"ჩემი სიმღერის წყალობით კონკურსის მონაწილეებს ქართული სიტყვები ვასწავლე" - კვირის პალიტრა

"ჩემი სიმღერის წყალობით კონკურსის მონაწილეებს ქართული სიტყვები ვასწავლე"

"ამ კონკურსში მონაწილეობით ბევრი საჩუქარი და უფრო მეტი მეგობარი შევიძინე"

წელს "საბავშვო ევროვიზიის" კონკურსზე, რომელიც მინსკში გაიმართა, საქართველოს 13 წლის თამარ ედილაშვილი წარადგენდა (ის "საბავშვო ევროვიზიის" შესარჩევი კონკურსის, "რანინას" გამარჯვებულია). თამარმა სიმღერით "ჩემი ხმა" მერვე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი პოლონელ როქსანა ვეგიელს ერგო. აღსანიშნავია, რომ საქართველო "საბავშვო ევროვიზიის" გამარჯვებული სამჯერ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. ასეთი შედეგი არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია. მიღებულ შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე თამარ ედილაშვილი გვესაუბრება.

- თამარ, როდის დაიწყე სიმღერა?

- დედა ამბობს, ორი წლიდანო, მამა კი - ერთი წლიდანო, ირწმუნება. რომ წამოვიზარდე, დათო ფორჩხიძის სტუდიაში დავიწყე სიმღერა. პირველ კონცერტზეც მათი მეშვეობით გამოვედი. ერთხელ სტუდიაში მოვიდნენ "X ფაქტორის" წარმომადგენლები და კონკურსისთვის შემარჩიეს. 2017 წელს ამ პროექტშიც მივიღე მონაწილეობა. დათო ფორჩხიძე ყოველთვის მნიშვნელოვან დარიგებებს მაძლევს. "საბავშვო ევროვიზიის" კონკურსზე გამგზავრებამდეც მასტერკლასი ჩამიტარა. ამ კონკურსმა"ბევრი რამ შემძინა. ჩემთვის მთავარი ჟიურის შეფასება იყო, თუმცა, მაინტერესებდა მსმენელის შეფასებაც. ორი კონცერტი ჩატარდა. პირველზე, რომელიც ტელევიზიით არ შუქდებოდა, მონაწილეებს მხოლოდ ჟიური აფასებდა, მესამე ადგილზე გავედი. მეორე, სატელევიზიო კონცერტზე უკვე ხალხი გვაძლევდა ხმას. სამწუხაროდ, საკმარისი ხმები ვერ მოვიპოვე, რომ ხუთეულში მოვხვედრილიყავი - 144 ქულით მერვე ადგილზე აღმოვჩნდი. ამ კონკურსში მონაწილეობით, გამოცდილებასთან ერთად, ბევრი საჩუქარი და უფრო მეტი მეგობარი შევიძინე. მონაწილეები ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ. უკვე მენატრებიან, თუმცა სოციალური ქსელით ურთიერთობას ვახერხებთ.

- კონკურსანტებთან ურთიერთობიდან რას გაიხსენებ? - ყოველი აქტივობის შემდეგ მონაწილეებსა და დელეგაციის წევრებს ინტერვიუებს გვართმევდნენ. ამ დროს ყველა ჩვენი სიმღერის ფრაგმენტს ვმღეროდით.

ჩემი მისამღერი იმდენს ჩარჩა გონებაში, რომ ღიღინით დამდევდნენ და მეკითხებოდნენ, ეს როგორ ვთქვათ და რას ნიშნავსო.

ამ სიმღერის წყალობით კონკურსის მონაწილეებს ქართული სიტყვები ვასწავლე. მათ საქართველოზე ბევრი რამ იცოდნენ და გამიკვირდა. იცოდნენ, რომ უძველესი კულტურის ქვეყანა ვართ და მრავალსაუკუნოვანი დამწერლობა გვაქვს...

- გამარჯვებულ გოგონაზე რას იტყვი? - პოლონელი როქსანა ვეგიელი უსაყვარლესი გოგოა, თავის ქვეყანაში ძალიან წარმატებული.

- კონკურსამდე ერთმანეთის სიმღერებს რომ გაეცანით, რა გამოიკვეთა, ვის მიიჩნევდი გამარჯვების ღირსად? - ბევრი ფიქრობდა, რომ როქსანას ჰქონდა გამარჯვების შანსი. მას პოლონეთში ალბომიც აქვს გამოშვებული, მეზობელი ქვეყნებიც იცნობდნენ და ამან მხარდაჭერისას დიდი როლი ითამაშა. მოგვწონდა მალტა, ავსტრია, ყაზახეთი, უკრაინა. ჩემი აზრით, გამარჯვების ღირსი მალტა იყო.

- შენ როგორ გაფასებდნენ? - მოსწონდათ ჩემი ხმა და მეუბნებოდნენ, შენი სიმღერა განსხვავებულიაო. შერჩევისას 22 ნაწარმოები მოვისმინეთ და ეს სიმღერა თავიდანვე მომეწონა. არც ერთი სიმღერის ავტორი არ ვიცოდით, მერე გავიგეთ, რომ სოფო ტოროშელიძე ყოფილა, ტექსტის ავტორი კი - ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

- მომავალზეც ვილაპარაკოთ... პროფესია არჩეული გაქვს?

- ჩემი საყვარელი საგნებია ბიოლოგია და ისტორია. საბოლოოდ, ვფიქრობ, დიპლომატობას მოვინდომებ. მიყვარს ჩემი აზრის გამოხატვა, ოღონდ, დიპლომატიურად...

- ესე იგი, სიმღერა შენი ცხოვრების მხოლოდ ერთი ეტაპია? - სიმღერაზე უარს არასდროს ვიტყვი. რადგან დავიწყე, არ გავჩერდები. ჩემი სიმღერაც ხომ ამაზეა - არ უნდა დანებდე ცხოვრებისეულ გამოწვევებს და გააგრძელო გზა წარმატებისკენ. ჯერ მხოლოდ 13 წლის ვარ. ჩემი გზა გრძელდება...