"ამ საომარ პერიოდში რუსი კაცისთვის დარბაზი ფეხზე ადგა" - კვირის პალიტრა

"ამ საომარ პერიოდში რუსი კაცისთვის დარბაზი ფეხზე ადგა"

რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ 75 წლის იუბილე აღნიშნა. თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ორგანიზებით რეჟისორთან შესახვედრად მისი შემოქმედების უამრავმა თაყვანისმცემელმა მოიყარა თავი თეატრალური უნივერსიტეტის დარბაზში. რა არის რეჟისორის მთავარი სათქმელი, როგორი იყო მისი პირველი პიესა და შეიცვალა თუ არა ქართული თეატრი, ამ კითხვებზე თავად პასუხობს.

- ახალგაზრდების აზრი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ლექციაზე რომ შევდივარ, ათ წამში ჩანს, აინტერესებთ შენთან ყოფნა თუ არა... ადრე ბევრი რამის აშკარად თქმა არ შეიძლებოდა, თეატრი კი მაინც ახერხებდა და ხანდახან მიკვირს, როგორ ვბედავდით. როდესაც ძველ დროს ვაკრიტიკებთ, როგორ შეიძლება კარგი არაფერი გაგვახსენდეს. მუდამ მემახსოვრება ის ხალხი, სხვადასხვა თანამდებობის პირები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სპექტაკლი არ მოეხსნათ და აზრი ისე გაგვეძვრინა, რომ სპექტაკლისთვის ხელი არ ეხლოთ... სპექტაკლში მთავარი სათქმელი გამოყოფილი არა მაქვს. ზოგჯერ მგონია, რომ სოხუმის თეატრში დადგმული პიესა "ზღვა, რომელიც შორია" მთავარი სათქმელია...

თეთრი ოტელო

სულ ვცდილობდი, რომ "ოტელო" ადამიანურ ღირსებაზე დამედგა. ოტელოს მთავარი უბედურება ის არის, რომ ღირსება დაკარგა, იაგომ დაუკარგა ღირსება კაცს, რომლის ზნეობაზე ყველა ლაპარაკობდა. ეს სპექტაკლი იმაზე კი არ იყო, ქმრებო, ცოლები არ დაახრჩოთო, ის ზნეობაზეა! ხშირად მიფიქრია, ათი მცნებიდან რომელ მცნებას ეხებოდა ნაწარმოები, რომელსაც ვდგამდი და ეს ცოტათი მიადვილებდა სათქმელს, გეზს მაძლევდა.

თავდაპირველად თეთრი ოტელო არ მყავდა ჩაფიქრებული. გახსოვთ ალბათ სცენა, სადაც იაგო ოტელოს ეუბნება, არ მომწონს კასიოს და თქვენი ცოლის ურთიერთობაო, შემდეგ ოტელო (ოთარ მეღვინეთუხუცესი) მარტო რჩება და საკუთარ თავს ეკითხება: "ცოლს რად ვირთავდი?" სცენაზე, დეკორაციაში ტომრები გვქონდა და ოთარს ვუთხარი, ემოციის გასაძლიერებლად ვითომ ანგარიშმიუცემლად ტომრები აიღე და აქეთ გადმოიტანე, დაბნეულობისგან ვითომ ვერც ხვდები, რას აკეთებ-მეთქი. უცებ ვხედავ, როგორ გაფითრდა ოთარი და იმ წუთებში ვიფიქრე, რამე არ მოუვიდეს-მეთქი. მართლაც ადგა, სრულიად გაუაზრებლად აიღო ტომარა, თავი გაუხსნა და თქვა:""ცოლს რად ვირთავდი?" ეს იყო შოკის მომგვრელი სცენა, გენიალური იყო ოთარის ოტელო. შინ რომ მივედი, ვფიქრობდი, რა გავაკეთო, რომ ყველა სპექტაკლზე იგივე განმეორდეს-მეთქი და უცებ მივხვდი - გრიმი! სქელი, შავი გრიმის ქვეშ ეს როგორ გამეორდებოდა, ვინ დაინახავდა ოთარის ემოციებს?! ასე დაიბადა თეთრი ოტელო.

წვიმა აფიშებს შლის...

ზუგდიდში ჯემალ მონიავას პიესის მიხედვით რომ დავდგი, ალბათ, ის იყო პირველი სპექტაკლი. სტამბის ფული არ გვქონდა და ჟანრი ლოლაშვილმა დახატა სპექტაკლის აფიშა. სათაური აუცილებლად სხვა ფერის უნდა ყოფილიყო, თითოეულ აფიშაზე ჟანრიმ სათაური ხელით მიახატა განსხვავებული ფერის საღებავით. აფიშები მთელ ქალაქში გავაკარით და სამ საათში ისეთი თავსხმა წვიმა მოვიდა, ჩვენი ფერად-ფერადი აფიშები ერთიანად ჩამორეცხა, ვერც მიხვდებოდი, იქ რამე თუ ეწერა. რამდენიმე დღეში შემოგვითვალეს, აფიშა სტამბაში უნდა დაბეჭდოთ და მიაწეროთ, რომელ სტამბაში დაბეჭდეთ, თორემ შეიძლება რამე ანტისაბჭოთაც გააპაროთო.

"ხალხი გრძნობს, ვინ არის კეთილი ზნეობის და ვინ არა"

კირილ ლავროვი სანქტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდა. 20 წელზე მეტს ითვლის ჩვენი მეგობრობა, უნიკალური თვისებების ადამიანი იყო.

იმ ორომტრიალის დროს, რაც ჯერ კიდევ არ დამთავრებულა (საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ვგულისხმობ), კირილ ლავროვი საოცრად ტაქტიანად გადმოსცემდა თავის პოზიციას. ერთხელ რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს პანკისი, მე თბილისში ვიყავი და მალე მოსკოვში მიწევდა წასვლა. ისე მოხდა, რომ უარი ვთქვი გამგზავრებაზე. ეს რომ ლავროვმა გაიგო, თბილისში ჩამოვიდა. ამით გამოხატა მან თავისი სათქმელი. ის არავის მხარეს არ იყო, ის ამ სისაძაგლისა და ამაზრზენი რაღაცების წინააღმდეგი იყო.

თბილისში რომ ჩამოვიდა, ლიკანის სანატორიუმში წავედით. უკვე ღამდებოდა, ცრიდა, ბორჯომში რომ ჩავედით და სავახშმოდ გავჩერდით. ბევრი ვისაუბრეთ მტკივნეულ საკითხებზე, წასვლა რომ დავაპირეთ, ფული უნდა გადაგვეხადა და ვხედავთ, მთელი დარბაზი ჩვენკენ შემოტრიალებულა, ხმა გავარდნილა, კირილ ლავროვია ჩამოსულიო და ხალხი მის სანახავად მოსულა. სათითაოდ მოდიოდნენ და ართმევდნენ ხელს, ლავროვმაც ყველას მაგიდა ჩამოიარა და დალოცა. ამ საომარ პერიოდში რუსი კაცისთვის დარბაზი ფეხზე ადგა, იცით, რატომ? იმიტომ, რომ ხელოვანი იყო. ხალხი გრძნობს, ვინ არის კეთილი ზნეობის და ვინ არა.

"არ ვიცით, რა არის, თუმცა უმისოდ ვერ ვძლებთ..."

- როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას რეჟისორმა? - ეკითხება სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი თემურ ჩხეიძეს.

- მთელი ცხოვრება ვიკვლევთ, რა არის სიყვარული, თუმცა უსიყვარულოდ არ შეგვიძლია... რა არის სიყვარული, შეგიძლიათ თქვენ მითხრათ?"- კითხვას უბრუნებს რეჟისორი სტუდენტ გოგონას.

- არა, არ შემიძლია, პირდაპირი პასუხი არ არსებობს,"- პასუხობს სტუდენტი.

- აი, ამაშია საქმე, თქვენ თუ შეძლებთ ეს ათ ადამიანს მაინც გაუზიაროთ სცენიდან, აუხსნათ, რა არის სიყვარული, მაშინ თქვენ ბედნიერი ხართ. ყველაზე დიდი პრობლემა რეჟისორის ეს არის, უსიყვარულოდ არ შეგვიძლია, რა არის, არ ვიცით, თუმცა უმისოდ ვერ ვძლებთ.