როდის დავსახლდებით კოსმოსში
როდის დავსახლდებით კოსმოსში
ფოტო:დალი უბილავა-დე გრააფი
"კვირის პალიტრა" აგრძელებს ექსკლუ­ზიური ინტერვიუების ციკლს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC/Space Expo) თანამშრომელ დალი უბილავა-დე გრააფთან. ამა წლის 20 ნოემბერს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 20 წელი შეუსრულდა. ვისი დამსახურებაა ამ სადგურის არსებობა, როგორ გვიბრუნდება დედამიწელებს კოსმოსში ინვესტირებული მილიონები და რა სირთულეები ელოდება ილონ მასკის მიერ მარსზე 2023 წელს დაგეგმილ პილოტირებულ მისიას?

ამ საკითხებზე დალი უბილავა-დე გრააფი გიამბობთ.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური 20 წლისაა

საერთაშორისო კოსმოსური სადგური­ უდიდესი და უძვირესი­ პროექტია, რაც კი აქამდე
შექმნილა. მისი ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიარდი დოლარია. ის დაახლ­ოებით სტადიონისხელა კონსტრუქციაა და დაახლ­ო­ებით 400 ტონას იწონის. დედამიწიდან დაახლოებით 400 კმ­ სიმაღლის ორბიტაზეა­ განთავსებული, მეოცე წელიწადია, უწყვეტად მოძრაობს დაახლოებით 28 000 კმ/სთ სიჩქარით და დღეში 16-ჯერ შემოუვლის დედამიწას. თითო შემოვლას 90 წუთს ანდ­ომებს. აქედან ყოველი 45
წუთი დღე-ღამის მონაცვლეობაა.
კოსმოსური მეცნიერების უსწრაფესი განვითარება 1960-70-იანი წლების ცივი ომის დამსახურებაა. საბჭოთა კავშირ-ამერიკის­ სამხედრო შეჯიბრება კოსმ­ოსში ძვირად ღირებულ ექსპერიმენტებს, კვლევებსა და შემდგომ განვითარებას ითხოვდა. ამერიკელებსა და რუსებს თავიანთი კოსმოსური სადგურები ჰქონდათ, ამ ქვეყნების პილოტირებული მისიებიც მათივე კოსმოსურ სადგურებზე მუშაობდნენ და საკუთარ ხომა­ლდებს - "სფეის შათლისა" და "სოიუზს" გზავნიდნენ. კვლევები მიმდინარეობდა კოსმოსურ სადგურებზე "სალუტი", "მირი" (საბჭო­თა­ კავშირი) და "სქაილები" (აშშ). მაშინდელი კოსმოსური სადგურებიდან ყველაზე გამძლე "მირი" აღმოჩნდა - 15 წელი იმუშავა, თუმცა მერე დრო მოჭამა...
1990-იან წლებში, პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმების­ გამო, საბ­ჭოთა­ კოსმონავტიკაც დაშლის პირას აღმო­ჩნდა.­ ამერიკისა და რუსეთის­ მაში­ნდე­ლ­ მეთაურ­ებს, რეიგანსა და გორბაჩ­ოვს ეკუთ­ვნით დღევანდელი კოსმოსური სადგურის დაფუძნებისა და გაერთიანების იდეა, თუმცა ამას წინ უსწრებდა 1975 წელს რუსულ-ამერიკული პროგრამა­ "სოიუზ-აპოლო", როცა კოსმოსში­ პილოტ­ი­რებული კოსმოსური ხომალდები - "სოი­უზი" და "აპოლო" შეერთდა. თანა­მშრომლობა­ რუსული­ "მირის" ფარგ­ლებშიც გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსების ნების გარეშე კოსმოსური პროგრამ­ების დაფინანსება და განხორციელება შეუძლებ­ე­ლია. ამერიკის კონგრესში დღევანდელი­ კოსმოსური სადგურის დაფ­უძნების იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა­ და კენჭისყრი­სას მხოლოდ ერთი ხმით აჯობეს მომხრეებმა.

1998 წლის 20 ნოემბერს რუსების რაკეტა "პროტონმა" თანამედროვე კოსმოსური სადგურის პირვ­ელი მოდული "ზარია" განათავსა დედ­ამიწის დაბალ ორბიტაზე, რასაც რამდენიმე თვეში მიჰყვა ამერიკული "იუნითი"; 2000 წელს მათ მესამე მოდული "ზვეზდა" მიემატა და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო­ პილოტირებული მისიებიც კოსმოსურ სადგურზე. მოგვიანებით პროექტში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ ევროპის კოსმოსური სააგენტოს, იაპონიისა და კანადის სახით. დღეს კოსმოსური სადგური ერთადერთი ადგილია კოსმოსში, სადაც მუდამ იმყოფება ადამიანი.
პამპერსი ასტრონავტებისთვის კოსმოსური კვლევები პროექტში მონაწილე ქვეყნების­ ბიუჯეტიდან, ანუ მოსახ­ლეობის გადასახადებიდან ფინანსდება. დღეს ის ფინანსები, რაც კი ადამიანს ოდესმე­ კოსმოსური მეცნიერების განვითარების საქმეში ჩაუდვია, ექვსმაგად არის ამოღებული. იგულისხმება ჩვენი ცხოვრების დონე, მედიცინისა თუ მეცნიერების ახალ-ახალი მიღწევები, ტექნოლოგიები. ამის მარტივი მაგალითია პამპერსი, რომელიც თავის დროზე კოსმონავტებ­ისთვის გამოიგონეს. ერთმა ჭკვიანმა ამერიკელმა, გვარად პამპერსმა, შეისყიდა წარმოების უფლება და ასტრონავტებისთვის­ გამოგონილი სიახლე დედამიწაზე ჩვილის მოვლისთვის დანერგა.­ ასევე ჭურჭელი, რომელიც ტეფლონით არის დაფარული და კერძის მომზადებას აადვილებს (არ მიიწვავს,­ ზეთი არ სჭირდება), კოსმონავტებისთვის იყო შექმნილი. ლაზერის მეტრმ­ზომები, რომლებიც დამონტაჟებულია ავტობანებზე და ქვეყნების ბიუჯეტში მილია­რდობით ფული შეაქვს, პირველად კოსმოსური პროექტებისთვის შეიქმნა. ლაზერის მეტრმზომების გარეშე დღეს მშენებლობები წარმოუდგენელია...

სახლი კოსმოსში

კოსმოსურ სადგურზე არსებული მოდულებიდან ერთ-ერთი უმთავრესია რუსული "ზვეზდა". მასში განლაგებულია ადამიანის არსებობისთვის საჭირო მიკროინფრასტრუქტურა - სამზარეულო, საძინებლები, სპორტული ინვენტარი და ა.შ. და მთელი კოსმოსური სადგურის ორბიტის კორექციასთან დაკავშირებული სისტემები.­ კოსმოსური სადგური ვაკუუმში მუშაობს, თუმცა ეს აბსოლუტური ვაკუუმი მაინც არ არის. მასში არსებული ჰაერის­ მოლეკულების გამო და იმავდროულად, დედამიწის მიზიდულობის ძალის გამო სადგურის ორბიტა ქვემოთ იწევს და სწორედ ამისთვის არის საჭირო დროდადრო მისი ორბიტის კორექტირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფა მოხდება. კოსმოსურ სადგურზე განლაგებული ყველა მოდული ავტონომიურია, რაც ნიშნავს, რომ ავარიული სიტუაციისას ასტრონავტებს შეუძლიათ მისი დანარჩენებისგან იზოლირება. დღევანდელი კოსმოსური სადგური არის არა მხო­ლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის შედევრი, არამედ ადამიანისთვის სახლი კოსმოსში. კოსმოსში საზღვრები­ არ არის, ასტრონავტები თავისუფლად გადაადგილდებიან ერთი მოდულიდან მეორეში. 400-ტონიანი სადგურის გამართული მუშაობისთვის საჭიროა დიდძალი ენერგია, რასაც ის მზის ბატარეების მეშვეობით იღებს. მისი მზის პანელები ყოველ 45 წუთში ანუ დღის მონაკვეთის­ განმავლობაში იტენება და მომდევნო 45 წუთი, ანუ ღამის განმავლობაში იყენებენ. კოსმოსური სადგურის მზის ბატარეების საერთო ფართობი დაახლოებით შვიდი კალათბურთის მოედნის ხელაა. დღის განმავლობაში­ ისინი მზის სხივების შესაბამისად ტრიალდება.

შემდეგი თაობის კოსმოსური სადგურის განთავსება იგეგმება არა იმავე, 400 კმ სიმაღლის ორბიტაზე, არამედ მთვარის ორბიტაზე, ანუ ჩვენგან ასეულობით ათასი კმ-ის მოშორებით და მომავალ ასტრონავტებს იქ მოუწევთ მუშაობა. მისი კონცეპტუალური­ სახელია "დიფ სფეის გეით ვეი" და თანამედროვე კოსმოსური სადგურისგან განსხვავებით, სრულიად ავტონომიური იქნება. ამჟამად, კოსმოსური სადგურის 20-წლიანი­ არსებობის ისტორიაში მეორედ, კოსმოსურ სადგურს ჰყავს ევროპელი მეთა­ური, გერმანელი ალექსანდრე გერსტი, რომლის მისიაც ივნისში დაიწყო და რამდენიმე კვირაში უკან დაბრუნდება. დღევანდელი ნორმებით კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების მუშაობის ხანგრძლივობა ექვსი თვეა. უწონობაში სხეულის ძვალ-კუნთოვანი სისტემა ყოველთვიურად 3%-ით ქვეითდება. გარდა ამისა, მაღალია რადიაციის დონეც. ზოგადად, კოსმოსში რაც უფრო მაღლა მივდივართ, რადიაცია მატულობს და ეს არის გადაულახავი ბარიერი მარსის პროგრამებისთვისაც. სანამ ადამიანი მარსამდე ჩააღწევს,­ გზაში იმხელა დასხივებას მიიღებს, რომ მარსზე ჩასვლისას უკვე მძიმედ იქნება დაავადებული, ამიტომ კოსმოსურ სადგურზე ტარდება კვლევები ადამიანის სხეულის ადაპტაციაზე უწონობის, მაღალი რადიაციისა თუ დაბალი ატმოსფერული წნევის დროს... გარდა ამისა, მიმდინარეობს ცდები უწონობაში მცენარეებისა და ცხოველების მოყვანა-მოშენების პრობლემებზე. ეს ყველაფერი კი გათვლილია მთვარეზე, მარსსა თუ სხვა ციურ სხეულებზე (განიხილება ასტეროიდებიც) ადამიანისთვის ცხოვრების პირობების შესაქმნელად. დღეს მეცნიერები მთვარისა და მარსის ნიად­აგის სიმულირებას ცდილობენ და სპეციალური ქიმ­იური ფორმულის მქონე ნიადაგში ცდებს ატარებენ­. მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ კოსმოსური სადგურის, არამედ დედამიწაზე არსებულ ლაბორატორიებშიც.

წავალთ მარსზე 2023-ში?

მარსს ატმოსფერო აკრავს, მაგრამ იქ ადამიანის არსებობისთვის ბუნებრივი პირობები არ არის. დედამიწის ატმოსფერო­ უფრო მკვრ­ივია და მასში აირები სრულიად სხვა შემადგ­ე­ნლობითაა­. გარდა ამისა, მარსის ატმოსფე­როში წნევა ისეთი დაბალია, ლამის ვაკუ­უმს უტოლდება, რადიაცია კი რამდენიმე ასეულით მეტია, ვიდრე დედამიწაზე. დედამიწელებისთვის მარსის ზედაპირზე გავლა კოსმოსური სკაფანდრის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ მარსზე­ ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მარსის მიწისქვეშა კატა­კომბებში უნდა განთავსდეს. არსებობს სხვა, ნაკლებად რეალური ალტერნატივაც ხელოვნური მაგნიტური ველის სიმულირების სახით.

ასე რომ, ჩვენი პლანეტა უნიკალური და კომფორტული ადგილია, რასაც განსაკუ­თრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. კაცობრიობას მუდმივად ემუქრება განადგურების საფრთხე. დიდი ასტეროიდის ჩამოვარდნას, სუპერვულკანის ამოფრქვევას, კლიმატის გლობალურ ცვლილებებს შეუძლია ბოლო მოუღოს ცივილიზაციას. არის სხვა სახის საშიშროებებიც, მათ შორის - ჭარბი მოსახლეობა, რომელიც ყოველწლიურად ათეულობით­ მილიონით იზრდება... დღეს კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ახალი ტერიტორიების ათვისება და ამიტომ გეზი კოსმოსისკენ უნდა ავიღოთ. ცნობილი ბრიტანელი­ მეცნიერი სტივენ ჰოკინგიც­ არაერთგზის აცხადებდა, რომ ადამიანმა უახლოეს 30 წელიწადში უნდა დაიწყოს დედამიწის განტვირთვა, რაც სხვა კოსმოსური ობიექტების, მათ შორის - მარსის ათვისებას გულისხმობს. ვნახოთ, ვინ იქნება პირველი და 21-ე საუკუნეში ვინ დადგამს პირვ­ელად ფეხს სხვა ციურ სხეულებზე. წამყვანი კოსმოსური­ ორგანიზაციების გარდა, ამ პროგრამებზე კერძო ორგანიზაციებიც მუშაობენ. ილონ მასკი 2023 წელს მარსზე ადამიანების გამგზავრებას გეგმავს, თუმცა ჯერ მარსის რაკეტაც არ არის მზად. მარსზე გასაფრენმა რაკეტამ სულ სხვა სიჩქარე უნდა განავითაროს, რომ მარსის ორბიტაზე გავიდეს, ანუ ეს იქნება უპრეცედენტოდ მძიმეწონიანი რაკეტა, შესაბამისად, უზარმაზარი ბიუჯეტით (დღეს მარსზე 1კგ ტვირთის ტრანსპორტირებისთვის ანგარიშობენ დაახლოებით 150.000 ევროს). ყველაზე მძიმე­ რაკეტა, რაც კი დღემდე შექმნილა, "სატურნი-5" იყო, რომლითაც მთვარეზე ამერიკული "აპოლოს" მისიები იგზავნებოდა­.­ დაველოდოთ 21-ე საუკუნის პირველ ადამიანებს, რომლებიც ფეხს დაადგამენ მთვარესა და მარსზე.
ქეთი
21 მაისი 2019 09:12
მაგარია! იქნებ ოდესღაც, მართლაც ადამიანმა იცხოვროს სხვა პლანეტაზე... ყველაფერი დროის ამბავია - დღევანდელი სწრაფი ტექნოლოგიების ფონზე, აღარაფერია მიუღწეველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?