რა წერია "თავდაცვისა და უსაფრთხოების" სასკოლო სახელმძღვანელოს პროექტში აგვისტოს ომზე? - კვირის პალიტრა

რა წერია "თავდაცვისა და უსაფრთხოების" სასკოლო სახელმძღვანელოს პროექტში აგვისტოს ომზე?

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი განმარტავს თუ რა წერია "თავდაცვისა და უსაფრთხოების" სასკოლო სახელმძღვანელოს პროექტში 2008 წლის აგვისტოს ომზე

როგორც "ინტერპრესნიუსს" გელაშვილმა განუცხადა, სახელმძღვანელოს პროექტში პირდაპირ წერია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოხდა სამხედრო აგრესია, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. მისივე თქმით, სახელმძღვანელოს პროექტში ომი განმარტებულია როგორც სამხედრო საფრთხე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ომმა. მასში ასახული ინფორმაცია ეყრდნობა ოფიციალურ დოკუმენტებს - საფრთხეების შეფასების დოკუმენტს და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას. როგორც გელაშვილი განმარტავს, პოლიტიკური თვალსაზრისით ბავშვებთან საუბარი აზრს იქნება მოკლებული.

"2008 წლის აგვისტოს ომი სახელმძღვანელოს პროექტში ნახსენებია ისე, როგორც ერთ-ერთი სამხედრო საფრთხე. სახელმძღვანელოში ჩამოთვლილია საფრთხეები, როგორიც არის სამხედრო საფრთხეები, ბუნებრივი საფრთხეები და ა.შ. ანუ საფრთხეები, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში და ამ საფრთხის წინაშე დადგნენ ჩვენი მოქალაქეები. ქვეყანაში მოქმედებს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, სადაც ეს საფრთხეები არის განმარტებული დეტალურად. სახელმძღვანელოს პროექტში, საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სწორედ აღნიშნულ ოფიციალურ წყაროებს ეფუძნება. ამ სამხედრო საფრთხეებიდან ერთ-ერთ ვარიანტად არის მოყვანილი 2008 წლის ომი. ანალოგიურად არის ნახსენები ყარაბაღის ომი, სირიის კონფლიქტი, ანუ სახელმძღვანელოში საუბარია არა კონკრეტულ სუბიექტებზე, ვინ მართალია და ვინ მტყუანი, არამედ საუბარია იმაზე, რომ სამხედრო საფრთხე არის ომი და არის მოყვანილი ამის კონკრეტული მაგალითები. რა თქმა უნდა, 2008 წლის ომს სხვა კონფლიქტებთან შედარებით მეტი დრო აქვს დათმობილი. სახელმძღვანელოს პროექტში პირდაპირ წერია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოხდა სამხედრო აგრესია, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. პოლიტიკურ ჭრილში გადატანილი კითხვების თემატიკას ეს სახელმძღვანელო არ ეხება. სახელმძღვანელოში ეს თემა არის გაშლილი იმ კუთხით, რომ ახალგაზრდას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ომმა. ამაზე უფრო ღიად, პოლიტიკური თვალსაზრისით ბავშვებთან საუბარი აზრს იქნება მოკლებული", - განაცხადა გელაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმძღვანელოში ასევე ცალკე თავი აქვს დათმობილი თავდაცვის სისტემებს, თავდაცვის სამინისტროს შესაძლებლებებს, ჩვენს მისიებზე, წვრთნებზე, სამოქალაქო თავდაცვაზე, თვითგადარჩენასა და ა.შ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სახელმძღვანელო არის 240-გვერდიანი, ხოლო სამხედრო საფრთხეებს დათმობილი აქვს 3-4 გვერდი.

"ინტერპრესნიუსი"

"ეს არის საქვეყნო საქმე, კარგი საქმე, ორიენტირებულია ახალგაზრდების ინფორმირებაზე. თუმცა, შემოატრიალეს ისეთ კონტექსტში, რაც გულდასაწყვეტია. ექსპერტები აფასებდნენ სახელმძღვანელოს, რომელიც თვალით არ უნახავთ. მსგავსი ტიპის საგანი დღესაც ისწავლება სკოლაში. საკითხი იმგვარად დგას, რომ წიგნი, რომელიც იყო დაწერილი და რომლითაც ხორციელდება სწავლება, არის მოძველებული და დღევანდელ რეალობას აღარ ასახავს. თან ეს წიგნი ისწავლება მე-12 კლასში. ეს ის პერიოდია, როდესაც მოსწავლეები არიან აბიტურიენტები და უფრო სხვა საგნებზე არიან ორიენტირებულები. ჩვენი ინტერესი იყო რამდენიმე: რაც შეიძლება მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ შეიარაღებულ ძალებზე და თავდაცვის სისტემებზე ახალგაზრდებს, რათა კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდეს თავდაცვის სფერო ახალგაზრდებში, ამაღლდეს მათი ცნობიერება და პატრიოტული სულისკვეთება. ჩვენი მოსაზრებაა, რომ აღნიშნული საგნის გავლა მე-12 კლასის ნაცვლად მოხდეს მე-10 კლასში, როდესაც უფრო ბევრი დრო აქვთ სხვა საგნების შესასწავლად, ვიდრე აბიტურიენტობის დროს. ჩვენ ვახორციელებთ პროექტს "ჩვენი ჯარი", რომლის ფარგლებშიც სკოლაში არის მოსწავლეებთან ჯარისკაცების ერთსაათიანი შეხვედრები და ვუხსნით თუ რას წარმოადგენს შეიარაღებული ძალები, რა მისიები აქვს და ა.შ. წინა ეტაპზე ამ პროექტის ფარგლებში 15 000 მოსწავლეს შევხვდით. ყველაფრის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ინტერესია ახალგაზრდებში ასეთი საკითხების მიმართ. განათლების სამინისტროსთან ერთად მივედით იქამდე, რომ აღნიშნული საგანი საპილოტე დონეზე გვეცადა. საგანს სჭირდება გარკვეული წყაროები, რითაც სახელმძღვანელო უნდა ისწავლებოდეს. ჩვენი დოქტრინების ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, შეიკრიბა და დაიწყო ელექტრონულ წყაროს შემუშავებაზე მუშაობა. გაკეთდა დრაფტი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. დრაფტის გაკეთების შემდეგ, შევეცადეთ, რომ ახალგაზრდებისთვის საინტერესო ფორმა მიგვეცა ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციების. სწორედ ამიტომ, ავიყვანეთ განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტი, რომელიც ჩვენთან ერთად ახლაც მუშაობს საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებაზე", - განაცხადა გელაშვილმა.