ტელეწამყვანობიდან ბათუმის მერის მოადგილეობამდე - რატომ მოსთხოვეს სოფო ხალვაშს ახსნა-განმარტებითი ბარათის დაწერა - კვირის პალიტრა

ტელეწამყვანობიდან ბათუმის მერის მოადგილეობამდე - რატომ მოსთხოვეს სოფო ხალვაშს ახსნა-განმარტებითი ბარათის დაწერა

მომღერალი სოფო ხალვაში უკვე შეუდგა ბათუმის მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას.

- ეს თანამდებობა თვეების წინ არაერთხელ შემომთავაზეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, რადგან იმ მიმართულებით, რასაც მთავაზობდნენ - ღონისძიებების, ივენთების და ა.შ. დაგეგმვის გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ ღონისძიებებში ხშირად ვმონაწილეობდი, ამ წრესთან ხშირი კონტაქტი მაქვს დღესაც და ამ მიმართულებით ბევრი რამ შემეძლო გამეკეთებინა ბათუმისთვის. რაც მთავარია, მითხრეს, რომ ჩემს საქმიანობაში, სიმღერას ვგულისხმობ, ხელი არ შემეშლება, ამიტომ დავთანხმდი.

- რა გეგმით მიხვედით ახალ სამსახურში? - 29 ნოემბერს მქონდა პირველი სამუშაო დღე. ყველაფერს ახლა ვეცნობი. ახალი წლისთვის მზადება იწყება, ტენდერი უკვე გამოცხადებულია, ვმუშაობთ, რომ ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიაროს. მინდა ბათუმელები მაქსიმალურად ჩავრთო ღონისძიებაში, რათა ბათუმს, და არა მხოლოდ მას, ბათუმელებმა შეუქმნან საახალწლო განწყობა.

- მანამდე აჭარის ტელევიზიაში მუშაობდით. როგორც ვიცი, დატოვეთ თუ დაგატოვებინეს თანამდებობა. არის თუ არა ეს დაკავშირებული სიმღერასთან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად შეასრულეთ? - მერიაში სამსახურის დაწყებას ეს არაფრით არ უკავშირდება. როგორც ვთქვი, მანამდეც არაერთგზის შემომთავაზეს მერის მოადგილეობა, უბრალოდ, გადაწყვეტილება ახლა მივიღე.

რაც შეეხება იმ ამბებს, რაც აჭარის ტელევიზიაში მოხდა, რადგან მეკითხებით, გიპასუხებთ: მე საარჩევნო (ადგილობრივი თვითმმართველობის) კამპანიაში 2017 წელსაც ვმონაწილეობდი, მთელი თვე მმართველი პარტიის კანდიდატთა მხარდასაჭერ კონცერტებზე ვმღეროდი, მაგრამ ამჯერად მითხრეს, რომ დაუშვებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, რომ კანონის დარღვევაა. მე მაშინაც ვაცნობე ეს ტელევიზიის დირექციას და ახლაც. მაშინ შვებულებაში გამიშვეს. ახლა ლაპარაკი იყო ერთ დღეზე და ეს კონცერტი ჩემს სამუშაო გრაფიკს ხელს არ უშლიდა. შევთავაზე, იქნებ ჯობდეს, ახლაც შვებულებაში გავიდე-მეთქი, მაგრამ თურმე, მიზეზთა გამო, ესეც ვერ მოხერხდებოდა.

კონცერტზე გასვლის შემდეგ სოციალური ქსელიდან შევიტყვე, რომ მომხსნეს ტელეეთერიდან. უფრო სწორად, რამდენჯერმე შეცვალეს ტექსტი - ხან წერდნენ, რომ მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს მომხსნეს, ხან - საერთოდ მოხსნილია ეთერიდანო. საბოლოოდ ტელევიზიიდან მომივიდა წერილი, სადაც ეწერა, ამ ფაქტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებითი ბარათი დამეწერა. მე განცხადება დავწერე სამსახურის დატოვებაზე. ამის შემდეგ შემატყობინეს, რომ როგორც წამყვანი, მოხსნილი ვარ ეთერიდან და მხოლოდ მუსიკალურ გამფორმებლად დამტოვეს.

- ხელმძღვანელობას თუ შეხვდით? - დაახლოებით ათი დღის წინ დამირეკა ხელმძღვანელმა, შევხვდეთო, მაგრამ მე კონცერტზე მივდიოდი, ის გერმანიაში გახდა გასამგზავრებელი და ვერ შევხვდით.

- შემოქმედებით სიახლეებზეც გვითხარით ორიოდ სიტყვა. - არასდროს არაფერი დამიგეგმავს, მაგრამ, რადგან ამ თანამდებობაზე მოვედი, აუცილებლად საჭიროა გეგმები, გუნდთან ერთად მუშაობა.

- მეუღლე როგორ შეხვდა თქვენს კარიერულ სიახლეს? - ყველაზე მეტად სწორედ ის მაძლიერებს. ორივე ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, თავისუფალ დროს კი გოგონებთან ვატარებთ.

- ცნობილი ფეხბურთელის, რევაზ ძოძუაშვილის რძალი ხართ. ალბათ, ფეხბურთელ შვილიშვილზე ოცნებობს... - ბიჭი შვილიშვილები კი ჰყავს, ერთ-ერთი ფეხბურთელიცაა, მაგრამ უნდა, რომ ჩვენს ოჯახშიც იზრდებოდეს პატარა რევაზ ძოძუაშვილი.

- როგორ ფიქრობთ, ამ თანამდებობაზე მუშაობით რით დაამახსოვრდებით ბათუმელებს? - იმედია, ცუდად არა... ბათუმი ჩემი მშობლიური ქალაქია და სიყვარული ჩემი სიმღერითაც უნდა დავუმტკიცო და საქმითაც.