"ლიმუზინი მოვიდა, ჩავჯექი და... სალვადორ დალის გვერდით აღმოვჩნდი" - რას ჰყვებოდა უმა თურმანის დედა ექსკლუზიურ ინტერვიუში - კვირის პალიტრა

"ლიმუზინი მოვიდა, ჩავჯექი და... სალვადორ დალის გვერდით აღმოვჩნდი" - რას ჰყვებოდა უმა თურმანის დედა ექსკლუზიურ ინტერვიუში

გთავაზობთ უმა თურმანის დედის ექსკლუზიურ ინტერვიუს "კვირის პალიტრის" არქივიდან:

სკანდინავიელი ნენას ნაკვთებში იოლად ამოიცნობთ ჰოლივუდის ვარსკვლავის, უმა თურმანის სახეს

1955 წელს Vogue-ის ფოტოგრაფი ნორმან პარკინსონი მივლინებით სტოკჰოლმში გაემგზავრა, სადაც 14 წლის მოსწავლე, ნენა ფონ შლებრიუგე შენიშნა. სწორედ ეს შეხვედრა გახდა ლამაზმანის სამოდელო კარიერის დასაწყისი. სკანდინავიელი ნენას ნაკვთებში იოლად ამოიცნობთ ჰოლივუდის ვარსკვლავის, უმა თურმანის სახეს. მომხიბლავი გოგონა გერმანულ-შვედური ფესვებით მალე მოდური გამოცემების გარეკანზე მოხვდა. ნენას არისტოკრატული ნაკვთები დედისგან, ბრიგიტ კაროლინისგან ერგო. ის Aახალგაზრდობაში სახელოვანი მოქანდაკის, აქსელ ებეს ცნობილი ქმნილებისთვის პოზირებდა - ეს ქანდაკება დღემდე ეგებება გემებს სკანდინავიური ნახევარკუნძულის ერთ-ერთ პორტში.

ნენა 60-იან წლებში უკვე ცნობილი მოდელი გახლდათ. ამ პერიოდში სალვადორ დალი გაიცნო და მისი მუზა გახდა. 1964 წელს სწორედ დალიმ გააცნო მომავალი მეუღლე, ტიმოთი ლირი. წყვილმა იქორწინა, მაგრამ ოჯახურმა იდილიამ მხოლოდ ერთ წელიწადს გასტანა. ორი წლის შემდეგ ნენა უმა თურმანის მამას, რობერტ თურმანს გაჰყვა ცოლად... ნენამ შვილების დაბადების შემდეგ სამოდელო კარიერა დაასრულა. ახლა ის ბუდიზმის პოპულარიზაციას ეწევა შტატებში და დიპლომირებული ფსიქოთერაპევტია. ნენა ფონ შლებრიუგე "კვირის პალიტრის" თხოვნას გამოეხმაურა და ინტერვიუ უმა თურმანის დედასთან შედგა:

ნენა ფონ შლებრიუგე: - ბავშვობაში თავი უშნო მეგონა და არასდროს მიფიქრია ფოტომოდელობაზე. ერთ დღეს მოსწავლეები ცნობილ ფოტოხელოვანს შეგვახვედრეს. მაღალმა, ულვაშიანმა მამაკაცმა შემომხედა და მითხრა, გამარჯობა, მე ბრიტანული "ვოგის" ფოტოგრაფი ვარ. ვერ მივხვდი, რა მითხრა და დამახინჯებულად ვკითხე, ბლოუგი რა არის-მეთქი. ეს კაცი ნორმან პარკინსონი იყო.

- მას შემდეგ ბევრ ცნობილ ფოტოხელოვანთან ითანამშრომლეთ... - შვიდწლიანი სამოდელო კარიერის მანძილზე მაღალი მოდისთვის განკუთვნილი გამოცემებისა თუ სარეკლამო სააგენტოებისთვის ვმუშაობდი. სტუდიაში დიდი ჩანთით მივდიოდი - კოსმეტიკა, თმის აქსესუარები, ქუსლიანი ფეხსაცმელი - ყველაფერი თავად მიმქონდა. მაშინ მოდელები მაკიაჟსა და ვარცხნილობასაც თავად ვიკეთებდით. გადაღების წინადღეს საგანგებოდ ვემზადებოდი, თმაზე ბიგუდებით ვიძინებდი. მხოლოდ სპეციალური გადაღებებისთვის, მაგალითად, "ვოგისთვის", სტუდიაში მახვედრებდნენ ვიზაჟისტებსა და სტილისტებს.

- თქვენ სალვადორ დალისთან მეგობრობდით, გაიხსენებთ მასთან შეხვედრას? - მაშინ ნიუ-იორკში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, ეს ქალაქი სამოდელო ინდუსტრიის ცენტრად ითვლებოდა. ერთ კვირადღეს პიტერ ბირდის სატელეფონო ზარმა გამაღვიძა, სასწრაფოდ ადექი, სალვადორ დალის მოდელი მოულოდნელად ავად გახდა და შენ უნდა შეცვალოო. ცოტა ხანში ჩემს სახლთან ლიმუზინი მოვიდა, ჩავჯექი და... სალვადორ დალის გვერდით აღმოვჩნდი. მოვიხსენი ჩემი მუქი სათვალე და თვალებში შევხედე, ახლომხედველი ვარ-მეთქი. ბრმა ყოფილხარო, მიპასუხა ღიმილით. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. მას ხშირად ვსტუმრობდი სასტუმრო "სენტ-რეჟიში", მანჰეტენზე. ერთხელ კოქტეილს ვწრუპავდით და გამომიტყდა, ნიუ-იორკში ისეთ მძიმე ატმოსფეროა, ხანდახან მისი დანით გარღვევა მინდებაო. ერთად ბევრი საინტერესო ამბავი გადაგვხდენია.

- რობერტ თურმანი როგორ გაიცანით? - 1966 წელს მეგობართან შევხვდით. ის უკვე ბუდისტი ბერი იყო და ბუდისტური მონასტრების მშენებლობა-აღორძინებაში აპირებდა ჩართვას, რადგან მაშინ ამერიკაში ტიბეტური მონასტრები არ არსებობდა. ბობის უნდოდა ჰარვარდში მიეღო დოქტორის ხარისხი ბუდისტური სწავლების განხრით, მე კი მაშინ ცხოვრების არსის ძიებით ვიყავი დაინტერესებული და მასთან საუბრები საოცრად საინტერესო აღმოჩნდა. ჩემს ბევრ კითხვას ერთად გავეცით პასუხი... მეგობრები გვარწმუნებდნენ, რომ ჩვენ - ბერი და მოდელი - შეუფერებელი წყვილი ვიქნებოდით, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ ცდებოდნენ.

- შეუღლებიდან 51 წლის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, რა არის წარმატებული ქორწინების საიდუმლო?

- ამ კითხვას ერთი პასუხი არა აქვს, რადგან ადამიანები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ჩემს ცხოვრებაში კი რამდენიმე ეპიზოდს გამოვარჩევ. მე ამას "მორიგეობას" ვუწოდებ და აგიხსნით, რას ვგულისხმობ: ყველა ადამიანი დომინანტობისკენ მიისწრაფვის და ასეა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაშიც. პარტნიორთაგან ერთ-ერთი ყოველთვის დომინანტია და მეორე მას მიჰყვება. დომინანტი მუდმივად ერთი პარტნიორი არ უნდა იყოს, ამაში მდგომარეობს "მორიგეობის" პრინციპი. ქალმა და მამაკაცმა "მორიგეობა" უნდა დაიცვან, ეს ოჯახში თანაფარდობას განაპირობებს, ორივე მხარემ უნდა დაიცვას სამართლიანობის ბალანსიც. მეორე, მნიშვნელოვანი ფაქტორი ქალსა და მამაკაცს შორის სულიერი სიახლოვეა, ეს სირთულეების გადალახვაში ეხმარება წყვილს. ურთიერთგაგება და დათმობა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ ტიბეტელ წმინდანს ჰკითხეს, რაც თქვენ მკითხეთ და ასე უპასუხა: "ცხოვრება მოკლეა, ყველანი გარდავიცვლებით, ამიტომ მეტად კეთილგანწყობილი იყავით ერთმანეთის მიმართ".

- ტიბეტური სახლი დალაი ლამას ხელშეწყობით 1986 წელს თურმანებმა, ფილიპ გლასმა და რიჩარდ გირმა დააარსეს. 2011 წლიდან Menla Mountain Retreat ცენტრის ხელმძღვანელი ხართ, ასევე ფსიქოთერაპევტიც ბრძანდებით... - ჩემი მეუღლე ძალიან დაკავებული იყო და გადავწყვიტე, ტიბეტური სახლის მენეჯერობა მე მეთავა. მაშინ უკვე წამოზრდილი გვყავდა ოთხივე შვილი. ჯერ პირველი ტიბეტური სახლი დავაარსეთ, 15 წლის შემდეგ კი მენლას სარეაბილიტაციო ცენტრი. შევისწავლე ფსიქოთერაპიაც - ეს პირდაპირ კავშირშია მენეჯმენტსა და პროგრამების შექმნასთან. ჩვენ არაფერს ვიშურებთ ადამიანების დასახმარებლად.

- ოჯახზეც გკითხავთ. ვიცი, რომ უმა ძალიან ამაყობს შვედური ფესვებით. - მე შვედეთში გავიზარდე იმ სოციალ-დემოკრატიული ფასეულობებით, რომლებიც ქალისა და მამაკაცის თანასწორობას ქადაგებდა. ეს ფასეულობები უმასა და მის სამ ძმასაც გადავეცი. უმა ძალიან ლამაზი ბავშვი იყო და პატარაობიდანვე ინტუიციურად გრძნობდა თავის ბედისწერას. არ გამკვირვებია, როცა სკოლა-ინტერნატიდან გამოვიდა და ნიუ-იორკში კინო და სამოდელო კარიერაში სცადა ბედი. უმა კეთილი, მგრძნობიარე და შეუდრეკელი ადამიანია. ყველაზე მეტად შვილები უყვარს. ძალიან ნიჭიერი მსახიობიც არის. ახლა მთელი ოჯახი მისი 20 წლის ქალიშვილს, მაია რეი ჰოუკს ვგულშემატკივრობთ, ისიც წარმატებით მიიწევს კინოსფეროში. ხშირად ვიკრიბებით მთელი ოჯახი და მშვენიერ დროს ვატარებთ - ვუყურებთ ფილმებს, სხვადასხვა თამაშით ვერთობით. უმა შეუდარებელი მზარეულიცაა...

საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი უმას ქართველ ფანებს.