"შეიძლება ითქვას, ქართველებმა გადამარჩინეს" - ვინ იყო ქუჩის მუსიკოსი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს
თბილისელებისთვის კარგად ნაცნობი ქუჩის მუსიკოსი, სამირ სავჩუკი გარდაიცვალა. თბილისის მეტროსადგურებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში, ხშირად შეამჩნევდით ახალგაზრდა, გამორჩეული გარეგნობის მამაკაცს, სწორი შავი თმებითა და ჭრელი თვალებით, რომელიც გიტარაზე უკრავდა და გამვლელებისთვის მღეროდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამირ სავჩუკი ქუჩაში დაკვრით ირჩენდა თავს.
შსს-ს ინფორმაციით, სამირ სავჩუკი თბილისში ვეძინის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში 27 ნოემბერს იპოვეს გარდაცვლილი. საქმე აღიძრა 115-ე მუხლით. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მივიდა და გარდაცვლილი დილას, საწოლში იპოვეს.
სამირ სავჩუკი 4 წლის ასაკში დედამ მიატოვა - კიევის ერთ-ერთ შენობაში, მერვე სართულზე დატოვა და წავიდა. პატარა ბიჭი ბავშვთა სახლში აღმოჩნდა, საიდანაც საქართველოში წამოიყვანეს ჭიათურაში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა. მისი დედობილი რუსი, მამობილი კი უკრაინელი იყო. თუმცა, არც მათთან ჰქონია ბედნიერი ცხოვრება ბიჭს - როგორც თავად ამაბობდა, ის მათთვის არა შვილი, არამედ მონა იყო.
ჟურნალ "გზის" არქივში ინახება ინტერვიუ სამირთან, რომელიც ჟურნალისტმა 2016 წელს ჩაწერა. სამირი თავის ტკივილით სავსე ცხოვრებაზე საუბრობდა.
- სამირ, დედის წასვლა დამშვიდობებას ჰგავდა?
- არა, ჩვეულებრივად წავიდა. ქუჩაში რომ გავედი, ავტობუსის გაჩერება დავინახე. ერთ-ერთ ავტობუსში ავედი. ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ბოლო გაჩერებას რაც უფრო უახლოვდებოდა, მგზავრების რაოდენობა მცირდებოდა. ბოლოს მე და ერთი კაცი დავრჩით. მძღოლი ქალბატონი იყო. მკითხა, - შენ რატომ არ ჩადიხარო? - დავიკარგე-მეთქი, - ვუპასუხე და ტირილი დავიწყე.
დაკარგული ბავშვის ამბავი მძღოლმა პოლიციას შეატყობინა და პატარა სამირი ბავშვთა თავშესაფარში აღმოჩნდა. უცხო გარემოში მოიწყინა, თანატოლებთან თამაშის დროსაც კი არ შორდებოდა ფიქრი მშობლებზე და სჯეროდა, ადრე თუ გვიან დედა მას აუცილებლად იპოვიდა, შინ წაიყვანდა. რამდენიმე თვე გავიდა. ერთ დღეს სანატრელი სიტყვები გაიგონა: სამირ, შენი მშობლები მოვიდნენ. გახარებულმა ბიჭმა კიბე ჩაირბინა და მისი მშობლების ნაცვლად, კართან სრულიად უცხო მამაკაცი და ქალბატონი დახვდნენ. - შენ ჩემი დედა არ ხარ-მეთქი, - ვუთხარი იმ ქალს. ჩამეხუტა, მომეფერა. - ჩემთან უნდა წაგიყვანოო, - მითხრა. თავდაპირველად უარზე ვიყავი, მაგრამ ჩემს სურვილს ვინ გაითვალისწინებდა? 2-3 დღის შემდეგ მომაკითხეს და მატარებლით საქართველოში წამომიყვანეს. დედობილი, ნინა კოტოვა ეროვნებით რუსი იყო, მამობილი - პეტრე სავჩუკი კი უკრაინელი. ისინი ჭიათურის რაიონის სოფელ თაბაგრებში ცხოვრობდნენ.
- ახალ ოჯახში შენი ცხოვრება როგორ გაგრძელდა?
- ძალიან ცუდად მეპყრობოდნენ, განსაკუთრებით - დედობილი. ქართველი ხალხი ძალიან მიყვარს. სოფელში საოცრად თბილი მეზობლები მყავდნენ და ყურადღებას მაქცევდნენ. შეიძლება ითქვას, ქართველებმა გადამარჩინეს. ჩემი მამობილი და დედობილი ხშირად ჩხუბობდნენ, ალკოჰოლს ეტანებოდნენ. მამობილი დილით სამსახურში მიდიოდა და ძალიან გვიან ბრუნდებოდა. ასაკი რაც მემატებოდა, დედობილი საქმეებს მით უფრო მიმატებდა.
- რას გაკეთებინებდა?
- ყველაფერს, რასაც სოფელში ადამიანები აკეთებენ. სითბო მაკლდა. ჩვენს სახლში ტკბილ სიტყვას ვერ გაიგონებდი, აგრესია კი დიდი დოზით იყო. მეზობლებთან უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე მშობლებთან. დედობილს ჩემ მიერ გარეცხილი სარეცხი, მოწმენდილი იატაკი ან მომზადებული კერძი თუ არ მოეწონებოდა, სასტიკად მსჯიდა. (იხილეთ სრულად)