"ომეგა ჯგუფის" საწარმო კვლავ გააჩერეს - კვირის პალიტრა

"ომეგა ჯგუფის" საწარმო კვლავ გააჩერეს

"ომეგა ჯგუფის" საწარმო ისევ გააჩერეს და ამ გაჩერების მიზეზად კვლავაც რჩება "ომეგა ჯგუფისათვის" აქციზური მარკების არ მიცემა, - ამის შესახებ "ომეგა ჯგუფის" გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამთვიანი იძულებითი გაჩერების შემდეგ 26 ოქტომბერს კომპანია ოჯთ-მ დეკლარირებული გადასახადების დაფარვის მიზნით გადაიხადა 1 მილიონი ლარი. კომპანიამ იმავე დღეს გადაიხადა აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება და მიიღო შესაბამისი რაოდენობის აქციზური მარკებიც.

"კომპანიამ 2018 წლის 8 ნოემბერს, ანუ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადამდე ერთი კვირით ადრე, სრულად დაფარა ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდზე კუთვნილი მიმდინარე გადასახადი 550 000 ლარის ოდენობით. მიმდინარე წლის 12 ნოემბერს კომპანია "ოჯთ"-მ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განათავსა შეკვეთა, რომლითაც მოითხოვა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკები. აღნიშნული შეკვეთა შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა იმავე დღეს, 11:29 საათზე. მომდევნო დღეების განმავლობაში, ინტენსიურად ვუკავშირდებოდით როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუას, ისე გადამხდელთა სამსახურის დეპარტამენტის და შპს "სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას" (რომელიც შემოსავლების სამსახურის კონტრაქტორი კომპანიაა და ევალება აქციზური მარკების გაცემა) წარმომადგენლებს. ვითხოვდით, რომ დროულად მოეცათ ინვოისი, რათა მოგვცემოდა საშუალება, რომ გადაგვეხადა შეკვეთილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება, რის შემდეგაც მივიღებდით აქციზურ მარკებს. თუმცა შპს "სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას" წარმომადგენელი გვპასუხობდა, რომ ეს საკითხი მათ დამატებით უნდა შეეთანხმებინათ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებთან, ვინაიდან, როგორც ისინი აცხადებდნენ, შეიცვალა პროცედურა და საჭირო გახდა შემოსავლების სამსახურის დამატებითი დადასტურება. შეგახსენებთ, რომ ეს შეკვეთა შემოსავლების სამსახურს ერთხელ უკვე ჰქონდა დადასტურებული 12 ნოემბერს. ამგვარად, აბსოლუტურად გაუგებარია, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე იყო საჭირო ერთხელ უკვე დადასტურებული შეკვეთის ხელმეორედ დადასტურება შემოსავლების სამსახურის მიერ", - განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.

მისივე განცხადებით, 27 ნოემბერს, წერილობით მიმართეს შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მომსახურების დეპარტამენტს და ითხოვეს განემარტათ, თუ რატომ არ ეძლეოდათ მოთხოვნილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადასახდელი ინვოისი.

"იმავე შინაარსის წერილი 29 ნოემბერს გავუგზავნეთ შპს "სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას" და მათგანაც ვითხოვეთ აეხსნათ მიზეზი, რის გამოც არ გვეძლეოდა საშუალება, რომ მიგვეღო შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებული შეკვეთით გათვალისწინებული აქციზური მარკები. 30 ნოემბერს, შპს "სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია"-სგან მივიღეთ ელექტრონული შეტყობინება, რომლის თანახმად, "ომეგა ჯგუფის" შეკვეთას, რომელიც იყო დადასტურებული შეეცვალა სტატუსი და გახდა "გადაუხდელი - გაუქმებული". ჩვენს კომპანიას არ მიუღია აქციზური მარკები იმის გამო, რომ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა და შპს "სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიამ", გაურკვეველი მიზეზით, შპს "ოჯთ"-ს განზრახ არ მიაწოდეს ინვოისი შეკვეთილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების გადასახდელად. სწორედ ამას მოჰყვა "სიქფა სექურითი სოლუშენს ჯორჯია"-ს მიერ შეკვეთის გაუქმება", - განაცხადა "ომეგა ჯგუფის" გენერალურმა მენეჯერმა.

მისივე განმარტებით, 3 დეკემბერს, კომპანიამ კვლავ განათავსა ახალი შეკვეთა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტის აქციზურ მარკებზე.

"ამ ახალი შეკვეთის ამჟამინდელი სტატუსია "შეკვეთა შექმნილია". ამ ახალი შეკვეთის დადასტურება ან უარყოფა ჯერ არ მომხდარა. ეჭვგარეშეა, რომ შემოსავლების სამსახური და მისი კონტრაქტორი "სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია" მოქმედებენ შეთანხმებულად და მიზანმიმართულად, რათა "ომეგა ჯგუფს" არ მიეცეს საშუალება კანონით დადგენილი წესით შეიძინოს წარმოებისათვის საჭირო აქციზური მარკები. სწორედ ამგვარი არაკანონიერი ხელშეშლის შედეგია, რომ ომეგა ჯგუფის საწარმო დღესაც გაჩერებულია და ადამიანები, რომლებიც აქ იყვნენ დასაქმებულები, ისევ უმუშევრად არიან დარჩენილები. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიამ, 3 დეკემბერს, წერილობით კიდევ ერთხელ მიმართა ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ იქნას აღმოფხვრილი "ომეგა ჯგუფის" წინააღმდეგ მიმდინარე უკანონო ქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ომეგა ჯგუფი" იტოვებს უფლებას გამოიყენოს ყველა შესაძლო სამართლებრივი საშუალება, რათა მოითხოვოს კანონის დამრღვევი ყველა პირის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება და ჩვენი კომპანიისათვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება. ყველა ზემოაღნიშნული მიმოწერის ასლი გაგზავნილია ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძესთან", - განაცხადა "ომეგა ჯგუფის" გენერალურმა მენეჯერმა.

"ინტერპრესნიუსი"