"არასდროს მიფიქ­რია, რომ სილამაზის კონკურსის პარამეტრებს ვაკმაყო­ფილებდი" - კვირის პალიტრა

"არასდროს მიფიქ­რია, რომ სილამაზის კონკურსის პარამეტრებს ვაკმაყო­ფილებდი"

"გრან-პრი ორად გაიყო. გამარჯვებულად მე და უკრაინის წარმომადგენელი გამოგვაცხადეს და ორი გვირგვინი გადმოგვცეს. უკრაინელი კონკურსანტი გამოარჩიეს სოციალური პროექტებით - წარმატებული ტელეწამყვანი გახლდათ, მე კი სილამაზითა და ტალანტით"

ცოტა ხნის წინ ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი მონაწილეობდა სილამაზისა და ტალანტის საერთაშორისო კონკურსში Miss Planet 2018, რომელიც დაოჯახებული ან განათხოვარი ქალბატონებისთვის ტარდება. საქართველოს წარმომადგენელი ამ კონკურსიდან მთავარი პრიზით დაბრუნდა. ნინი შერმადინი "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- კონკურსში მონაწილეობა რომ შემომთავაზეს, გამეცინა... არასდროს მიფიქრია, რომ სილამაზის კონკურსის პარამეტრებს ვაკმაყოფილებდი. მერე ამიხსნეს, რომ არ იყო სავალდებულო 1,75 სიმაღლის და 90/60/90-ზე პროპორციების ვყოფილიყავი, რადგან ამ კონკურსზე ფასდებოდა ტალანტი, ინტელექტი და ხასიათი. დავთანხმდი.

- სად ჩატარდა Miss Planet 2018? - ბულგარეთში, სადაც მსოფლიოს 50 ქვეყნიდან იყვნენ ჩასული სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალბატონები. ჯერ ოცეული შეიქმნა, მერე ტოპათეული, საბოლოოდ კი გრან-პრი ორად გაიყო. გამარჯვებულად მე და უკრაინის წარმომადგენელი გამოგვაცხადეს და ორი გვირგვინი გადმოგვცეს. უკრაინელი კონკურსანტი გამოარჩიეს სოციალური პროექტებით - წარმატებული ტელეწამყვანი გახლდათ, მე კი სილამაზითა და ტალანტით.

- ამ ეტაპზე კიდევ რა სიახლეებია შენს ცხოვრებაში?

- უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ამერიკაში ვცხოვრობდი. ამ ხნის განმავლობაში სოციალურ ქსელში ხშირად მეკითხებოდნენ, - სიმღერას თავი დაანებეთ, სცენაზე რომ ვეღარ გხედავთო? მარტში ჩამოვედი, ვიფიქრე, ცოტა ხნით დავბრუნდები და მსმენელს თავს შევახსენებ-მეთქი. ახლა მივდი-მოვდივარ. ახლახან ჩინეთიდან ჩამოვედი, Miss model of the World 2018-ის იუბილე ჩემი სიმღერით გაიხსნა, 65 ქვეყნის ტელევიზია პირდაპირ გადასცემდა ამ გამოსვლას და ბევრი შემოთავაზებაც მივიღე. ვაპირებ კონცერტის გამართვას საბერძნეთსა და თურქეთში, ამერიკაში კორპორაციულ საღამოზე მიმიწვიეს, იანვრისთვისაც ბევრი მიწვევა მაქვს...

- ამერიკაში რას საქმიანობდით. - წელიწად-ნახევარი ამერიკის ერთ-ერთ ბანკში ვიმუშავე, მაგრამ წამოვედი, იმიტომ, რომ აქ ვჭირდებოდი ჩემს შვილს და მშობლებს. ახლა ამერიკაშიც ვმღერი და სხვაგანაც. სიმღერა მაძლევს საშუალებას რომ თავისუფალი გრაფიკი მქონდეს.

ამერიკაში უკვე ბევრი მცნობს, არ მაქვს შიში, რომ შეიძლება დამივიწყონ. აქაც ჩემს საქმეს ვაკეთებ. რაც უფრო მეტ ქვეყანაში გაგიცნობენ, მით უფრო მდიდარი ხდება შენი რეზიუმე.

ამერიკა ჩემი მეორე ქვეყანაა, სადაც ბევრი რამ ვისწავლე და როგორ შეიძლება არ მენატრებოდეს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი კარიერისთვის ჯობია, მეტი ვიმოძრაო.

- ამერიკული ცხოვრების შემდეგ საქართველოში ჩამოსულს რა სურათი დაგხვდა? - ყველაზე მეტი კომფორტი ის არის, რომ მე ჩემს ქვეყანაში ვარ შვილთან, მშობლებთან და მეგობრებთან ერთად. არ მეგონა, თუ საქართველოში ასეთი პოპულარული ვიქნებოდი, ვფიქრობდი, რომ მიმივიწყებდნენ. არ ვიცი, რით დავიმსახურე ხალხის სიყვარული. იქნებ იმით, რომ ყოველთვის გულწრფელი ვიყავი.

- წინასაარჩევნო სიტუაცია საკმაოდ მძიმედ, დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა... პოლიტიკურ პროცესებს თუ ადევნებ თვალს? - აპოლიტიკური ვარ. იმიტომ კი არა, რომ არ მაღელვებს საკუთარი ქვეყნის ბედი, ჩემთვის არც ერთი მთავრობა არ ყოფილა ცუდი. ჩემთვის არავის არაფერი წაურთმევია, ჩემიანი არავინ დაუჭერია. რუსეთის მონა არ მინდა გავხდეთ, რასაც ამდენი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. არა რუსეთს! რუსეთი ოკუპანტია! აგვისტოს ომის დროს დღეების მყავდა მარიამი, როდესაც მე და ჩემი კოლეგები ღუდუშაურის კლინიკაში დაჭრილებისთვის სისხლის გადასასხმელად მივედით. არ დამავიწყდება ის სულისკვეთება, ფეხზე დავდგებით და ისევ დავიცავთ ჩვენს ქვეყანასო, ამბობდნენ. მინდა ჩემი ქვეყანა ბედნიერი ვიხილო...

იხილეთ ასევე: "შვილის გაუცხოვების მეშინოდა"