"ომის შემდეგ რუსეთში არც ფეხი ჩამიდგამს, არც ხელი და არც უკანალი" - ჩაატარა თუ არა ბუბა კიკაბიძემ კონცერტი სანკტ-პეტერბურგში? - კვირის პალიტრა

"ომის შემდეგ რუსეთში არც ფეხი ჩამიდგამს, არც ხელი და არც უკანალი" - ჩაატარა თუ არა ბუბა კიკაბიძემ კონცერტი სანკტ-პეტერბურგში?

საყოველთაოდ ცნობილია, რომ  ბუბა კიკაბიძემ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი შემდეგ ამ ქვეყანაში ჩასვლაზე უარი თქვა. ის მუდმივად აცხადებდა და აცხადებს, რომ  რუსეთში კონცერტს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებამდე აღარ გამართავს.

ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რასაც ჩვენში დიდი აჟიორტაჟი მოჰყვა. რუსული გამოცემის "Экспресс Газета" ინფორმაციით, თითქოს კიკაბიძე ფარულად ჩაფრინდა სანკტ-პეტერბურგში და შთამბეჭდავი ჰონორარის სანაცვლოდ კონცერტი ერთ-ერთ კლუბში გამართა. როგორც გაზეთი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, კიკაბიძეს რამდენჯერმე დაუკავშირდნენ და სთხოვეს კონცერტის გამართვა დახურულ ღონისძიებაზე კლუბ-რესტორან "Шаляпин"-ში, თუმცა მომღერალმა უარი განაცხადა, თუმცა როდესაც გაიგო ჰონარარი 40 000 ევრო იყო, ამის შემდეგ დათანხმდა, თან ამასთანავე კონცერტის ორგანიზატორებმა კიკაბიძიძეს თითქოს სრული კონფიდენციალობის გარანტია მისცეს.

სიტუაციაში გასარკვევად ბუბა კიკაბიძეს დავუკავშირდით:

- არა თქვენ გენაცვალეთ, რას მეუბნებით, თქვენგან მესმის ეს ყველაფერი პირველად, გთხოვთ აცნობეთ საზოგადოებას, რომ  ეს ბინძური ჭორია! სულ არ ვიცი "შალიაპინი" რა დაწესებულებაა, პირველად მესმის! 2008 წლის შემდეგ რუსეთში არ ვყოფილვარ! ვისაც ჩემი არ სჯერა, მისი საქმეა! საქართველოში ვარ ეს დღეები, დღეგამოშვებით დიალიზზე მიწევს ყოფნა და ამ წუთშიც საავადმყოფოდან გელაპარაკებით! არ მინდა დეტალებზე ვილაპარაკო, თუ როგორია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა... თუნდაც მაგის გამო ვერ წავიდოდი, ჩემს პრინციპულ გადაწყვეტილებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!

გუშინ ჩემზე გაავრცელეს ჭორი, დღეს პეტრეზე ან პავლეზე გაავრცელებენ, მერე კიდევ სხვადასხვა პოლიტიკოსებზე და ასე მოცოცავენ ჩვენს ქვეყანაში!  2008 წლის შემდეგ რუსეთში აღარ ჩავსულვარ. ომის შემდეგ ამ ქვეყნის არცერთ ქალაქში არ ვყოფილვარ, იქ არც ფეხი ჩამიდგამს, არც ხელი და არც უკანალი!

იხილეთ ასევე: "ვინ იფიქრებდა, რომ ამხელა "მახინა" დაიშლებოდა. რუსეთსაც იგივე ელის" - ინტერვიუ, რომელმაც რუსული პოლიტისტებლიშმენტი და მედია აღაშფოთა

(სპეციალურად საიტისთვის)