"დიდი ფული შემომაძლიეს, მაგრამ როგორც მშობელი არ გაყიდის შვილს, ისე მე არ გავყიდი პატრიკას!" - კვირის პალიტრა

"დიდი ფული შემომაძლიეს, მაგრამ როგორც მშობელი არ გაყიდის შვილს, ისე მე არ გავყიდი პატრიკას!"

"შინ რომ ვბრუნდები და კარს ვაღებ, მაშინვე ატეხს ძახილს, პაატა, მოდი, მომეფერეო. თუ არ მივედი, მებუტება, ზურგს მაქცევს და რაც გინდა ვეხვეწო, ხმას არ გაიღებს"

ისეთი ადამიანის შესახებ არ მსმენია, ვინც პოპულარობაზე არ ოცნებობს, მაგრამ ისიც მშვენივრად ვიცი, ამას რამხელა ძალისხმევა სჭირდება. აი, ბათუმელ თუთიყუშს, პატრიკას არანაირი ძალისხმევა არ დასჭირვებია იმისთვის, რომ მისი "სიბრძნეები" სოციალურ ქსელში ყოველდღე, სულ ცოტა, 5000-მა კაცმა მაინც გაიზიაროს. ასე რომ, ის ძალიან პოპულარული თუთიყუშია. როგორც მისი პატრონი პაატა დობორჯგინიძე ამბობს, პატრიკას "ბავშვობიდანვე" ეტყობოდა, რომ ძალიან ნიჭიერი იყო და ჯერ ბათუმი გადარია, მერე კი მთლიანად საქართველო. პატრიკა ისე ლაპარაკობს, შეიძლება მისი სიტყვები ადამიანის წარმოთქმულისაგან ვერც გაარჩიო. აღტაცებული ხალხი პატრიკას ხშირად სწერს წერილებს, ყოჩაღ, პატრიკ, ეგებ შენ მაინც მოგისმინოს ზოგიერთმაო! ხალხი ბატონ პაატას თუთიყუშში უამრავ ფულს სთავაზობს, ის კი ცოცხალი თავით არ თმობს. სხვათა შორის, არც თავად მიუცია ცოტა - ჟაკოს ჯიშის თუთიყუში, რომელიც აფრიკაში ბინადრობს და თუთიყუშებს შორის ყველაზე ნიჭიერად ითვლება, დაახლოებით 1.500 დოლარი ღირს. რას წარმოადგენს პატრიკა დობორჯგინიძეების ოჯახისთვის, თავად პაატა დობორჯგინიძე გვეტყვის:

- პატრიკა ძალიან მიყვარს. ადრეც მყავდა ჟაკოს ჯიშის თუთიყუში, რომელიც გემის კაპიტანმა აფრიკიდან ჩამომიყვანა, ისიც მიყვარდა, მაგრამ არა ისე, როგორც პატრიკა. ის ჩემს მეგობარს ჩამოვაყვანინე. სულ ორი თვის ბარტყი იყო და ბუმბულიც არ ჰქონდა. რა უნდა მექნა, შპრიცით ვასხამდი საკვებს ნისკარტში. საერთოდ, თუთიყუშები ასე იკვებებიან, დედები საკვებს ჯერ გადაამუშავებენ და მერე ბარტყებს პირში უდებენ. პირველად პატრიკი დავარქვი, დავიძახებდი, პატრიკ-პატრიკ-მეთქი და მაშინვე პირს გააღებდა. თავიდან ბიჭი მეგონა, მერე კი დნმ-ზე უცხოეთში მისი ბუმბული გავგზავნე და გოგო აღმოჩნდა. ამის გამო პატრიკი პატრიკად გადავაკეთე.

- ლაპარაკი როდიდან დაიწყო? - დაახლოებით 3 თვის იყო, პირველად რომ თავისი სახელი გაიმეორა, მერე კი ალაპარაკდა და ალაპარაკდა. სხვათა შორის, ჩემი პატრიკა ინტელექტუალია.

- თქვენი თუთიყუში მართლაც გალექსილია: სულ იმას გაიძახის, რუსეთი ოკუპანტია, მე საქართველო მიყვარსო, პოლიტიკოსების სახელები ზეპირად იცის, იგინება... ვის აგინებს? - გინება არაფერია იმასთან შედარებთ, რასაც პატრიკა საერთოდ ატრიალებს, არასოდეს ურევს ლაპარაკში, კითხვებზე ყოველთვის იცის, რა უნდა გიპასუხოს. ოჯახის წევრები რომ დავსხდებით, გვესაუბრება.

- რა თემებზე? - რაც ოჯახში ხდება, ყოფით თემებზე. სხვათა შორის, თუ ძილს გადავაცილებ და კომპიუტერთან ან ტელევიზორთან საკმარისზე მეტხანს შემოვრჩები, თავისი ოთახიდან გამომძახებს, ნანა, ნანინაო, ანუ ძილის დროა, რაღას უცდი, ადექი და დაიძინეო.

- ეს სადღა ისწავლა? - როცა ღამდება და ძილის დროა, შუქს ვუქრობ, ახლა ნანინა-მეთქი და ისიც იძინებს, მთელი ღამე კრინტს არ დაძრავს. გათენდება თუ არა, მაშინვე მეძახის, მოდიო. შინ რომ ვბრუნდები და კარს ვაღებ, მაშინვე ატეხს ძახილს, პაატა, მოდი, მომეფერეო. თუ არ მივედი, მებუტება, ზურგს მაქცევს და რაც გინდა ვეხვეწო, ხმას არ გაიღებს. ერთხელაც რომ გამებუტა, მოსაფერებლად მივედი, ასე აღარ მოვიქცევი-მეთქი, იმდენად იყო გაბრაზებული, საკბენად გამოიწია. არადა, სხვა დროს თავი რომ წავაცალო, ხმას არ ამოიღებს. ერთადერთი ვარ ოჯახში, ვისაც ხელს აკიდებინებს.

- უცნაური ის არის, რომ პატრიკა ყველა კითხვაზე ზუსტ პასუხს გაძლევთ. როცა ეუბნებით, მისამართი მითხარიო, ზუსტ მისამართს ამბობს, როცა ეუბნებით, იანგარიშეო, ანგარიშობს, სისულელეს არ როშავს. მოკლედ, პატრიკამ ძალიან პოპულარულ კაცად გაქციათ. - მიხარია, პატრიკა რომ მოსწონთ. ზოგიერთმა დიდი ფული შემომაძლია, მაგრამ პატრიკას ვერ შეველევი, როგორც მშობელი არ გაყიდის შვილს, ისე მე არ გავყიდი პატრიკას! თუთიყუშები დიდხანს, 60-70 წელი ცხოვრობენ და სანამ პატრიკა იცოცხლებს, სულ ჩვენს ოჯახში იქნება!