"შე მართლა თანამდებობისთვის შეუფერებელო КГБ-ს პრაპორშჩიკო..." - როგორ მიმართავს ვაშაძეს მსახიობი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ტუსაღი იყო - კვირის პალიტრა

"შე მართლა თანამდებობისთვის შეუფერებელო КГБ-ს პრაპორშჩიკო..." - როგორ მიმართავს ვაშაძეს მსახიობი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ტუსაღი იყო

კინომსახიობთა თეატრის მსახიობი თემურ გვალია პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის თეატრებზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "რა დღეშია ნახეთ რა! "90-იანი წლების შემდეგ, ქართულ თეატრებში არავის შეუხედიაო?!" ჯერ ეს ერთი, სხვას რომ დასცინი, სიტყვა "შეუხედია" არ არის სწორი გამოთქმა. სწორი გამოთქმაა: "შეუხედავს"... მეორეც, ვინმე ხომ არ გეხუმრა, უკვე პრეზიდენტი ხარო და შემთხვევით ხომ არ დაიჯერე?

შე მართლა თანამდებობისთვის შეუფერებელო КГБ-ს პრაპორშჩიკო: ჯერ ფეხბურთელებს დაემუქრე! ახლა ქართულ თეატრს! ხვალ მომღერლების ჯერი დადგება ალბათ!

კარგად ახსოვს საქართველოს მოსახლეობას, როგორი მონდომებით ახევდი ბავშვებს "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს", რომ შენი წეროსთვის თუ გედისთვის "ტბა" მოგეწყო ფულის გასაკეთებლად... უბრალოდ არ დაგცალდა...

მთელი ქართული "თეატრალური საზოგადოების" საყურადღებოდ: მოუსმინეთ ამ "ბეთხოვენას" რეების გაკეთებას აპირებს და ისე გააკეთეთ არჩევანი!"

შეგახსენებთ, თემურ გვალიას აღშფოთება სახელმწიფო თეატრების დაფინანსებაზე საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

თემურ გვალიამ საკუთარ თავზე იწვნია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე, ციხეში წამება და შეურაცხყოფა. მახსოვს, 2012 წელს, 4 თვის გამოსული იყო ციხიდან, ინტერვიუსთვის რომ შევხვდი, საშინელებები მიამბო და მითხრა, დაავადმყოფებული ვარო. მისი განწყობა და ტკივილი 2007 წელს "კრიტში" დაწერილ ლექსებშიც კარგად ჩანდა: "ადამიანი კი არა,/ თითქოს გამხმარი ხე ვარ" ან კიდევ: "რა მემართება, არ ვიცი,/ მომავალს ვეღარ ვხედავ"... ციხიდან გამოსული მსახიობი კვლავ დაუბრუნდა მშობლიურ თეატრს. მას ამჯერად "ფეისბუქში" დაწერილი მისი პოსტის გამო დავუკავშირდი.

თემურ გვალია:

- ძალიან არასერიოზული განცხადებაა, მით უმეტეს - პიროვნებისგან, ვინც საქართველოს პრეზიდენტობას აპირებს. ბიუჯეტი ინახავსო 48 თეატრსო, რომ ამბობს, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში სახელმწიფო აფინანსებს თეატრებს და ხელს უწყობს მის არსებობა - განვითარებას. გრიგოლ ვაშაძე უძველესი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ მასზე დაფუძნებული ახალი საქართველოს მშენებლობაზე ვლაპარაკობთ, ახალი საქართველო უნდა დაიბადოს და, თურმე, 48 თეატრის დაფინანსება შეაფერხებს ამ ამბავს?! არ ვიცი, ამ რიცხვმა გააღიზიანა გრიგოლ ვაშაძე თუ რამ, მაგრამ ფეხბურთელებზეც რომ ღიზიანდება? - ამდენი ფეხბურთელი რად გვინდაო?! მაგან ისიც არ იცის, რომ სპორტში ჩაბმული ახალგაზრდობის თითქმის ნახევარი სწორედ ფეხბურთელია.

საფეხბურთო კლუბები, ისევე, როგორც თეატრები, რაღაცას ცდილობენ, აკეთებენ მომავალი თაობების ჯანსაღად აღსაზრდელად, ვაშაძეს კი უნდა, მათი რაოდენობა შემცირდეს, იმის მაგივრად, რომ ახალგაზრდები სწორედ სპორტითა და თეატრალური ცხოვრებით ანუ კულტურით დავაინტერესოთ. ამ კაცის ნათქვამით გამოდის, რომ, რაც მეტად შემცირდება ამგვარი ადგილები და, შესაბამისად, მათში ჩართული ადამიანები, ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოსთვის უფრო უკეთესი იქნება. მან ამით, ფაქტობრივად, ქართულ კულტურასა და სპორტზე თქვა უარი. რომ ამბობს, ქართულ თეატრებში მაყურებელი 1990 წლიდან აღარ დადისო, ეგ კი არა, გახურებული ომების პერიოდში არ დაკეტილა თეატრები და ხალხი მუდამ იჯდა დარბაზში, თანაც - სასტიკ სიცივეში, პალტოებსა და ქუდებში. ასეთი თეატრალური ქვეყანა გვაქვს ჩვენ - საქართველო! ჯერ არ მოსულა და უკვე ასეთ რამეებს ამბობს, დაიწყო, გადალაგება, დაშლა-გადმოშლა, ხალხის უმუშევრად დატოვება! მესმის ეთქვა, რეფორმებია ჩასატარებელი, მართვის ახალი სისტემა, დაფინანსების ახალი სისტემა უნდა მოვიფიქროთო, მაგრამ ამის მაგივრად ამბობს, საქართველოსთვის 48 თეატრი ბევრიაო. ამას ან უვიცი იტყვის, ან გამიზნულად - ქართული კულტურის განვითარების მოწინაღმდეგე.

- ეს თქვა ადამიანმა, ვისი მეუღლეც - ნინო ანანიაშვილი პრიმა ბალერინაა... - საქართველოში ყველას კარგად ახსოვს, როგორ დაეძგერა ვაშაძე ჩვენს სასახლეს, როგორ მოინდომა შენობის ყიდვა და იქიდან ბავშვების გამოშვება, პრიმა ბალერინა ცოლისთვის საბალეტო სკოლა რომ გაეკეთებინა. ჯერ ერთი, სად გვყავს ამდენი ბალეტის მოცეკვავე ბავშვი, იმოდენა შენობა რომ შეევსოთ, სომხეთიდანაც რომ მოგვეწვია, ისიც კი ვერ შეავსებდა. რად უნდოდა ეს უზარმაზარი შენობა, სადაც თაობები აღიზარდა, რომელიც მხოლოდ ბავშვებს ემსახურებოდა, სხვადასხვა ინტერესის მქონეებს? ბავშვებისთვის მისი წართმევა როგორ უნდა მოგინდეს? ეს ქართველს არ მოუნდებოდა! პატრიოტი ქართველი, ზოგადად, შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის ანუ - საქართველოს მომავლისთვის იბრძვის! საბედნიეროდ, მაშინდელმა დიდმა სახალხო მღელვარებამ ხელი შეუშალა და მერე, ვეღარც მოასწრო!

მეორე ვაშაძე - გიორგი გამოდის და, - რა საჭიროა, კიბოს მე-4 სტადიის მქონე ონკოლოგიურ ავადმყოფებს ქიმიას რომ უტარებთ, ეგ ბიუჯეტიდან გადაყრილი ფულიაო! ადამიანები სიცოცხლისთვის იბრძვიან, მათთვის ერთი დღით მისი გახანგრძლივებაც კი რამხელა რამაა, ამ მხრივ მათ სახელმწიფო გვერდზე უდგას, აფინანსებს და - რად უნდათ, გადაყრილი ფულიაო! ეს თურმე, ბიუჯეტს აზარალებს! ესენი - ორივე ვაშაძე არიან ერთ გუნდში და ამის მერე, რა უნდა ვილაპარაკო მათზე?!

იმ ხალხს მინდა, ვუთხრა, ვინც ამ არჩევნებზე ხმას ვაშაძეს აძლევს - ისინიც ჩემი დები და ძმები, ჩემი საყვარელი ხალხია, ერთ ქალაქსა და ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ კიდეც დიდხანს, ვინც თეატრალი არ არის, ფეხბურთელი არ არის, ვისაც, უკაცრავად და, ავთვისებიანი სიმსივნე არ აქვს და, საბედნიეროდ, არც ქიმია სჭირდება, ხომ შეიძლება, ხვალ თქვენც შეგეხოთ და, დაფიქრდნენ ამაზე. ესენი მართვის რაღაც ახალ სტილს იგონებენ - არა თეატრი, არა ფეხბურთი.... ეს არის მათი დევიზი, ამოცანა, გასაკეთებელი, რომ ქვეყანა დაშალონ. მაგრამ - ვერ გააკეთებენ! ამას ვპირდები პირადად მე, ჰპირდება ქართველი ხალხი, რადგან ამათ საქართველოს აღმშენებლობის კოდი კი არ უდევთ, უდევთ ნგრევის, დაშლის კოდი; ევროპულ სიტყვებს იყენებენ და რა არის ევროპული ღირებულებები, ის არ იციან; ვერც იმას ასხვავებენ, რომ ზოგიერთი ევროპული ღირებულება საქართველოსთვის მიუღებელია და როდესაც ევროპულ ღირებულებებთან შერწყმაზე ვლაპარაკობთ, დაკვირვებით, სიფრთხილითა და დაბალანსებით უნდა მოვახერხოთ ეს!

წინა ხელისუფლებაზე რომ ამბობენ, მიშა სააკაშვილმა ეს გააკეთა, ის გააკეთაო, კი ბატონო, რაღაცები გააკეთა, მაგრამ მისი გაკეთებული ჩემთვის ნულის ტოლფასია, იმიტომ, რომ მან ისეთი საშინელი რამ გააკეთა, იგივე პატიმრებთან დაკავშირებული... ვინც ეს გამოიარა, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა, ჩემი ჩათვლით, ეს შესანიშნავად იცის, მაგრამ ახლა რომ გამოდიან ვიღაც-ვიღაცები და ლაპარაკობენ, ამ ყველაფერს იგონებენო, არ გაგიჟდები? 300 ათასი კაცი ვისხედით მიშას ციხეებში და უმრავლესობა ამას ვამბობთ, არ არის საკმარისი? მაგრამ ადამიანები პოლიტიკური თანამდებობების დასაკავებლად ძალიან ცუდი, ბინძური მეთოდებით იბრძვიან, მაგრამ ხალხი ამ ყველაფერს ხედავს. და რასაც ხალხი ხედავს, აგერ, რამდენიმე დღეში იქნება არჩევნები და მის შედეგს დაეტყობა. თუ შემთხვევით ვაშაძე გაიმარჯვებს, ე.ი. ვყოფილვართ ვაშაძის ღირსი!

- ხალხი დღევანდელი ხელისუფლების შეცდომებზეც ბევრს ლაპარაკობს...

- ამ ხელისუფლებაზე ძალიან გაბრაზებული ვარ, უამრავი შეცდომა დაუშვა. სხვადასხვა მხარის ბევრ ნათქვამს ვისმენ, ვაანალიზებ, რაღაცას ვეთანხმები, რაღაცას - არა, რადგან ორ ადამიანში მუდამ ერთი ვერ იქნება დამნაშავე, თუმცა... წინა ხელისუფლება მაინც სულ დამნაშავე იქნება და მთელი ცხოვრება ვერ ჩამოიწმენდს მის მიერ დაღვრილ სისხლს. მათი საარჩევნო კამპანიაც არის არა ევროპული, ქვეყნისთვის დამანგრეველი და მტრული. რად უნდა ამას ამდენი ყვირილი, მივალთ არჩრევნებზე და ვისაც გვინდა, იმას მივცემთ ხმას. წინა ჯერზე ხალხი არ მივიდა და ძალიანაც კარგი - ამით ხალხმა ალამი აუწია ხელისუფლებას და თავისი ძალა დაანახვა, შეახსენა, ჩვენ ვარსებობთო! ახლა კი, დარწმუნებული ვარ ხალხი მივა და თავის სიტყვას იტყვის, თავის არჩევანს გააკეთებს. მე თვითონ სალომე ზურაბიშვილს ვირჩევ, მაგრამ რა უფლება მაქვს, ვინმეს რაიმე ვუკარნახო. ხალხს ერთს ვთხოვ: ნუ დაიზარებენ, როგორი დაღლილიც უნდა იყვნენ, წამოდგნენ და მივიდნენ არჩევნებზე. დაინახოს ყველამ, რომ ჩვენ ვარსებობთ და ვინც უნდა ავირჩიოთ, ეს ჩვენი - ხალხის არჩევანი იქნება!

(სპეციალურად საიტისთვის)