საკინძეები მაკკეინისთვის - კვირის პალიტრა

საკინძეები მაკკეინისთვის

არავინ იცის, მომავალი რას გვიქადის, თუმცაღა ბავშვობის ოცნებებზე მაინც ბევრია დამოკიდებული. ირინა ნებიერიძის ბავშვობის ფიქრებს ის მოჰყვა, რომ მისი მინანქრის ნამუშევრები მსოფლიოში ცნობილი ადამიანების საკუთრებაა.

- ქართული მინანქარი, რომელიც უკვე ლეგენდად იქცა, განსაკუთრებით უცხოელებისთვის, ჩემს ბავშვობაში პოპულარული როდი იყო. ხატვა იმდენად მიყვარდა, რომ უძველესი ქართული მხატვრობის ისტორიას ჩავუჯექი და მინანქარს იქ წავაწყდი. მაშინვე გავიფიქრე, ამას აუცილებლად ვისწავლი-მეთქი, მაგრამ ეს ადვილი არ აღმოჩნდა. ამიტომაც მასწავლებლად დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ სოფელ საქარას. მაინც ვერ მოვისვენე და მინანქარი შევისწავლე. ერთხანს ისე მიჭირდა, რომ იძულებული ვიყავი სრულიად ახალი საქმე გამომეგონებინა: ზღვის ფერადი კენჭებით ვაფორმებდი სხვადასხვა ნივთსა და ფეხსაცმელებს. სხვათა შორის, იმდენად ორიგინალური გამოდიოდა, რომ ბევრი ყიდულობდა. ამის შემდეგ მინანქარმაც "მიმიახლოვა". ერთხელ ჩემმა მოძღვარმა მითხრა, მინანქრის სახელოსნო გამოფენას აწყობს და უნდა ნახოო. გამაოგნა იმ სილამაზემ, რაც იქ ვნახე, ჩემი ნამუშევრებიც მოეწონათ და სახელოსნოში მიმიღეს.

- ალბათ, მათი დამსახურებაა, რომ თქვენი ნამუშევრები მსოფლიოში ცნობილმა ადამიანებმა შეიძინეს. - ცხადია. დიდი ხანია ტრადიციაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და უცხოეთში საქართველოს ელჩები სუვენირებს ჩვენს სახელოსნოში ამზადებინებენ. ისე მოხდა, რომ მე ამერიკაში საქართველოს ელჩის საკინძეები დამამზადებინეს, შემდეგ კი მთხოვეს, ახლა ჯონ მაკკეინის საკინძე უნდა დაამზადო, თანაც მისი ინიციალები ქართულად უნდა ამოკვეთოო. სუვენირზე 10 დღე ვმუშაობდი, ინიციალები მართლა განსაკუთრებული სიყვარულით ამოვკვეთე.

- სენატორს მოეწონა? - მითხრეს, ძალიან მოეწონაო. Aალბათ, მართლაც მოეწონა, რადგან მერე სხვა სენატორების საკინძეებიც შემიკვეთეს. თუმცა მაკკეინის მაინც სხვა იყო. ის კაცი ლეგენდა იყო, მათ შორის, საქართველოსთვისაც.

- გარდა სენატორებისა, სხვა ცნობილი ადამიანებისთვისაც დაგიმზადებიათ სუვენირები? - ბევრისთვის. თუმცა რიცხოვნობას ჩემთვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. სულს მიღელვებს სუვენირების შექმნა მათთვის, ვინც ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, გამიხარდა, როცა საქართველოში ჩამოსულ მიშელ პლატინის ჩემი მინანქრის თბილისის ხედი აჩუქეს.