"გოგო, რო­მე­ლიც სა­ჭეს­თან იჯდა, გად­მომხტა­რა და ყვი­რო­და, მა­მა­ჩემს და­უ­რე­კეთ, მიშ­ვე­ლი­სო" - ახალი დეტალები საზარელ ავარიაზე, რომელსაც წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"გოგო, რო­მე­ლიც სა­ჭეს­თან იჯდა, გად­მომხტა­რა და ყვი­რო­და, მა­მა­ჩემს და­უ­რე­კეთ, მიშ­ვე­ლი­სო" - ახალი დეტალები საზარელ ავარიაზე, რომელსაც წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა

თბილისი და მთელი საქართველო შეძრა რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ტრაგედიამ - 27 ნოემბრის საღამოს 3 შვილის მამამ, გოგა ჯულუხიძემ, შვილები: 10 წლის ლიზი, 6 წლის რეზი და წლინახევრის ტასო, ლისის ტბასთან სასეირნოდ წაიყვანა. რამდენიმე წუთის მისულები იყვნენ, როცა იმ ადგილას, სადაც ავტომანქანები არ მოძრაობენ და ყველაზე დაცულად ითვლება, "მერსედესის" მარკის ჯიპი შევარდა და პატარა ტასო ჰაერში აისროლა. ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, მანქანას არასრულწლოვანი გოგონა მართავდა. გვერდით კი ახალგაზრდა მამაკაცი ეჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ედება, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

არსებული ინფორმაციით, 17 წლის მძღოლი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცუდად გახდა, რის გამოც ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტრაგედიის შესახებ, ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრეს ჯულუხიძეების ოჯახის ახლობლებმა და ავარიის შესახებ ახალი დეტალებიც გააჟღერეს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

მარიტა დამენია, ოჯახის ნათესავი:

"ტასოს მშობლებს ჯერ სახელიც კი არ უკითხავთ იმ გოგოსი, ვინც ბავშვს დაეჯახა. ერთი, რაც გავიგეთ, ის არის, რომ ციხის საავადმყოფოში ჰყავდათ. ოჯახს ჯერ სამართალდამცავებიც არ აწვდიან ინფორმაციას. ასეთ დროს ალბათ ასე ხდება - არ ეუბნებიან, ვინ ჩაიდინა ეს. როგორც ვიცით, ეს გოგო არის 17 წლის და მანქანაში შეყვარებულთან ერთად იჯდა.

ჯულუხიძეების ოჯახი

- ბიჭი მანქანის მართვას ასწავლიდაო, ითქვა...

- დიახ, მაგრამ თავად ბიჭს ჰქონდა თუ არა მართვის მოწმობა, ჯერ არ ვიცით. სავარაუდოდ, ისიც ასევე პატარაა ასაკით და მანაც არ იცოდა მართვა წესიერად. მანქანა ახალი ჩამოყვანილია საქართველოში, რადგან ჯერ კიდევ ტრანზიტულნომრიანი იყო. გადაუფორმებელი მანქანით ავიდნენ ლისის ტბაზე, როგორც ჩანს, სეირნობდნენ. სავარაუდოდ, ამ გოგონამ საერთოდ არ იცოდა მართვა და გაზისა და მუხრუჭის სატერფულები აერია.

იმ ადგილას, სადაც ტრაგედია მოხდა, წარმოუდგენელია, რომ ავტომანქანა მოხვედრილიყო, შლაგბაუმითაა გადაკეტილი და მის იქით ფეხით მოსიარულეთა ადგილია. ვინც ეს ამბავი ნახა, ამბობენ, რომ ორ ხეს შუა გაიარეს. ჩვეულებრივად რომ მართავდე მანქანას, თურმე იმ ორ ხეს შორის მაინც ვერ გაივლი. რაღაც რკინის ნიშნულიც ყოფილა, რომელიც გადატეხეს, გადაიარეს ამ ყველაფერზე და ბავშვს შეასკდნენ.

უფროსი გოგონა, ჩემი ნათლული, ლიზიკო, გორგოლაჭებზე მდგარა. სამივე ბავშვი ერთად იყო, მამა - ოდნავ უკან, მანქანა გააჩერა, ბავშვები გადაუშვა შლაგბაუმის იქით და თვითონაც იქ უნდა მისულიყო. ბავშვები იდგნენ და ელოდებოდნენ. ის მანქანა სხვა მხრიდან გამოვარდა. ბიჭს, რეზიკოს, გადახტომა მოუსწრია. ლიზიკოს უცდია, პატარა ხელში აეყვანა, მაგრამ გასხლტომია ხელიდან. რადგან გორგოლაჭები ეცვა, თავი ვეღარ შეიმაგრა და წაიქცა... გაგრძელება