ჩილაშვილი ჩონჩინგში ჩინელებს ასწავლის... - კვირის პალიტრა

ჩილაშვილი ჩონჩინგში ჩინელებს ასწავლის...

"აქ ჩვეულებრივი კომუნიზმია, ბავშვები სკოლაში წითელი ყელსახვევებით დადიან. ყოველ ორშაბათ დილით ჰიმნს მღერიან. ვისაც ბიზნესი აქვს ან კარგი სამსახური, ყველა კომუნისტური პარტიის წევრია"

27 წლის ლაშა ჩილაშვილი ქალაქ ჩონჩინგის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ჩინელ ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლის და თავის შთაბეჭდილებებზე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- მესხი ვარ, ახალციხიდან. ბავშვობიდან მიყვარდა საბუნებისმეტყველო საგნები და ამიტომაც პროფესიად ეკოლოგია ავირჩიე. სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ილიაუნის მაგისტრატურაში განვაგრძე სწავლა. ბევრი ვეცადე ჩემი პროფესიით დავსაქმებულიყავი, მაგრამ...

ჩინეთში პირველად ორი წლის წინ ვიყავი ერთ-ერთი აგროეკოლოგიური პროექტის გამო, რომელშიც ჩართვა რომ შემომთავაზეს, წამოვიძახე, რა მინდა ჩინეთში, თვითონ ჩინელები გარბიან იქიდან-მეთქი, თუმცა ჩასვლის შემდეგ შეხედულება შემეცვალა. რადიკალურად განსხვავებული გარემო დამხვდა. ხალხი უაღრესად თბილია, ბევრ მათგანს დავუმეგობრდი და მათგან შევიტყვე, რომ ინგლისურის მასწავლებლად შემეძლო მუშაობა. ამ დროს ინგლისური ენა თითქმის არ ვიცოდი - მაგრამ მოვძებნე რეპეტიტორი, სწავლის საფასურს ტაქსიზე მუშაობით ვშოულობდი. ენის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდა რომ ჩავაბარე, შევავსე განაცხადი, გავიარე გასაუბრება და იმ დღესვე მომივიდა დადებითი პასუხი. ასე გავხდი ინგლისურის პედაგოგი, თუმცა ჩემს მეორე პროფესიასაც არ ვივიწყებ და ბავშვებს გარემოს გაკვეთილებს ვუტარებ.

- როგორ შეეგუე ჩინურ ყოველდღიურობას? - ჩინელებს სრულიად განსხვავებული კულტურა და წეს-ჩვეულებები აქვთ, ამიტომ ცოტა გამიჭირდა. აქ ყველაზე მეტად დრო ფასობს, წუთსა და წამში აქვთ გათვლილი, რა, როდის და როგორ გააკეთონ. ასე რომ, წელიწად-ნახევარია ქალაქ ჩონჩინგში ვცხოვრობ, ვმუშაობ საბავშვო ბაღში ინგლისურის მასწავლებლად და ვასწავლი მასწავლებლებსაც, ისე, მოხალისედ. ჩონჩინგი მთაგორიანი ქალაქია. ზაფხულში ცხელა, ზამთარში არ ყინავს. ბავშვებს სიტყვა "თოვლი" რომ ვასწავლე, არ იცოდნენ, რას ნიშნავდა.

ჩინეთში პედაგოგები დაფასებული არიან, უზრუნველყოფილი უფასო საცხოვრებლით, სამედიცინო დაზღვევით. ჩვენი საბავშვო ბაღი პრესტიჟულია, ანაზღაურებაც კარგი მაქვს. ერთი რამ, რაც არ მომწონს, ის არის, რომ აქ ბავშვებს, ძირითადად, ბებია-ბაბუები ზრდიან, მშობლები კი სულ მუშაობენ.

აქ ჩვეულებრივი კომუნიზმია, ბავშვები სკოლაში წითელი ყელსახვევებით დადიან. ყოველ ორშაბათ დილით ჰიმნს მღერიან. ვისაც ბიზნესი აქვს ან კარგი სამსახური, ყველა კომუნისტური პარტიის წევრია. ჩაკეტილი ქვეყანაა, დაბლოკილია საერთაშორისო სოციალური ქსელები და ინტერნეტი; ხალხი ჩაკეტილ წრეში ცხოვრობს, იყენებენ მხოლოდ სახელმწიფო საიტებსა და სოციალურ ქსელებს, სადაც იმას უწერენ, რაც უნდათ, ხალხს კი სჯერა. უცხოელები იძულებული ვართ არაოფიციალური გზით მოვიპოვოთ წვდომა მსოფლიო ინტერნეტსამყაროზე.

აქ ყველა ელექტრონულ ფულს იყენებს. ამიტომ, როცა ნაღდი ფულით ვყიდულობ რამეს, უკვირთ.

ქალაქში 8 მილიონი კაცი ცხოვრობს. ყველგან მშენებლობები და ახალი მეტროსადგურებია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საათივით მოძრაობს. ლოდინი ავტობუსის გაჩერებებზე, როგორც თბილისში, არ მიწევს. კონტროლიორებიც არ არსებობენ, ყველა პირნათლად იხდის ბილეთის საფასურს. აქ არსად დამინახავს მოწყალების მთხოვნელი ან ვინმე ურნაში რომ იქექებოდეს. დილაობით ქუჩებს მანქანებით რწყავენ. ნაგვის ურნები ყოველ 20 მეტრშია.

- საქართველოს შესახებ რა იციან?

- სტალინი, კიდევ ქართული ღვინო და ის, რომ ულამაზესი ბუნება გვაქვს.

აქ ჩემთვის გვარით ჯერ არავის მოუმართავს, სახელს კი ადვილად წარმოთქვამენ. აქაურებს მოკლე გვარ-სახელები აქვთ. ყველა სახელი რაღაცას ნიშნავს - ვარსკვლავს, დიდ დათვს, პატარა თევზს...

უძველესი ტაძრები აქვთ და ასზე მეტი ღმერთი ჰყავთ - სიყვარულის, ფულის, სიკეთის, მშვიდობის და ასე შემდეგ. თუმცა უმეტესობა ათეისტია. თავისუფალ დროს ვმოგზაურობ. ფრენა და სასტუმროები იაფია, სანახავი კი ძალიან ბევრი.

- სხვა ქართველებიც ცხოვრობენ მანდ? - ამ ქალაქში ჯერ არავის შევხვედრივარ. ისე, ბევრი ქართველი მწერს, რეკომენდაციას მთხოვენ. მეც როგორც შემიძლია, ვეხმარები. ძირითადად ინგლისურის მასწავლებლებად მოდიან, რადგან ჩინელებს უჭირთ ინგლისურად მეტყველება.

- ეკოლოგიურად როგორ შეაფასებ ჩინეთს? - უამრავი ქარხანაა, რის გამოც ჰაერის დაბინძურების დონე პიკს აღწევს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ამას ავტომობილების სიჭარბეც ერთვის. ამიტომაც დიდ ყურადღებას აქცევენ გამწვანებას, არ არსებობს თუნდაც პატარა დასახლება ან უბანი, დიდი პარკი რომ არ ეკვროდეს. პარკებში მოხუცები იყრიან თავს, დაახლოებით 20-20 წყვილი და ცეკვავენ. ძალიან უყვართ შინაური ცხოველებიც, ყოველ მეორე ოჯახს ძაღლი ან კატა ჰყავს სახლში.

- ალბათ, როგორი სასურველი სასიძო ხარ...

- ჩინელ ქალებს ერთი ნაკლი აქვთ, არ მოსწონთ თავიანთი კანის ფერი, რის გამოც მუდმივად მზეს ერიდებიან. უნდათ ისეთივე თეთრები იყვნენ, როგორიც დასავლეთის ხალხი. თვალებისა და ცხვირის ფორმასაც იწუნებენ, ამიტომ ბევრი პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს.

უცხოელი მამაკაცი აქ ადგილობრივებზე მეტი პოპულარობით სარგებლობენ და უფროსები ხშირად მეუბნებიან, კარგი გოგო უნდა გაგირიგოთო. გარიგება აქ ტრადიციაა. სასიძო შეძლებული უნდა იყოს - სახლი, მანქანა, საბანკო ანგარიში უნდა ჰქონდეს და ეს ყველაფერი საცოლის მშობლებს უნდა აჩვენოს.

- ქორწილს თუ დასწრებიხარ?

- განსაკუთრებული არაფერია - წყვილს დალოცავენ ბრინჯის ღვინით და დაახლოებით 3 საათში დაიშლებიან. დაკრძალვას არასდროს შევსწრებივარ, ასეთ რამეებზე არ საუბრობენ. არც ინვალიდის ეტლით შემხვედრია ვინმე. სახლში უვლიან ოჯახის წევრები, აქ სირცხვილად ითვლება ხეიბრობა. მისალმებისას მარტო გამარჯობას ამბობენ, ხელს რომ ვართმევ, უკვირთ. გადაკოცნაზე ლაპარაკი ზედმეტია, თუნდაც წლების უნახავი ჰყავდეთ ერთმანეთი. თანამშ=რომელი გაგვითხოვდა და მოლოცვისას რომ გადავეხიე და გადავკოცნე, ყველამ ისე შემომხედა, შემრცხვა და ბოდიში მოვუხადე.

- სამზარეულოს როგორ შეეგუე? - ეს ქალაქი განთქმულია ცხარე კერძებით. თითქმის ყოველდღე ღორის ცხიმიან ხორცს ჭამენ და მაინც არ სუქდებიან. არის რესტორნები, სადაც მარტო ბატის, ბაყაყის, გველის ან იხვის კერძებია. ყველაზე განთქმული კერძია "ცხელი ქვაბი" - მაგიდის შუაში დგას ქვაბი, რომელშიც დუღს სანელებლებით შეზავებული წყალი. მასში რამდენიმე წამით უნდა ჩადო ჩხირზე წამოცმული სოკო, ხორცის ნაჭერი ან ზღვის პროდუქტი და კერძი მზადაა. ჩინელები ყველაფერს ჭამენ, რაც მოძრაობს. ყველაზე ხშირად ზღვის პროდუქტების რესტორანში დავდივარ. აქ რესტორნებში კვება ძალიან იაფია, რის გამოც სახლში თითქმის არ ამზადებენ და ყველას უკვირს, მე რომ შინ ვმზარეულობ.

- როგორი გეგმები გაქვს? - ორი წელი კიდევ დავრჩები, მერე ჩვენს ქვეყანაშიც ბევრი რამ დალაგდება. ძლივს ვუმკლავდები მონატრებას, გული ჩინეთშიც მესხურად მიცემს.