გოგოლა კალანდაძის ოცნების საფეხურები - კვირის პალიტრა

გოგოლა კალანდაძის ოცნების საფეხურები

ჭორფლიანი, ხალისიანი და სიცოცხლით სავსე, კმაყოფილი და ემოციური, - ასეთია გოგოლა კალანდაძე, მსახიობი, რომელსაც ოცნება აუხდა, მაგრამ თვითონვე თქვა უარი ამ ოცნებაზე... ორი შვილის დედაა და ბედნიერი, მიუხედავად ყველაფრისა...

ბავშვობაში, ანუ მე პატარა გოგო ვარ

გარეგნულად საყვარელი, მაგრამ ბუნებით ცოტა რთული ხასიათის იყო. დიდები ასე ეუბნებოდნენ: ჯიუტი და მტირალა გოგო ხარო. პატარაობიდან უყვარდა მუსიკა, სამი წლის ასაკში დედას სთხოვა, მუსიკაზე მატარეო. ასაკის შესაბამისად, მიიყვანეს ისეთ მასწავლებელთან, ვინც ასწავლა სიმღერების შესრულება, თუმცა თავისებურ პატარა გოგონას არ აკმაყოფილებდა სიმღერები. უნდოდა, პატარა ხელებით უფრო ღრმასა და ფაქიზ მუსიკას შეხებოდა. მოისურვა ნოტების სწავლა და ასწავლეს კიდეც. შემდეგ მუსიკალურ ათწლედშიც შეიყვანეს, დადიოდა ფიგურულ სრიალზეც. 13 წელი ტკეპნიდა გზას საციგურაო მოედნისკენ, თუმცა ბოლოს არც ერთს გაჰყვა და არც მეორეს. იმის გამო, რომ მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ, გოგოლა ქალების გარემოცვაში იზრდებოდა. მისი აღზრდა-ჩამოყალიბება დედას, დეიდასა და ბებიას მოვალეობა იყო. განსაკუთრებით უყვარდა ბებია, რადგან მან გაზარდა, გოგოლას ქალად ჩამოყალიბებაში სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი. ბავშვობა ეძვირფასება, ახსოვს ძველი სახლი ქიაჩელზე, რომელიც დღესაც ისეთივეა, როგორიც წლების წინ. კუთხე ჰქონდა თავისი, სადაც ყველაზე დიდი ადგილი ოდრი ჰეპბერნს ეჭირა. მისი იდეალი იყო, სულ უნდოდა, ოდრისთვის მიებაძა, მისნაირი ყოფილიყო. როცა წამოიზარდა, ამსგავსებდნენ კიდეც ამ მსახიობს, რაც ძალიან უხაროდა და ეამაყებოდა. ეზოში ჩასვლა არ უყვარდა, მართალია, ეზოში ბევრი ბავშვი იყო, მაგრამ მათთან თამაში არ მოსწონდა, ბოლოს ყველაფერი გოგოლას ცრემლებით მთავრდებოდა და იმიტომ... სკოლაში აუცილებლად დედას უნდა წაეყვანა და წამოეყვანა, ასე იყო მეთერთმეტე კლასამდე. მერე, როცა თაყვანისმცემლები გაუჩნდა, ერიდებოდა, სკოლაში დედა რომ აკითხავდა. ამის გამო ცხრის ნახევარზე ხუთი გოგო მიდიოდა მასთან სახლში, რათა ერთად წასულიყვნენ სკოლაში - მოწესრიგებული ბავშვი იყო, ალბათ, ამ თვისების გამო ყველა პედაგოგს ძალიან უყვარდა. სკოლაში ასეთი ახსოვს თავისი თავი: თავაზიანი, მორიდებული და მტირალა. გაკვეთილი თუ არ იცოდა და გამოიძახებდნენ, ტირილს იწყებდა. თვითონაც ყველა მასწავლებელი უყვარდა. შატალოებზე მეთერმეტე კლასამდე არ დადიოდა, მაგრამ მერე უკვე გადაწყვიტა, რომ დიდია და თავს გაკვეთილის თვითნებურად გაცდენის უფლება მისცა.

რომ გავიზრდები, მე უნდა გამოვიდე...

პროფესიის არჩევანის წინაშე არასდროს დამდგარა, ყოველთვის იცოდა, რომ მსახიობი გამოვიდოდა. ალბათ, ეს დედის პროფესიამაც განაპირობა, - ის მსახიობი იყო და ხშირად დაჰყავდა თეატრში, რეპეტიციებზე. გადაწყვეტილება არასდროს უნანია... ბავშვობაში იკეტებოდა ოთახში და პრინცესას როლს სარკის წინ თამაშობდა. განსაკუთრებით უყვარდა კინოფილმი "რომაული არდადეგები" და ოცნებობდა, რომ ერთხელ თვითონაც გადაეღოთ ფილმში. ღიმილით იხსენებს მისაღებ გამოცდებს, რომლის წინადღეებშიც სიბრძნის კბილი ამოეწვერა. დაბრძენების რა გითხრათ, მაგრამ მთელი ყბა საშინლად სტკიოდა. გამოცდებამდე ორი დღით ადრე კბილი ამოუღეს და ღრძილი გაუკერეს. ყველა გაფრთხილებული იყო, ამ გოგონას ღრძილი აქვს გაკერილიო. როგორც ჩანს, ლექსის თქმისას როლში შეიჭრა და იგრძნო, როგორ გააღო ზომაზე მეტად პირი, როგორ აწყდა ძაფები, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, - ბოლომდე თქვა ლექსი და კარგი შეფასებაც დაიმსახურა. სექტემბერში ოჯახში გადაწყდა, რომ დამოუკიდებლად ევლო თეტრალურში. სახლიდან უნივერსიტეტამდე ფეხით მიდიოდა, ერიდებოდა დედასთან ერთად სიარულს და ქუჩის ერთ მხარეს თვითონ მიდიოდა, მეორე მხარეს კი დედა, ვითომ სულაც არ იცნობდნენ ერთმანეთს... დღეს ეცინება ამაზე და თვლის, რომ ბავშვი ასე არ უნდა გაზარდო. ცდილობს, თავის ქალიშვილს მეტი თავისუფლება მისცეს...

სამსახიობო გზა

არ უყვარდა კასტინგზე სიარული, რეჟისორს თავი რომ უნდა მოაწონო, ეს მომენტი აღიზიანებდა, ამიტომ სინჯებზე არ დადიოდა. პირველ კურსზე გიორგი მიქელაძემ დააძალა იქ მისვლა. ავთო ვარსიმაშვილი სერიალისთვის "სახლი ძველ უბანში" არჩევდა მსახიობებს. ოთახში ასეთი განწყობით შევიდა: "ვიცი, არ დამამტკიცებენ, მაგრამ მაინც მოვედი"... როგორც ჩანს, გაბრაზებული და გაბუტული გოგოლა რეჟისორს მოეწონა და აიყვანა კიდეც. ეს იყო პირველი როლი და პირველი ნაბიჯები სამსახიობო გზაზე. გოგონასთვის ფილმის გადაღება პროფესიული ზეიმი იყო - მუშაობა უწევდა ისეთ მსახიობებთან, როგორიც იყვნენ გურამ საღარაძე, მურმან ჯინორია, ედიშერ მაღალაშვილი. დღითი დღე გრძნობდა, როგორ ემატებოდა პროფესიონალიზმი. "სახლი ძველ უბანში" ეთერში გავიდა და მას მთელი თბილისი უყურებდა. შემდეგ იყო კიდევ ერთი ეკრანული როლი მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში "ნუცას სკოლა"... ეს ფილმი, ალბათ, ეპოქაა გოგოლა კალანდაძის სამსახიობო გზაზე. გადაღება სამი თვე მიდიოდა ახალქალაქში და შემდეგ თბილისშიც, ეს პერიოდი ზღაპარს ჰგავდა, მისი პარტნიორი იყო ზაზა პაპუაშვილი... ფილმში თამაშობდნენ სოფიკო ჭიაურელი, კახი კავსაძე.

რამდენიმე წლის წინ მისმა საყვარელმა რეჟისორმა, ბატონმა რობერტ სტურუამ დასში სინჯების შემდეგ აიყვანა. თითქმის ასრულდა ოცნება, ეთამაშა რუსთაველის თეატრის სცენაზე, თუმცა ამ ყველაფერზე მალე თვითონვე თქვა უარი. დღესაც არ იცის, რატომ... ალბათ, შეშინდა! ადგა და წამოვიდა, არც არავისთვის აუხსნია რამე, არც საკუთარი საქციელის შედეგზე უფიქრია... ყველა ეუბნებოდა, ამ ნაბიჯს ინანებო, ჯერ სინანული არ მოსულა... "ძილის წინ" იყო სერიალი, რომელიც ეთერში გასვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა, მაშინ თბილისში მისი პერსონაჟების ფრაზებით საუბრობდნენ, ყოველი გმირი ხალხისთვის საყვარელი იყო.

უბრალოდ, გოგოლა კალანდაძის ცხოვრება

ხალისიანი და ენერგიულია, უყვარს საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა. ცხოვრებაში ბევრი რამ გადახდა თავს, ადრეულ ასაკში გახდა დედა და შეეძინა ელენე... მისი აზრით, კარგია, თუ ხარ წარმატებული, თუმცა ოჯახსა და შვილებს არაფერი შეედრება. ბედნიერია, რომ ჰყავს ორი შვილი, ერთი სულ ახლახან შეეძინა. გრძნობს, რომ სიმშვიდე სჭირდება, ოჯახში გატარებული საღამოები, საყვარელი მეუღლისა და ბავშვების გარემოცვა... ბოლო დროს უსმენს კლასიკას და უყვარს ძველი ქართული სიმღერები, "ცისფერი ტრიო", "ორერა"... ცდილობს, მუდამ კარგ განწყობაზე იყოს, თუ რაიმე ამაში ხელს არ უწყობს, გარეთ გამოსული საზრუნავს სახლში ტოვებს და სხვებს საკუთარ პრობლემებს თავზე არასდროს ახვევს... უყვარს ზაფხული, ზღვაზე დასვენება და მზე... ბედნიერია...

ქეთი მიქანაძე

(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)

"ბომონდი",

სექტემბრის ნომერი