"შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს, მერე რა, ამის გამო მტრებად ვიქცეთ?! ქართველებს მტრები გვაკლია?!" - კვირის პალიტრა

"შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს, მერე რა, ამის გამო მტრებად ვიქცეთ?! ქართველებს მტრები გვაკლია?!"

"ქართველებს მტრები გვაკლია?!"

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები აფასებენ.

თემურ ბაბლუანი, რეჟისორი: - ჩვენ ქართველები ვართ... 7 მილიარდ კაცს შორის სულ 3,5 მილიონი. ერთმანეთზე ძვირფასი ვინ უნდა გვყავდეს?! როგორ შეიძლება განსხვავებული შეხედულების გამო ერთმანეთთან დაპირისპირება?! ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს და გვაერთიანებს, ქართველობაა, რაც ყველაზე უფრო გვჭირდება, ერთმანეთის მოფრთხილება და სიყვარული, არაფრის ფასად არ უნდა დავკარგოთ.

შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს, მერე რა, ამის გამო მტრებად ვიქცეთ?! რა, მტრები გვაკლია?! ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ერთმანეთის გაგება, ერთმანეთის თანადგომა. სირცხვილია სიძულვილის ენაზე საუბარი. საკუთარი მიზნების გამო შეიძლება ადამიანის ასე გამეტება?! სირცხვილია!

იმ სინამდვილეს, რაც გვაქვს, სწორად დანახვა სჭირდება და ვისაც მოუნდება, რომ თვალზე ხელი ჩამოგვაფაროს, ის მტერია.

ქართველებს განსჯის უნარი გვაქვს. კი, ემოციურები ვართ, ხანდახან ზედმეტიც მოგვდის, მაგრამ თეთრს და შავს მაინც ვარჩევთ. ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვა. სალომე ზურაბიშვილი კარგი პრეზიდენტი იქნება.

"აღარ არის ის სიყვარული, რამაც ქვეყანა უნდა ააშენოს"

ეთერ თათარაიძე, პოეტი: - პოლიტიკის არაფერი გამეგება, ძალით მასწავლიან... რაც გონზე მოვედი, სულ რაღაც უბედურებაში ვართ. მხოლოდ სიყვარული თუ გადაგვარჩენს.

ნუ გავედევნებით პარტიულ შეხედულებებს, დავინდოთ ერთმანეთი. საქართველო დატოვა სიყვარულმა, სულ ეგეთი შეგრძნება მაქვს, როცა რამეს ვისმენ ან ვხედავ, და მგონია, რომ საქართველო უსიყვარულოდ დარჩა.

მინდა მშვიდობა და სიყვარული იყოს ჩემს ქვეყანაში, შენდებოდეს, როგორც სხვა ბედნიერი ქვეყნები შენდება, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს სიმართლე და სამართალი ჰქონდეთ.

არჩევნების რიტმში ცხოვრებამ დაგვაავადა, ხალისი დამეკარგა ცხოვრების. იმდენად გამეტებული ჰყავთ ადამიანებს ერთმანეთი, რომ მეშინია. აღარ არის ის სიყვარული, რამაც ქვეყანა უნდა ააშენოს.

"თუ კიდევ გაბედავენ, კანონმა თავისი სიტყვა უნდა თქვას"

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი: - არჩევნები დასრულდა. ლაპარაკი არ უნდა, რომ მოთავდა საარჩევნო დებატები და დაპირისპირებები. ვინც ამას აპირებს, ის მტერია. იმ ადამიანს, რომელიც უცხოეთშია, ჰგონია, ყველაფერი ისევ ძველებურადაა... სააკაშვილს ვგულისხმობ. ყველა ხედავს, რომ ყველანაირი ავტორიტეტი დაკარგა მთელ მსოფლიოში. ხელისუფლებამ კანონის ფარგლებში უნდა იხელმძღვანელოს, დადგა დრო, როდესაც ყველანაირი დაპირისპირება შეიძლება ხელის შემშლელი იყოს ქვეყნის განვითარებისთვის. ღმერთმა ნუ ქნას, რაღაც დაძაბულობა შექმნას დაპირისპირებულმა ძალამ.

დაუშვებელია ნიშნის მოგებისა და სიძულვილის ენით საუბარი. არმიასა და პოლიციასაც მოუწოდეს, დაპირისპირებოდნენ არჩევნების შედეგებს. თუ კიდევ გაბედავენ, კანონმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. სხვანაირად საქართველო ბევრ რაღაცას დაკარგავს.