"დევნილები საარჩევნო ხორცად გამოგვიყენეს" - კვირის პალიტრა

"დევნილები საარჩევნო ხორცად გამოგვიყენეს"

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ე.წ. პირამოკერილთა აქცია დაიშალა და კობა სუბელიანის სავარძელმაც კიდევ ერთ დარტყმას გაუძლო. თუმც სამინისტროს შესასვლელთან პირამოკერილებს სხვები ჩაენაცვლნენ. რამდენიმე დევნილი, რომელთაც თავშესაფარი არა აქვთ, კარავში ათენ-აღამებენ. ინვალიდის სავარძელში გოგონა ზის. სიცხისაგან თვალები დასწითლებია, გაურკვეველი სიტყვებით, როგორც ჩანს, შველას ითხოვს და შეწუხებული თავს აქეთ-იქით აქნევს. რაკიD გოგონას დედა აწყნარებს, ჩემთან სასაუბროდ დეიდა უფრო იცლის.

მზია ჯაბუა: "ეს გოგონა აფხაზეთიდან დევნილი ჯენია არჩვაძეა. პირველი ჯგუფის ინვალიდი ერთი კვირაა, კარავშია. რამდენიმე თვის წინ ბინიდან გამოასახლეს, რომელიც ბიცოლასაგან გვქონდა ნაყიდი. წარმოგიდგენიათ, ინვალიდს ბინა გაუყიდეს!  ბიცოლა, რომლისაგანც თავის დროზე ეს ბინა ვიყიდეთ, 17 წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს. მას მეზობლების თანდასწრებით გადავეცით ბინის ფული. მან საკუთარი და თავისი შვილების პასპორტები დაგვიტოვა, ბინა ამის საფუძველზე  გაიფორმეთო და უცხოეთში წავიდა, როგორც დევნილი, მაგრამ უმისოდ ვერ მოვახერხეთ ბინის გადაფორმება. რამდენიმე თვის წინ ჩვენთან ინვესტორი მოვიდა, რომელიც ორმაგ ფასს იძლეოდა ბინაში. ეს რომ ბიცოლამ გაიგო,   მინდობილობა მისცა თავის ახლობელს, რომელმაც გამოგვიცხადა, ეს ბინა გავყიდეო. სინამდვილეში თავის ახლობელს გაუფორმა უსასყიდლოდ და პოლიციაში გვიჩივლა, ბინას არ ცლიანო. სასამართლო პროცესი წავაგეთ. მარტში 20 კაცი ხელკეტებით შემოგვიცვივდა სახლში და 1-ელი ჯგუფის ინვალიდი გამოასახლეს. ამის მერე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დავდივართ, თუმცა ამაოდ. Aახლა გვპირდებიან, ფართობს ფოთში მოგიძებნით, კვების ფულსაც მოგცემთ და მომვლელსაც აგიყვანთო, მაგრამ ამათი არ გვჯერა და მოვითხოვე, ეს ყველაფერი ოფიციალურად დაგვიწერეთ-მეთქი, მაგრამ ვერაფერს გავხდი.

12 ოჯახი ფოთში გადაიყვანეს. ადგილზე მისულები არ იყვნენ, რომ ტელევიზიით აჩვენეს, როგორც ჩავიდნენ იქ დევნილები და რა კარგი პირობები დახვდათ. ნათესავმა გვითხრა, ისეთი კარგი შენობა აჩვენეს ტელევიზიით, ძალიან შეცდით, რომ არ წახვედითო. არადა, დავრეკე და გავიგე, თურმე იმ კორპუსში არც წყალია, არც გაზი და არც ელექტროენერგია. ფოთში დევნილებს ერთი ამბავი აუტეხიათ და ამიტომაც ჩაქვში გადაუყვანიათ. გვირეკავენ, ამათ არ დაუჯეროთ და ფოთში არ წამოხვიდეთ, ჩვენც უკან ვბრუნდებითო".

KvirisPalitra.Geირა ფიფია: "ოჩამჩირელი ვარ. დაჭრილი, ცოცხალმკვდარი ჩამომიყვანეს თბილისში. 5 თვე საავადმყოფოში გავატარე. ფეხზე ოპერაცია დამჭირდა. საავადმყოფოდან რომ გამოვედი, 2,5 თვე ინვალიდის სავარძელში ვიჯექი. Bბინის ამბავი რომ მოვიკითხე, თბილისში ყველა ფართობი გადანაწილებული აღმოჩნდა. ქუჩაში ხომ არ დავრჩებოდი. ორი თვე ახლობელს შევაფარე თავი, მერე კი ქირით გადავედი. ვწვალობდი, როგორც შემეძლო, ისე ვშოულობდი ფულს, ძირითადად, სახლებს ვალაგებდი. აქამდე მქონდა სამსახური, ახლა არა მაქვს, ბინის ქირას ვერ ვიხდი, ბინის პატრონი სახლის დაცლას მთხოვს და სად წავიდე? ფოცხოეწერში წადიო. იქ რით ვირჩინო თავი? Dტყის, მინდვრისა და იმ შენობის მეტი არაფერია. Bბალახი ვჭამო? აქ წლობით დავდივარ და სულ მატყუებენ, დღეს არა და ხვალ-ზეგ დაგეხმარებითო. Aასე წლები გავიდა. თბილისში თუ არ უნდათ გაგვაჩერონ, არც მე მინდა, მაგათი იყოს! თბილისი არ მენახა და მშვენივრად ვცხოვრობდი აფხაზეთში. Mმომცენ თავშესაფარი იქ, სადაც ვიარსებებ".

რუსუდან მანჯგალაძე: "მე სოხუმელი ვარ. 1993 წლიდან ცალკე ოჯახად ვარ დარეგისტრირებული. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვცხოვრობდი. მალე ადმინისტრაციის თხოვნით ჩემი ძმის ოთახში გადავედი. 2006 წელს საავადმყოფოდან დევნილები გამოიყვანეს და კომპენსაციები მისცეს. ერთ ფართობში 3 ოჯახი ვცხოვრობდით, მაგრამ ერთი კომპენსაცია - 10 ათასი დოლარი მოგვცეს. მას მერე დავდივარ ამ საქმეზე. გუშინ ბატონმა სუბელიანმა შეურაცხყოფა მომაყენა, მომაძახა, ოთახების გამყიდველი ხარო. ახლა ქეთევან წამებულის #71-ში, ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ვარ თავშეფარებული. იქ 25 დევნილი ოჯახი ცხოვრობს უშუქოდ და უწყლოდ. საშინელ პირობებში ვართ. ერთხელ გუდამაყრის ქუჩაზე გამგზავნეს, იქ გამოგიყავით ფართობიო. რომ მივედი, იქ პატრონი უკვე რემონტს აკეთებდა, თურმე გაუყიდიათ".

KvirisPalitra.Geდიმიტრი ომანაძე, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი: "დევნილები ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა ხელისუფლებამ. ეტყობა, გადაწყვიტეს, თბილისი დევნილებისგან დაცალონ. Fრადგან ფასები იმატებს, შესაძლოა, ამას სოციალური აფეთქება მოჰყვეს და არ უნდათ ამდენი დევნილი, საპროტესტოდ განწყობილი ადამიანი თბილისში. ამიტომაც რეგიონებში დაფანტეს.

1993 წლის მერე ეს ხალხი თბილისში ცხოვრობს. თავიანთი შრომით რაღაც შეიძინეს, ახალ გარემოს შეეჩვივნენ, ფეხზე დადგნენ, ზოგმა სამსახური იშოვა, შვილები აქ სწავლობენ. Aახლა ეუბნებიან, ფოცხოეწერში 9 კილომეტრით მოშორებულ სკოლაში იარეთო. ფოცხოეწერში არც წყალი აქვთ, არც გაზი და არც დენი.

დევნილების 80%-მა ხელისუფლებას დაუჭირა მხარი და დღეს ამიტომაც ვართ ამ ყოფაში.

თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება,  ერთ დღესაც გამწარებული ხალხი ხმას ამოიღებს, სოციალური რევოლუცია მოხდება და ხელისუფლება გადაჰყვება. ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს.

პრეზიდენტსა და უგულავას დაავიწყდათ არჩევნებამდე ნათქვამი, თუ დევნილები სახელმწიფო შენობებში არიან კომპაქტურად ჩასახლებული, ფართობები დაუკანონდებათო. დევნილები საარჩევნო ხორცად გამოგვიყენეს და ისევ გვიპირებენ გამოყენებას. დევნილთა სამინისტროში ფართობების მოთხოვნით  ვინც შედის, ყველას ეუბნებიან, 2012 წლამდე დაგაკმაყოფილებთო, ეს იმიტომ, რომ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებია. მაშინაც რაღაც ლუკმას გადმოუგდებენ დევნილებს და საბოლოოდ მოატყუებენ".