"მშვიდობით, ძმაო ნიკუშ, მიყვარხარ" - ბექა გოჩიაშვილის ემოციური პოსტი, რომელიც მან ნიკა რურუას მიუძღვნა - კვირის პალიტრა

"მშვიდობით, ძმაო ნიკუშ, მიყვარხარ" - ბექა გოჩიაშვილის ემოციური პოსტი, რომელიც მან ნიკა რურუას მიუძღვნა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. ნიკა რურუა 50 წლის იყო. იგი პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი და კულტურის მინისტრი გახლდათ. ამ თანამდებობას ის 2009 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა. პოლიტიკოსი დღეს ვერის სასაფალაოზე დაკრძალეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა რურუას გარდაცვალებას "ფეისბუქზე"  ემოციური პოსტითა და წლების წინ ერთად გადაღებული ფოტოთი გამოეხმაურა ჯაზ-პიანისტი ბექა გოჩიაშვილი.

როგორც ყველასათვის ცნობილია, ნიკა რურუამ აღმოაჩინა ახლაგაზრდა ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი, რომელიც 2008 წლიდან  აშშ-ში ჯულიარდის აკადემიაში არსებულ ART-school-ში  სწორედ მისი მხარდაჭერითა და  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ხელშეწყობით ჩაირიცხა.  ჯაზმენისა და პოლიტიკოსის მეგობრობა წლებს ითვლიდა. ნიკა ბექას ქორწილში მეჯვარე იყო.

"ბექუშამ და ანამ ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლში, რასაც მთელი გულით გულოცავ ამ ახალ ქართულ-ჯაზურ ოჯახს!!!", - ასე მიულოცა მაშინ  საჯაროდ ნიკა რურუამ ახალდაქორწინებულ წყვილს გაბედნიერება სოციალური ქსელიდან.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ნიკა რურუას გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. რურუა გარდაცვლილი საკუთარ სახლში, დედამ იპოვა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.