწავლიდა, უმრავლესობა ხომ მოყვარულები ვიყავით. თემურ ბაბლუანმა ჩემს კაცად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. მისი სიტყვა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. მსახიობის პროფესია არ ამირჩევია, თუმცა "ქერჩშიც" გადამიღეს.

- ამჟამად რას საქმიანობთ? - ხან რას, ხანაც რას... ჩემი ნაბოლარას - ლილეს მამა-ძიძა ვარ და ამ ეტაპზე ეს ჩემთვის ყველაზე საპატიო საქმეა.