"თუ ბავშვი უფულობის გამო კლინიკიდან გამოუშვეს, რა გვეშველება, აღარ ვიცი" - 6 წლის ბიჭისთვის დასმული ლეიკემიის დიაგნოზი და ბრძოლა სიცოცხლისთვის - კვირის პალიტრა

"თუ ბავშვი უფულობის გამო კლინიკიდან გამოუშვეს, რა გვეშველება, აღარ ვიცი" - 6 წლის ბიჭისთვის დასმული ლეიკემიის დიაგნოზი და ბრძოლა სიცოცხლისთვის

როცა ბავშვები ავად ხდებიან, ყველაფერს აზრი ეკარგება. როცა მათი ბედნიერი სიცილი აღარ ისმის, თითქოს ყველაფერი დუმდება. 6 წლის პატარა მოხევე, გაბრიელ ჩქარეული სულ რაღაც ერთი თვის წინ ყაზბეგის პატარა სოფელ ფხელშეს ბედნიერი სიცილით იკლებდა,  მთელი დღე ბურთისთვის შეეძლო ედევნა, მეზობლები მშობლებს ეუბნებოდნენ, - ეს ბავშვი ფეხბურთზე მიიყვანეთო. თუმცა, ფეხბურთზე კი არა, პირველ კლასში სულ ორი თვის მიყვანილმა გაბრიელმა სკოლაში სიარულიც ვეღარ შეძლო, - მას მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. გაბრიელის ბებია, ნონა ჩქარეული ამ წუთებს სასოწარკვეთილი იხსენებს:

- ჩემს გაბრიელს ვინც იცნობს, იმას ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ავად გახდებოდა - გაბის ერთ ადგილას დიდხანს ჯდომაც კი არ შეეძლო, ისეთი მოძრავი და სიცოცხლით სავსე იყო. წელს პირველ კლასში შევიყვანეთ ყაზბეგის გიმნაზიაში, დიდსა და პატარას ყველას უცებ შეაყვარა თავი. ჩემი ბიჭი ისეთი თბილია, ხალხი გვეუბნებოდა, ამის პატრონს რაღა მოგკლავთო. მასწავლებლებს რომ დაინახავდა, ლამის კილომეტრიდან გაქანდებოდა ხოლმე ჩასახუტებლად. ფეხბურთზე გვინდოდა შეგვეყვანა, ყველა იმას გვეუბნებოდა, დიდი მომავალი შეიძლება ჰქონდესო...

ახლა კი ყველაფერი გვერდზე დაგვრჩა, მთელი ოჯახი განადგურებული ვართ... ბავშვი ერთ დღეს შინ უხასიათოდ დაბრუნდა და დაწვა, დაღლილი ვარო. რა კერძი აღარ გავუკეთეთ, მაგრამ საჭმელს პირი არ დააკარა. არა და არ გაუარა, გამოჯანმრთელების ნაცვლად უფრო დასუსტდა. ჩვენ ესეც ვირუსის ნარჩენი გვეგონა და რადგან სიცხე უკვე აღარ ჰქონდა, სკოლაში გავაგზავნეთ, იქედან კი მასწავლებლებმა დაგვირეკეს, ბავშვი ცუდად არის, შინ წაიყვანეთო.

- კვლავ ტემპერატურამ აუწია?

- არა, ისე იყო დასუსტებული, მერხზე ჯდომაც კი უჭირდაო. შინ რომ მოვიყვანეთ, მეძინებაო და  სავარძელში მიიძინა. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე.

- ექიმთან არ მიიყვანეთ? - ეს სულ რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ბავშვს ტემპერატურაც არ ჰქონდა, მაგრამ ფერი რომ დაკარგა, მაშინ უკვე თბილისში წაყვანა გადავწყვიტეთ. ჩვენს თავს, რომ რაღაც კარგი არ იყო, მაშინ მივხვდი, როცა თბილისში თანატოლ მამიდაშვილებს ვერ ეთამაშა, მოინდომა, მაგრამ თამაში ვეღარ შეძლო.

ბავშვს სისხლის ანალიზი გაუკეთეს და ჰემოგლობინის ნორმა იმის 30%-ც არ აღმოაჩნდა, რაც ნორმაში უნდა იყოს. ბოლოს იაშვილის კლინიკაში მწვავე ლეიკოზი დაუდგინეს. მოსისხლე მტრისთვისაც არ მოვინდომებ, რაც ჩვენ ამ დიაგნოზის გაგებით მოგვივიდა. ცოცხლებში აღარ ვითვლებით, მაგრამ ამ უბედურების კვალდაკვალ ერთი სინათლე მაინც გვქონდა, - გაბრიელს ავსტრიაში სამკურნალოდ წასვლის ფული სოფელმა და ყაზბეგმა შეუგროვა. ეს მართლა სასწაული იყო - თურმე რამხელა სიკეთე ყოფილა ხალხში - მე ხომ ვიცი, რო ბევრმა ჩემი გაბრიელისთვის საკუთარი ჯიბის ფული გაიღო. ჩემი გაბისთვის პირველი სასიცოცხლო მნიშვნელობა ამას ჰქონდა, - უნდა წაგვეყვანა საშველად. მერე ნამდვილად აღარ გვიფიქრია, რას ვიზამდით, დანარჩენ სამკურნალო ფულს სადღა ვიშოვიდით.

მაგრამ მკურნალობის პირველი კურსის შემდეგ კლინიკა უკვე ფულს ითხოვს, რომელიც აღარ გვაქვს. ირგვლივ უამრავი გაჭირვებულია, ძალიან მერიდება ხალხისთვის დახმარების თხოვნა, მაგრამ სხვანაირად ვერ გადავარჩენთ ჩვენს პატარა გაბრიელს. თუ ისე მოხდა, რომ ბავშვი უფულობის გამო კლინიკიდან გამოუშვეს, მაშინ რა გვეშველება უკვე აღარ ვიცი.

"კვირის პალიტრის" მკითხველმა არაერთი ადამიანის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა, გვჯერა, რომ ახლაც გულისხმიერებას გამოიჩენთ. ჩვენი დახმარების გარეშე პატარა ბიჭი ვერ იცოცხლებს, გთხოვთ, ნუ მივცემთ გაბრიელს დამარცხების უფლებას!

საკონტაქტო პირი სოფო ჩქარეული - ბავშვის მამიდა: 558103439

საქართველოს ბანკი:GE30BG0000000103308859

თიბისი ბანკი: GE89TB7193645061100077

მიმღები გაბრიელ ჩქარეული

(სპეციალურად საიტისთვის)