"საცობი" უკვე მეტროშიცაა - რატომ ჭირს თბილისში პიკის საათებში მგზავრობა - კვირის პალიტრა

"საცობი" უკვე მეტროშიცაა - რატომ ჭირს თბილისში პიკის საათებში მგზავრობა

მეტროში მგზავრთა ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება იანვრიდან, რადგან ტექდათვალიერების გავლა ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდება და ბევრი ავტომობილის მფლობელი, რომელიც ინსპექტირებას ვერ გაივლის, მეტროს მგზავრი გახდება

პიკის საათებში თბილისში მგზავრობა უკვე მეტროთიც შეუძლებელი ხდება. როგორც ჩანს, გაუსაძლისი საცობების გამო მგზავრები სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრობაზე უარს ამბობენ და მიწის ქვეშ ჩასვლას ამჯობინებენ. ამიტომ მატარებლებს შორის სამწუთიანი ინტერვალი აღარ არის საკმარისი, რომ მეტრომ მგზავრები დაიტიოს.

"პიკის საათებში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა შეუძლებელია, 2 საათი მიწევს საცობში დგომა. ამიტომ საღამოობით მეტროს ხშირი მგზავრი გავხდი. თუმცა ამ ბოლო დროს მეტროშიც ძალიან ბევრი ხალხია - "სადგურის მოედანზე" გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია ხალხის ნაკადის გამო", - შემოგვჩივლა ერთ-ერთმა მგზავრმა მეტროში არსებულ მდგომარეობაზე. მართლაც, ვინც მეტროთი მგზავრობთ, შეამჩნევდით, რომ ეს პრობლემა თითქმის ყოველდღიური გახდა.

ჩვენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დავუკავშირდით, სადაც განგვიმარტეს, რომ შეფერხება მეტროს გადაადგილებაში არ ყოფილა და პრობლემა, სავარაუდოდ, ხალხის დიდმა ნაკადმა გამოიწვია.

"გადავამოწმე სპეციალური შემოწმებების გვერდზე, სადაც შემოდის ინფორმაცია შეფერხების თაობაზე და ხარვეზი არ დაფიქსირებულა. პიკის საათებში განსაკუთრებით ბევრი ხალხი მოაწყდება ხოლმე მეტროს. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მგზავრთა ნაკადი მკვეთრად არის გაზრდილი. პიკის საათებში მატარებლების მოსვლის ინტერვალი 3 წუთამდეა შემცირებული - დამატებითი შემადგენლობის რეაბილიტაცია ჩატარდა და ისინი უკვე მუშაობენ ხაზზე", - განგვიცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ის, რომ ბოლო დროს მეტროში მგზავრთა ნაკადი იზრდება, არ უკვირს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტ დავით მესხიშვილს. უფრო მეტიც, იანვრიდან ნაკადის მომატებას კიდევ პროგნოზირებს. ფიქრობს, რომ მეტროში "საცობები" ხშირად იქნება.

"მგზავრთა ნაკადის გაზრდა შეიძლება უკავშირდებოდეს რამდენიმე ფაქტორს: ახალი ავტობუსები ჯერ არ შემოუყვანიათ. კარგია, რომ მერიამ ავტობუსების განახლების გადაწყვეტილება მიიღო და თუ დროზე შეასრულებს დანაპირებს, ძალიან კარგი იქნება.

კიდევ ერთი ფაქტორია საწვავის ფასი, რომელიც გაძვირებულია და კიდევ გაძვირდება; შესაბამისად, გაზრდილია ტაქსების მომსახურებაც. როდესაც ტრანსპორტის საშუალებების ინსპექტირება დაიწყო, ვამბობდი, რამდენადაც გაიზრდებოდა ტაქსების მომსახურება, ხალხი მეტროში გადაინაცვლებდა, როგორც გადაადგილების იაფ და სწრაფ საშუალებაში, რადგან დღეს მიწისზედა ტრანსპორტით ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა ძალიან გაჭირდა!"

გვახსოვს თბილისის მერის დაპირება, რომ მეტროს კიდევ 12 შემადგენლობა დაემატება და თუ მართლაც შეასრულებს, კარგი იქნება, თუ არადა, შეფერხებები გველის.

თბილისის მერიას მუდმივად ვეუბნებოდით, რომ ტაქსების რეგულაციები მანამდე არ დაეწყო, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ განვითარდებოდა. არ დაგვიჯერეს და მივიღეთ ის, რაზეც ვაფრთხილებდით.

არ ვამბობ, რომ ტაქსი არ უნდა იყოს ძვირი, უნდა იყოს, მაგრამ მაშინ, როცა საკმარისი ავტობუსი და მეტროს შემადგენლობა გვექნება ქალაქში.

მეტროში მგზავრთა ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება იანვრიდან, რადგან ტექდათვალიერების გავლა ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდება და ბევრი ავტომობილის მფლობელი, რომელიც ინსპექტირებას ვერ გაივლის, მეტროს მგზავრი გახდება".